პოლიციელის ხელკეტებით ცემისა და მისთვის ცხვირში მუშტის ჩარტყმისთვის სამ პირს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა. ეს ინციდენტი 2022 წელს მოხდა.
თავდაპირველად მათ ბრალი იმავე მუხლის უფრო მძიმე ნაწილით წარუდგინეს, რასაც ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორს, მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე სილის გაწვნისთვის. თუმცა, შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ბრალი შეუმსუბუქა – თავდაპირველად წაყენებული პოლიციელზე თავდასხმის მუხლი გადაუკვალიფიცირა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით. შედეგად, ისინი მხოლოდ ერთი წლით ჩასვეს ციხეში, მაშინ, როცა მაგალითად მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამე პატიმრობა ემუქრება.
ეს საქმე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც “კანონის უზენაესობის ცენტრმა” მაგალითად მოიყვანა იმის დასასაბუთებლად, რომ მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი შეუსაბამოა მის ქმედებასთან.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც თავდასხმა. მით უმეტეს, რომ უფრო მძიმე ქმედებები – როგორიც მუშტის ჩარტყმა და ხელკეტებით ცემაა, ქართული სასამართლოს პრაქტიკის მიერ არა პოლიციელზე თავდასხმად, არამედ უფრო მსუბუქ დანაშაულად – ძალადობად კვალიფიცირდება.
ზემოთ დასახელებულ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2023 11 სექტემბერს გამოსცა: მან წარმოებაში არ მიიღო საქმე, რითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა საქალაქოს განაჩენი.
უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს მოსამართლეებმა – ლალი ფაფიაშვილმა (თავმჯდომარე), სანქცირებულმა შალვა თადუმაძემ, რომელიც ახლა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მამუკა ვასაძემ.
შემთხვევა 2022 წლის 17 იანვარს მოხდა. ერთ-ერთ საცხობში სამ პიროვნებას შელაპარაკება მოუვიდა ადგილზე მყოფი კიდევ ერთ ადამიანთან. ამავე საცხობში იმყოფებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს დეტექტივი, რომელმაც ინციდენტში მონაწილე პირებს წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოუწოდა წესრიგისკენ.
ამის შემდეგ, საქმის მასალების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული სამი პიროვნება პოლიციელის მიმართ გახდნენ აგრესიულები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციელს ძლიერად დაარტყა ცხვირში. ამის შემდეგ აგრესიული პირები ჩასხდნენ მანქანაში და სცადეს მიმალვა. პოლიციელი მათ დაედევნა და სამსახურებრივი საშტატო იარაღიდან ისროლა ჰაერში. ვინაიდან ვერ შეძლო მათი შეჩერება, გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ გაჩერდა და გადმოვიდა მანქანიდან. ამ დროს, გაქცეული პირები დაბრუნდნენ და პოლიციელს ხელკეტებით დაესხნენ თავს.
“ხელისა და ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა”, – წერია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
დაკავებულ სამ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. წარდგენილი ბრალი ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 11 წლამდე.
ეს იგივე მუხლია, თუმცა უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ის, რასაც იმავე უწყება მზია ამაღლობელს ედავება. მედიამენეჯერს ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც არა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას, არამედ მასზე თავდასხმას გულისხმობს. ეს მუხლი 4-დან 7-მდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროკურატურის ბრალდების მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე მათგანს ბრალი 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით გადაუკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და მიუსაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 126 მუხლი ბევრად მსუბუქია, ვიდრე 353 პრიმა – ის არასაპატიმრო სასჯელსაც ითვალისწინებს.
საქალაქოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა. დაპატიმრებულთა ადვოკატი მათ გამართლებას ითხოვდა, პროკურატურა – დამნაშავედ ცნობას არა ძალადობისთვის, არამედ თავდაპირველად წარდგენილი დანაშაულისთვის – პოლიციელზე თავდასხმა, რამაც მისი ჯანმრთელობის ხელყოფა გამოიწვია.
2023 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა და უკვე უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, პატიმრები პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის მუხლით დაესაჯა. თუმცა, 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ქვეყნის უმაღლესმა ინსტანციამ პროკურატურის საჩივარი წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს, მაგრამ არ დასტურდება, რომ მსჯავრდადებულებს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი ამოძრავებდათ.
დოკუმენტში წერია, რომ თავდასხმის შედეგად პოლიციელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ [მსჯავრდადებულები] “კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდნენ პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად”. შესაბამისად, სასამართლო, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს, რომ მსჯავრდადებულები მოქმედებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმას ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებში, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.
“საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
გამოდის, რომ სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 17 იანვარს, პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოწმობის წარდგენისა და წესრიგის დაცვის მოწოდების შემდეგ, სამი პირის მიერ მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცხვირში მუშტის დარტყმა, გაქცევის მცდელობა, დაუმორჩილებლობა პოლიციელის მოწოდებაზე, შემდეგ უკან მიბრუნება და პოლიციელის ხელკეტებით, ჯგუფურად ცემა არის მხოლოდ ძალადობა, რომელიც არ უკავშირდება ამ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას და იმსახურებს 1-წლიან პატიმრობას. მაშინ, როცა 2024 წლის 11 დეკემბერს, საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულად დაკავების, რამდენიმე საათის შემდეგ გათავისუფლების და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, სამმართველოს ჭიშკართან პოლიციის უფროსის მხრიდან შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის საპასუხოდ სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
ამავე თემაზე:
- დგებუაძის განმარტებებიც კი არ ადასტურებს ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლის კვალიფიკაციას – ქურდოვანიძე
- იურისტი განმარტავს, რატომ არ არის სწორი მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა
- ხელის გარტყმა პოლიციელის ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა – RLC ამაღლობელზე
- „სამართლებრივად აბსურდული“ — იურისტის შეფასება მზია ამაღლობელის საქმეზე
- მის მიმართ წაყენებული ბრალი შურისძიებაა ჟურნალისტობის გამო? — CPJ მზია ამაღლობელის საქმეზე








