სამართალი

მურუსიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ტესტებთან და კაზუსებთან შეხება არ ჰქონიათ

8 თებერვალი, 2016 • 1886
მურუსიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ტესტებთან და კაზუსებთან შეხება არ ჰქონიათ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე “სრული პასუხისმგებლობით” აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო ტესტებსა და კაზუსებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ წევრს შეხება არ ჰქონია.

2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანიდატმა წინასწარ იცოდა ტესტების პასუხები. ამ საკითხზე მურუსიძემ განაცხადა, რომ მოკვლევას თავად აწარმოებს.

დღეს კი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირაში ეს მოკვლევა დასრულდება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შედეგებს გააცნობს. თუმცა მურუსიძე არ აკონკრეტებს, თუ როდის გახდება საჯარო ეს შედეგები.

“იუსტიციის უმაღესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრებს გამოცდის ტესტებთან და კაზუსებთან შეხება არ ჰქონიათ. არც ისე არის საქმე, რომ ერთ პირს ჰქონოდა შეხება ამასთან. არის რამდენიმე პირი, პირთა წრე, რომელთაც ჰქონდათ ამასთან შეხება, მაგრამ ეს შემდგომი თემაა, რომელიც კიდევ უნდა იქნეს გამოძიებული. აჟიოტაჟს  რომ დავანებოთ თავი, ერთადერთი, რაც შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ვინაიდან არ მინდა, რომ მახინჯი ფორმები მიიღოს, არის ის, რომ იუსტიციის საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტესტებთან, კაზუსებთან შეხება არ ჰქონიათ,”– აცხადებს მურუსიძე.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ჩართულნი არიან თუ არა მოკვლევაში საბჭოს სხვა წევრები, მურუსიძე ამბობს, რომ თავად ატარებს მოკვლევას, თუმცა საბჭოს წევრებს ვითარებას დროდადრო აცნობს

“მე ვფიქრობ, რომ ამ მოკვლევას დავასრულებ მომავალ კვირაში. შემდგომ მოხდება ამ მოკვლევის გატანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგანაც ის კოლეგიური ორგანოა, გადაწყვეტს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ ჩათვლიან იმას, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები, ან აქ არის გარკვეული თემა, რომელიც საჭიროებს გამოძიებას, ალბათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავინ არ აპირებს არაფრის დამალვას,”– აცხადებს მურუსიძე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი