სამართალი

ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

26 დეკემბერი, 2015 • 1518
ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის.

გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ეს არის ნაფიც მსაჯულთა მეორე შემადგენლობა, რომელმაც ლაშა მახარაძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ 5 ივნისს, 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ვერც გამამართლებელი და ვერც გამამტყუნებელი ვერდიქტი ვერ გამოიტანა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის არჩევა.

გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რომლის ვადაც 12 ივნისს იწურებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, პროკურატურამ მას პირადი მოტივით ცრუ დასმენის ბრალდებით ბრალი წარუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას კიდევ ერთხელ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ – არაერთგზის; ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

25 დეკემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 26 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე განაჩენს დაადგენს და განსაზღვრავს სასჯელის სახეს და ზომას.

თბილისის საქალაქო სასამართლო ცნობით,  აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 32 და დაცვის 2 მოწმე და თავად ბრალდებული.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი