სამართალი

სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს

24 მარტი, 2011 • • 1259
სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 24 მარტს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, შეისწავლოს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული პრობლემები და მოახდინოს მათზე ადეკვატური რეაგირება.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,  ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა ომბუდსმენს კოლექტიური განცხადებებით მიმართეს. განცხადებებში ისინი მიუთითებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ირღვევა მათი უფლებები. კერძოდ, გართულებულია ექიმთან შეხვედრის პროცედურა. დაწესებულებაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პატიმარმა განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, ხოლო შემდეგ დაელოდოს გადაწყვეტილებას. ამასთან, ისინი არც სათანადო მედიკამენტებით არიან უზრუნველყოფილნი. 

ომბუდსმენის რეკომენდაციის მიხედვით, პატიმრები აღნიშნავენ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება, პატიმრობის კოდექსით დადგენილი  რეგულარობით  (კვირაში ორჯერ) მიიღონ შხაპი. წყალი საკნებში კი გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდებათ. 

გარდა ამისა, პატიმრებს მხოლოდ ხანმოკლე -30 წუთიანი პაემნებით სარგებლობის უფლებას აძლევენ, პატიმრობის კოდექსის მიხედვით კი, ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა 1-იდან 2 საათამდეა.  ომბუდსმენის რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრები ნაცვლად ერთი საათისა, ყოველ დღე სუფთა ჰაერზე მხოლოდ 15 წუთით გაყავთ, რა დროსაც ზედამხედველები მათ უხეშად და დამამცირებლად ექცევიან. 

პატიმართა თქმით, მათ არაერთხელ სცადეს, აღნიშნული პრობლემების შესახებ წერილობით მიემართათ სახალხო დამცველისთვის, თუმცა დაწესებულებიდან განცხადებები არ იგზავნება. ასევე, დაწესებულების ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ტელევიზორების დაშვების თაობაზე. 

გიორგი ტუღუში წერს, რომ სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია ასახული ზოგიერთი ზემოაღნიშნული პრობლემა. მაგალითად, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა და ადეკვატურობა, სუფთა ჰაერზე გასვლის, ოჯახის მონახულების შესაძლებლობის არასათანადო უზრუნველყოფა, ტელევიზორების უქონლობა და ა.შ. ომბუდსმენის აზრით, უკანასკნელი საკითხის მოგვარება განსაკუთრებით აქტუალურია დახურული ტიპის დაწესებულებებში, როდესაც პატიმრები დღე-ღამეში 23 საათს საკანში ატარებენ და არ არიან დაკავებული არანაირი საქმიანობით. 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისათვის გაგზავნილ რეკომენდაციაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ციხის ევროპული წესების თანახმად, ,,ღონისძიებები უნდა გატარდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კვალიფიცირებული მედიცინის მუშაკი მუდმივად იყოს დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში.“ 
ასევე, პატიმრობის კოდექსის 23–ე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, ასევე ევროპული ციხის წესების თანახმად, ,,პატიმრებისათვის სუფთა სასმელი წყალი უნდა იყოს ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი”. 

ამავე რეკომენდაციაში წერია, რომ ციხის ევროპული წესების მიხედვით, ,,ადეკვატური შესაძლებლობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, რათა ყოველმა პატიმარმა შეძლოს შხაპით ან აბაზანით სარგებლობა კლიმატისადმი შესატყვისი ტემპერატურის პირობებში, თუ ეს შესაძლებელია ყოველდღიურად, ან სულ მცირე– კვირაში ორჯერ მაინც (თუ საჭიროა უფრო ხშირადაც), ზოგადი ჰიგიენის ინტერესებიდან გამომდინარე”. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ციხის ევროპული წესების თანახმად, ,,პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რეგულარულად შეიტყონ საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ და ამისათვის გამოიწერონ და იკითხონ გაზეთები, პერიოდული გამოცემები და სხვა პუბლიკაციები, მოუსმინონ რადიოს ან სატელევიზიო გადაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული აკრძალვაა დაწესებული სასამართლო ხელისუფლების მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინდივიდუალურ შემთხვევაში“. 

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, CPT-მ 2010 წლის 5–15 თებერვლის ვიზიტისას საქართველოს მთავრობისადმი ანგარიშში აღნიშნა, რომ გლდანის #8 საპყრობილეში პატიმრებს არ აქვთ ტელევიზორები და აღნიშნულის გამოსასწორებლად რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას #8 საპყრობილეში ტელევიზორების დაშვების თაობაზე. „

ნეტგაზეთი საკითხის გასარკვევად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. თუმცა ინფორმაციის ტელეფონით გაცემაზე მათ უარი გვითხრეს და კითხვების ელ. ფოსტით გაგზავნა გვირჩიეს. სამინისტროსგან მიღებულ პასუხს ნეტგაზეთის მკითხველი დაუყოვნებლივ შეიტყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი