სამართალი

Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში საქართველოზე

25 იანვარი, 2011 • • 1153
Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში საქართველოზე

ადამიანების უფლებების დაცვითმა ორგანიზაცია Human Rights Watch(HRW)-მა 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მოხსენება ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს 90 ქვეყანას შეეხო. 668– გვერდიან მოხსენებაში საქართველოს 5 გვერდი დაეთმო

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, ადამიანების უფლებების სფეროში საქართველოში ხარვეზები 2010 წელსაც იყო. ხელისუფლებამ დევნილები გამოასახლა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საერთო საცხოვრებლებიდან. ხშირ შემთხვევაში, დევნილები თავშესაფრისა და ადეკვატური საცხოვრბელი პირობების გარეშე დარჩნენ.

მოხსენებაში, ასევე, წერია, რომ 2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ  ჯერ კიდევ ეფექტურად ვერ გამოიძია ომის დროს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობისა და ჰუმანიტარული წესების დარღვევის ფაქტები. ასევე, ხელისუფლება აქტივისტებს არ აძლევდა თავისუფლად შეკრების უფლებას. გარდა ამისა, თავს ესხმოდა ჟურნალისტებსა და ოპოზიციურ გაზეთებს.

Human Rights Watch-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა დამკვირვებლებმა გარკვეული დარღვევები მაინც აღმოაჩინეს.

იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლება

მოხსენებაში წერია, რომ საერთო საცხოვრებლებიდან დევნილების გამოსახლება 2010 წლის ივნისში დაიწყო და ხელისუფლებამ ამის შესახებ იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ 5 დღით ადრე გააფრთილა, უმეტეს შემთვევაში კი ისინი ინფორმაციას გამოსახლების შესახებ რამდენიმე საათით ადრე იღებდნენ. ანგარიიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ დევნილთა ნაწილს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი რეგიონებში შესთავაზეს, მაგრამ უმრავლესობამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, შესაბამისი საცხოვრებელი პირობებისა და დასაქმების შანსის უქონლობის გამო.

შეკრების თავისუფლება და პოლიცია

Human Rights Watch -ის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს. მოხსენების მიხედვით, საპატრულო პოლიციამ  2010 წლის 14 აგვისტოს დააკავა სამი აქტივისტი და მწერალი- შოთა დიღმელაშვილი, ირაკლი კაკაბაძე და ალექსი ჩიღვინაძე. ისინი ბუშის ქუჩისთვის მშვიდობიანი გზებით სახელის გადარქმევას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქტივისტები დააკავა და ისინი წინააღმდეგობის გაწევისთვის 400-400 ლარით დააჯარიმა.

მოხსენებაში მოხვდა 2009 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ფაქტიც. მაშინ პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა აქტივისტები– დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია და ჯაბა ჯიშკარიანი. ისინი ხელისუფლების პოლიტიკას პარლამენტის შენობასთან აპროტესტებდნენ. აქტივისტები 500-500 ლარით დააჯარიმეს.

Human Rights Watch-ის თქმით,  სასამართლომ არ გაითვალისწინა ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, სადაც აქტივისტთა მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დასტურდებოდა.

ანგარიშში, ასევე, საუბარია 2009 წლის 19 აგვისტოს დაკავებული 2 ოპოზიციონერი აქტივისტის შესახებ, რომლებიც ასევე პარლამენტის წინ, დევნილთა მხარდამჭერ აქციაზე, დააკავეს.

ორგანიზაციის მოხსენებაში საუბარია იმაზეც, რომ პოლიციამ ჯეროვნად ვერ გამოიძია 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი ფაქტები, რა დროსაც 500-მდე ადამიანი დაშავდა. ამ დღეს  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პოლიციის ძალებმა  მშვიდობიანი მომიტინგეების დაარბიეს. ასევე, არაეფექტური იყო გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინცინდენტი. მაშინ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ კი 17-მდე დემონსტრანტი დაშავდა.

Human Rights Watch-ის ანგარიშში საუბარია 2006 წელს თბილისის მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ბუნტის შესახებაც, რა დროსაც 7 პატიმარი დაიღუპა. ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ ეს ფაქტი სრულყოფილად ვერ გამოიძია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

Human Rights Watch-მა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები “საერთაშორისო სტანდარტების“ შესაბამისად მიიჩნია, თუმცა ისინი საუბრობენ არჩევნების პროცესში არსებულ დარღვევებზე. მაგალითად, როგორებიცაა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნაციონალური მოძრაობის მიერ, ასევე, არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევების მიჩქმალვა და ა.შ.

 ომი და ომის დრო მომხდარი ფაქტების გამოძიება

HRW-ს მიაჩნია, რომ 2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ  ჯერ კიდევ ეფექტურად ვერ გამოიძია ომის დროს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობისა და ჰუმანიტარული წესების დარღვევის ფაქტები.

კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ომის დროს ისეთი იარაღი გამოიყენა, რისი გამოყენებაც საერთაშორისო კანონმდებლობით დაუშვებელია.  

მედიის თავისუფლება

HRW-ს მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიის თავისუფლებას საქართველოში. ანგარიშის მიხედვით, ქართულ მედიაში (ბეჭდვური გამოცემების გამოკლებით) ჯერ კიდევ არაჯანსაღი სიტუაციაა. კონკრეტულად კი, გაურკვეველია პროსახელისულფებო ნაციონალური მაუწყებლების – “რუსთავი 2”-სა და “იმედის” მფლობელთა საკითხი.  ბიუჯეტიდან დაფინასებული საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ჯერ კიდევ ხელისუფლების გავლენის ქვეშ რჩება.

ანგრიშში ნათქვამია, რომ საქართელოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა ჟურნალსიტებზე და ხშირად მათ თავს ესხმოდა კიდეც.

HRW წერს, რომ  შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში დაკითხვაზე დაიბარეს “გაზეთ ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე. სოდ–ის თანამშრომლები ჟურნალისტს დაემუქრნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, ისინი მამაკაცებთან ერთად გადაღებულ თითქოს მის შიშველი ფოტოებს გამოაქვეყნებდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა

ორგანიზაციის ანგარიშში, ასევე, წერია რეგიონული გაზეთის, „გურია ნიუსის“ კერძო დისრიბუტორების დაშინების ფაქტზე. ადგილობრივი ხელისუფლება დისტრიბუტორებს დაემუქრა, რომ „გურია ნიუსი“ არ გაევრცელებინათ.  2010 წლის 8 თებერვალს პოლიციამ დააკავა “გურია ნიუსის” ფოტოგრაფი  ირაკლი დოლიძე, რომელსაც დროებით ჩამოართვეს ფოტოაპარატი და ტელეფონი.

HRW ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებამ ჟურნალისტი მას შემდეგ დააშინა, რაც მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა და ამის გამო ცხინვალშიც კი ჩავიდა.

ანგარიიში ასევე მოხვდა 2010 წელს, 25 ივნისს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტი. ისინი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟს შუაღამეს იღებდნენ, რა დროსსაც პოლიციამ სცემა, კამერა დროებით წაართვა და გადაღებული მასალა წაუშალა.

სისხლის სამართლის სისტემა

HRW-ის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სისტემაში მთავარ პრობლემად რჩება გადავსებული ციხეები, რაც თავისთავად სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების შედეგია. მოხსენებაში წერია, რომ  უმრავლეს შემთხვევებში სასამართლოს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს. ასევე, ცუდი მდგომარეობაა საქართველოს ციხეების უმეტესობაში, სადაც ჰიგიენის ელემენტარული ნორმები არა არის დაცული.

გარდა პრობლემებისა, მოხსენებაში ასევე წერია საქართველოს წინსვლაზე საგარეო ურთიერთობებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განვითარებაზე,  ჰილარი კლინტონისა და თომას ჰამერბერგის ვიზიტებზე საქართველოში.

ჩამოტვირთეთ Human Rights Watch-ის სრული ანგარიში 

მასალების გადაბეჭდვის წესი