სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურების გარეშე განხილვის უზრუნველყოფის საკითხს.
ომბუდსმენის განცხადებით, როგორც შესწავლილი საქმეები ადასტურებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა ვადების დარღვევით მიმდინარეობს.
ომბუდსმენი აცხადებს, სასამართლო სისტემაში საქმის განხილვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის სისტემური პრობლემის არსებობას ასევე ადასტურებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის დისციპლინური საქმეების ანგარიში, რომლის მიხედვით, საქმის განხილვის გაჭიანურების ვადები ერთი თვიდან სამ წლამდე მერყეობს და მეტწილად გამოწვეულია მოსამართლეთა სიმცირით.
“სასამართლოებში არსებული პრაქტიკა საქმის ვადების დარღვევით განხილვასთან დაკავშირებით შესაბამისი პირების სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას წარმოადგენს,”– აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მოითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხი შეისწავლოს. ასევე, შემჭიდროებულ ვადებში გაატაროს ქმედითი ღონისძიებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების საკმარისი რაოდენობის განსაზღვრისა და თანამდებობაზე დანიშვნის კუთხით.