სამართალი

კოალიცია მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

8 თებერვალი, 2016 • 1496
კოალიცია მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” საკონსტიტუციო სასამართლოში 5 თებერვალს შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელით მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი კოალიცია შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვს გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩრებას. ამ შუამდგომლობას კოალიცია ასაბუთებს იმით, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული გამოუსწორებელი შედეგი – ვაკანტური ადგილების არაკონსტიტუციური გზით შევსება, რაც შემდგომში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, აზრს დაუკარგავს მოსარჩელეების მოთხოვნას და ინტერესს, რამდენადაც აღარ იარსებებს ვაკანტური ადგილები.

კოალიციის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოსამართლეთა დანიშვნა ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განახორციელოს; საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის (ან დანიშვნაზე უარის) შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება; გადაწყვეტილების ფარულობა კი გამორიცხავს მისი დასაბუთების შესაძლებლობას.

“ამდენად, მოსამართლეთა კონკურსში მონაწილე სუბიექტებს არ აქვთ შესაძლებლობა, საბჭოს მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში (დისკრიმინაცია, პროცედურული დარღვევები და ა.შ), სასამართლო წესით დაიცვან საკუთარი ინტერესები. კოალიციის მოსაზრებით, დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმების არარსებობა არაკონსტიტუციურს ხდის მთლიანად მოსამართლეთა დანიშვნის მოქმედ ინსტიტუტს და წარმოშობს გასაჩივრებული ნორმების წინააღმდეგობას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით (სასამართლოსთვის მიმართვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება),”– აღნიშნავს კოალიცია.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ კომპეტენციას წარმოადგენს, ეს არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის გავრცელების შესაძლებლობას, ასევე, კანდიდატების მიერ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არსებობა ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს.

გარდა საკონსტიტუციო სარჩელისა, კოალიციამ დღეს, 8 თებერვალს პეტიციით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მათგან მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ “უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი