კომენტარისამართალი

მამუკა ახვლედიანი: მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტებს ნინო გვენეტაძე იბარებდა

23 თებერვალი, 2016 • 2386
მამუკა ახვლედიანი: მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტებს ნინო გვენეტაძე იბარებდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მოსამართლე მამუკა ახვლედიანმა 22 თებერვალს არასამთავრობოებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ავტორებს მოსამართლეობის კანდიდატთა საგამოცდო კაზუსები და  ტეტსები უშულოდ ნინო გვენეტაძესთან მიჰქონდათ:

“სასამართლოს სისტემაში ყველამ იცის, რომ ამ საკითხებზე ტესტებს, მე არ ვიცი, რა საფუძვლით და როგორ, იბარებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მისი მეშვეობით გადაეცემოდა საბჭოს. რა მოკვლევა აწარმოა საბჭოს მდივანმა, და ამის შემდგომ განცხადება გაკეთდა, რომ საბჭოს არც ერთი წევრი ამ საკითხში ჩართული არ არის. გამოკითხა საბჭოს წევრები თუ როგორ დაადგინა, რომ აქ საბჭოს წევრები არ არიან ჩართული. როცა საკითხი შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გამოკითხა ის?”– აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

გარდა ამისა, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა ისიც, რომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე კომპიუტერებში ჩართული იყო ინტერნეტი და კანდიდატებს შეეძლოთ საკანონმდებლო მაცნეს გამოყენება, რაც კანონით აკრძალულია. მისივე თქმით, ზოგიერთი კანდიდატი ამის გამო გამოცდიდან გააძევეს კიდეც.

“იქნებ პირდაპირ მიწერ-მოწერაც კი ჰქონდა ვინმესთან, ფლეშკის გამოყენებით გადაწერა ეს ყველაფერი,”– აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ დუმდა საბჭო აქამდე, ახვლედიანი აცხადებს, რომ ისინი ან ერთად მოქმედებენ, ან ერთმანეთს აშანტაჟებენ:

“როცა რაღაც ნაწილი გადაცდომას ჩადის და მეორე ნაწილი ამაზე დუმს დიდი ხნის განმავლობაში, აქ ან ორივე ერთად მოქმედებს, ან ერთი ნაწილი მეორე ნაწილს აშანტაჟებს მისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამო. მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ – ვის,”– განაცხადა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანმა პირველად 2 თებერვალს განაცხადა, რომ 2015 წლის ნოემბერში ჩატარებულ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე კანდიდატმა წინასწარ იცოდა ტესტის შინაარსი. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბჭოში პირადად აწარმოებდა შიდა მოკვლევას. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, 8 თებერვალს მურუსიძემ განაცხადა, რომ საბჭოს არც ერთ წევრს არ ჰქონია შეხება ტესტებთან. 19 თებერვალს კი საბჭომ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მართლაც გამჟღავნდა ტესტები და საქმე პროკურატურას გადასცა.

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ 3 თებერვალს ნინო გვენეტაძემ იუსტიციის საბჭოს მდივანს ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დადგენილებით მიმართა. ნინო გვენეტაძემ მიიჩნია, რომ 29 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებში დისციპლინური გადაცდომის ნიშნები იკვეთებოდა.

22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი გადააყენა. საბჭოს განცხადებით, ეს ეხებოდა არა მიმდინარე დისციპლინარულ დევნას, არამედ  სასამართლოში საქმის განაწილების საკითხზე მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, საბჭო აცხადებს, რომ ახვლედიანმა გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და შეითავსა საბჭოს კომპეტენცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი