სამართალი

Fox news საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების შესახებ

12 იანვარი, 2011 • • 1419
Fox news საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების შესახებ

ფოქს ნიუსი საქართველოში დაკავებულ ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების შესახებ წერს. ჟურნალისტ ემი კელოგის თქმით, ბიზნესმენების დაკავება მიანიშნებს, რომ დემოკრატიის აკვნად მოხსენიებულ ქვეყანაში, ბიზნესგარიგებების დადება – სახიფათოა.

თბილისში  ისრაელის მოქალაქე ორი ბიზნესმენის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულები ითხოვდნენ გარკვეული მოწმეების დაკითხვას, მაგრამ უარი ეთქვათ. ამ ინფორმაციას ფოქს ნიუსი ავრცელებს.

ციტატა სტატიიდან:

„ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის აკვნად შერაცხეს და რომელიც ნატოსთან თანამშრომლობს, ბიზნესგარიგებების დადება სახიფათოა და ხელსაყრელ საინვესტიციო პერსპექტივებს სამოქალაქო ომები და შემორჩენილი კორუფცია ძირს უთხრის. საქართველოს დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დადგა, ასევე, 2007 წელს დამოუკიდებელი ოპოზიციური ტელევიზიის დახურვის შემდეგ, რომელშიც „ფოქს ნიუსის“ დედობილ კომპანიას „ნიუს კორპორეიშენს“ ჰქონდა წილი და, ასევე, მშვიდობიანი გამოსვლების დარბევის შემდეგ.“

ებრაელი ბიზნესმენი რონ ფუქსი და მისი პარტნიორი ზეევ ფრენკელი 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააპატიმრეს.

ნიუ იორკში ისრაელის ყოფილი კონსული და  ამასთან ერთად ფოქს ნიუსის კონტრიბუტორი ალონ პინკუსი ფოქს ნიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ საქართველოს სურვილი აქვს განვითარებულ ქვეყანათა რიგში მოხვდეს, მან ახლავე უნდა გაათავისუფლოს დაკავებულები.

ქართველი სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ დაკავებულები შეეცადნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მოქრთამვას, რათა მას შეეწყვიტა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომლის მიხედვითაც, ქართულ მხარეს ფუქსისთვის  და მის სხვა პარტნიორი – ბერძენი იონის კარდასოპულოსისთვის $100 მილიონი უნდა გადაეხადა. არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიზეზია ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, რომელიც მან ფუქსთან და კარდასოპულოსთან 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მალევე გააფორმა. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გარიგება არეულობის დროს დაიდო და ამით ფუქსმა და კარდასოპულოსმა ხელი მოითბეს.

ფუქსმა და კარდასოპულოსმა თავიანთი კომპანიის Tramex–ის მეშვეობით დადეს გარიგება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის ექსპლუატაციის უფლებაზე (კონცესია).

საქართველომ კონტრაქტი 1996 წელს გააფორმა. Tramex–სა და საქართველოს მთავრობას ამის შემდეგ მრავალწლიანი დავა ჰქონდათ. 2010 წლის მარტში საინვესტიციო დავების გადაჭრის საერთაშორისო ცენტრმა გადაწყვიტა, რომ საქართველომ ფუქსს და კარდასოპულოსს უნდა გადაუხადოს 100 მილიონი აშშ დოლარი ზარალის ანაზღაურების და სასამართლო ხარჯების ჩათვლით.  საქართველოს მთავრობას ეს თანხა არ გადაუხდია და აღნიშნა, რომ აპირებს გააუქმოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

გასულ სექტემბერს ფუქსი და მისი ბიზნესპარტნიორი ზეევ ფრენკელი  შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს თურქეთში, სტამბულის ერთ–ერთ სასტუმროში, სადაც, ქართული მხარის მტკიცებით, ისინი შეეცადნენ ხარაიძის მოქრთამვას მილიონობით დოლარით, რათა მას საქართველოს მთავრობა დაეყოლიებინა, რომ არ გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება.  სტუმრებისგან უჩუმრად, ხარაიძემ თუ მისმა ერთ–ერთმა თანაშემწემ შეხვედრა ჩაიწერა. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი.

ამ ვიდეოს უტყუარობას ეჭვქვეშ არ აყენებს ფუქსის ქართველი ადვოკატი, მაგრამ ამტკიცებს, რომ გამართული დისკუსია ეხებოდა არა ქრთამს, არამედ საქართველოს მთავრობისთვის გადასახდელ თანხას. 

ამ შეხვედრის შემდეგ ფუქსი და ფრენკელი  მოიწვიეს საქართველოში დავის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად. დაცვის მხარეს აქვს წერილი, რომელიც, მათი თქმით, გაუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დავის გადაჭრის მოთხოვნით. სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს, ფუქსი და ფრენკელი დააპატიმრეს.

კბილაშვილი და ფუქსის ოჯახის ადვოკატი (ისრაელიდან) –ამას პროვოკაციას უწოდებენ.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი