ნეტგაზეთი | მურუსიძე კოალიციის სარჩელზე: წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის ეს კანონი არაკონსტიტუციური მურუსიძე კოალიციის სარჩელზე: წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის ეს კანონი არაკონსტიტუციური – Netgazeti
RU | GE  

მურუსიძე კოალიციის სარჩელზე: წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის ეს კანონი არაკონსტიტუციური

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევაბ მურუსიძე ეხმაურება კოალიციის საკონსტიტუციო სარჩელს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ და აცხადებს, რომ არსებულ კანონში არაკონსტიტუციური არაფერია.

“კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკონსტიტუციო სარჩელი 5 თებერვალს შეიტანა. ისინი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შუამდგომლობით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვენ გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩრებასაც.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესაძლო შეჩერებას სასამართლოს საბოტაჟად აფასებს.

“პარლამენტი რა კანონსაც მიიღებს, ზუსტად იმ კანონით ვიმოქმედებთ, მაგრამ ამ გადატვირთულ პირობებში, როდესაც საქმეები ისედაც ბევრი აქვთ მოსამართლეებს, ფაქტობრივად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღარ დანიშნოს მოსამართლეები, ეს ხომ არის სასამართლოს საბოტაჟი,”– განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მურუსიძე ასევე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებს:

საბჭო კანონს ხომ არ არღვევს? თუ კანონი არ მოგწონს, ეს საბჭოს პრობლემა არის? აქედან გამომდინარე, რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონით ვიმოქმედებთ. მაგრამ ეს კანონი რომ არაკონსტიტუციურია, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის არაკონსტიტუციური. დანარჩენი ვნახოთ, რას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. თუ მიიღებს იმას, რომ არ დავნიშნოთ მოსამართლეები, ათეულობით მოსამართლეს ვადები გასდით, არ დაინიშნება და აღარ იქნება, მოხდება საბოტაჟი სასამართლოსი და აიღონ პასუხისმგებლობა შემდგომ არასამთავრობოებმა. ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ყოველთვის ეფუძნება კანონს, ვიღებთ კანონიერ გადაწყვეტილებას და აქედან გამომდინარე, ველოდებით, საკონსტიტუციო თუ შეგვიჩერებს, შეჩერდება, რას ვიზამთ,”– ამბობს მურუსიძე.

კოალიციის განცხადებით კი, სწორედ მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილებას, მოსამართლეთა დანიშვნა ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განახორციელოს; ასევე, საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის (ან დანიშვნაზე უარის) შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება, გადაწყვეტილების ფარულობა კი გამორიცხავს მისი დასაბუთების შესაძლებლობას.

“დღეს საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე  კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას, არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესების გზით,”– აცხადებს კოალიცია.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი