სამართალი

პროკურორი: არსებობს მოწმე, რომელმაც დაინახა, როგორ ესროლა ოქროპირიძემ ლაშა მახარაძეს

8 დეკემბერი, 2015 • 1866
პროკურორი: არსებობს მოწმე, რომელმაც დაინახა, როგორ ესროლა ოქროპირიძემ ლაშა მახარაძეს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ია ჩადუნელი ამბობს, რომ ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის ინფორმაციით, არსებობს მოწმე, რომელმაც განვითარებული მოვლენები პირადად დაინახა.

პროკურორის ცნობით, ნინო დიდებულიძემ ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ მიაწოდა ამ მოწმემ ინფორმაცია გამოძებას ამ დრომდე.

“არსებობს პიროვნება რეალურად, როგორც ქალბატონმა ნინო დიდებულიძემ მიუთითა, რომელმაც უშუალოდ თავისი თვალით დაინახა, თუ როგორ ესროლა გიორგი ოქროპირიძემ ლაშა მახარაძეს, რა სიტყვებით მიმართა და როგორ განვითარდა მოვლენები იქ, ვისი ავტომანქანით იყო და შემდეგ რა მოხდა. არსებობს სხვა მოწმეც, რომელიც დაასახელა ნინო დიდებულიძემ და რომელიც ასევე მიუთითა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ იქნა ამ პიროვნების მიერ ეს ინფორმაცია მიწოდებული გამოძიებისთვის. ეს მოწმე აუცილებლად დაიკითხება ბრალდების მხარის მიერ. ვალდებულებიც ვართ, რომ ეს მოწმე დავკითხოთ და გავიგოთ, რა ინფორმაციის მატარებელია რეალურად,”– განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.

ნინო დიდებულიძის განცხადებით კი, ამ საქმეში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

პროკურატურის ვერსიით, გიორგი ოქროპირიძე 2014 წლის 2 სექტემბერს, ღამით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოქროპირიძე ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9-თვიანი პატიმრობის ვადა ოქროპირიძეს 2015 წლის 12 ივნისს ამოეწურა. თუმცა 5 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც თავიდან გახდა საჭირო ნაფიცი მსაჯულების შერჩევა და პროცესის განახლება. ამის შემდეგ, 8 ივნისს პროკურატურამ ოქროპირიძის ახალი ბრალდება წარუდგინა ცრუ დასმენისთვის, რის შემდეგაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და კვლავ პატიმრობაში დარჩა.

10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ შეზღუდა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმეს განხილვის ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა. მოსამართლემ საკუთარ განჩინებაში დაასახელა მოტივი, რომ ამ ღონისძიებით ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხეს აიცილებდნენ თავიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი