სამართალი

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირება იგეგმება – მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით

23 ოქტომბერი, 2015 • 2160
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირება იგეგმება – მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით

კერძოდ, თუკი ამ დრომდე გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმაში აღნიშნული იყო, რომ ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლით დანაშაულის ჩადენაში, ხოლო გამამართლებელში – უდანაშაულოდ სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლით დანაშაულის ჩადენაში. შემოთავაზებული კანონპროექტით, ნაფიც მსაჯულების ვერდიქტის ფორმა რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემას ითავლისწინებს.


სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე მოსაზრებები 16 ოქტომბერს “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე მოწვეულმა კანადელმა ექსპერტმა ნიკოლაი კოველევმა ისაუბრა. “ნეტგაზეთს” 21 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რომ კოვალევის მოსაზრებებს გაეცნენ, და მას მას ძირითადად არ ეთანხმებიან. 

 

ნიკოლაი კოვალევმა გამართულ დისკუსიაზე ვერდიქტის სპეციალურ ფორმებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. მოწვეული ექსპერტის განცხადებით, კითხვარი აბნევს მსაჯულებს და შეიძლება მათ შეცდომები დაუშვან, რადგანაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სამართლიას ცოდნას საჭიროებს.

 

კანონპროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა ევრდიქტში პასუხი შემდეგ შეკითხვებს უნდა გაეცეს:


ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და სახეზეა თუ არა ამ ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის თითოეული ელემენტი

ბ)ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება განზრახ ან გაუფრთხილებლობით, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლად ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

გ)არის თუ არა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგო

დ)არის თუ არა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება ბრალეული


გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას კი დაემატება კიდევ ერთი კითხვა:


ე)არსებობს თუ არა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება.

 

ნიკოლაი კოვალევის განცხადებით, თუ ნაფიცმა მსაჯულმა კანონები არ იცის, იგი ვერ განსაზღვრავს, იყო თუ არა ქმედება მართლსაწინააღმდეგო. 

 

“იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემა არსებობს, მეცნიერები და პრაქტიკოსი იურისტები, მათ შორის მოსამართლეები ეწინააღმდეგებიან ამ სისტემის არსებობას და მის გაუქმებას მოითხოვენ,”– განაცხადა მან.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის სალაქო სასამართლო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, კანონპროექტის ავტორებს კითხვარი უფრო მარტივი ფორმით შემოეთავაზებინათ

 

“ჩემი შეთავაზება იქნებოდა, უფრო მარტივი ფორმით შეგვეთავაზებინა და ჩამონათვალი გაეკეთებინათ და არა ანალიზი, რა მტკიცებულებას დაეყრდნო გამამტყუნებელი ვერდიქტის ან გამამართლებელი ვერდიქტის დროს,”– განაცხადა მან.


 

ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების მოსამართლემ, ეკა არეშიძემ კი განაცხადა, რომ თუკი ნაფიცი მსაჯულები ამ კითხვებზე პასუხებს გასცემენ, ეს სრულიად გაუაზრებელი პასუხები იქნება.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია, რომ მოსამართლეს აქვს ვალდებულება,  რომ განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს საკითხები, რომლებიც დაეხმარება მათ, გაანალიზონ ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ვერდიქტი უნდა მიიღონ. 

 

განმარტებით ბარათში ასევე საუბარია იმაზე, რომ ეს ნორმა მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის უზრუნველყოფის კუთხით. 

 

“ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად აუცილებელია, რომ ვერდიქტის ფორმა იყოს იმგვარი, რომ განსასჯელისთვის გასაგები იყოს, თუ რატომ სცნეს ის დამნაშავედ,”– აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

 

გარდა ამისა, ნიკოლაი კოვალევმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეზე, რომლის თანახმადაც, პირთა სიიდან, რომლებიც ვერ იქნებიან ნაფიცი მსაჯულები, ამოიღეს გამომძიებლები, პოლიციელები, იურისტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები.

 

“აღნიშნულია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ არ შეიძლება რომელიმე პროფესიისადმი მიკუთვნება per se საფუძვლად დაედოს კანონისმიერ შეუთავსებლობას,”–აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 

განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ორივე მხარის უფლება, დაუსაბუთებელი აცილება მისცეს ამა თუ იმ მსაჯულს იმის გამო, რომ იგი შეიძლება იყოს მიკერძოებული ბრალდების ან დაცვის სასარგებლოდ. 

 

“მეორე მხრივ, მაგალითად, გამომძიებლისა და ადვოკატის შემთხვევაში ნაკლებია მიკერძოების საფრთხე, რადგან მათი პროფესიიდან გამომდინარე, მეტი იციან მიუკერძოებლობის ვალდებულების შესახებ,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში და იქვე ნათქვამია, რომ, მაგალითად, ბელგიასა და საფრანგეთში ეს პროფესიები შეუთავსებლობის საფუძველს არ წარმოადგენს. 

 

ნიკოლაი კოვალევმა კი გამართულ დისკუსიაზე აღნიშნა რომ პოლიციელის ყოფნა ნაფიც მსაჯულად არა მიუკერძოებლობის, არამედ სუბიექტურობის განცდას აჩენს. მისი განცხადებით, როდესაც ბრალდებული ნაფიც მსაჯულად პოლიციელს ხედავს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი დამოუკიდებლობის საკითხი, რადგანაც პოლიციელი თავის უფროსს ემორჩილება. მისივე თქმით, აქ ჩნდება შესაძლებლობა, რომ მთავრობამ საკუთარი აგენტები ჩართოს პროცესში და მიუხედავად იმისა, რომ მხარეს აქვს დაუსაბუთებელი აცილების უფლება, შესაძლოა მათ ვერ გაიგონ, რომ ესა თუ ის პირი პოლიციელია.

 

დარბაზი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქმეები ნაფის მსაჯულთა განსჯადობით განიხილება. ფოტო – www.msajuli.ge
დარბაზი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქმეები ნაფის მსაჯულთა განსჯადობით განიხილება. ფოტო – www.msajuli.ge

კიდევ ერთ სიახლესთან დაკავშირებით კოვალევი აცხადებს, რომ  ბრალდებულის უფლება, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ან ორდინარული სასამართლო განხილვა, შესაბამისია საერთაშორისო პრაქტიკასთან. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამორჩევის უფლება არ უნდა იყოს, რადგან შეიძლება პროკურორმა გავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და დაჰპირდეს მას, რომ თუკი აირჩევს მოსამართლეს და არა ნაფიც მსაჯულებს, მაშინ შეუმსუბუქებს სასჯელს და ნაკლებს მოითხოვს. ამიტომ, კოვალევის განცხადებით, ამ უფლების განხორციელება უნდა მოხდეს არა გამომძიებელთან, გამოძიების ეტაპზე, არამედ მოსამართლის თანდასწრებით.

 

“კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს იმ მიმართულებით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა იყოს ნებაყოფლობითი და მოტივირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული უნდა განხორციელდეს წინასასამართლოს სხდომაზე,”- განაცხადა მან.

 

კოვალევის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საგნობრივი იურისდიქციის მნიშვნელოვნად შემცირებას ისახავს მიზნად.

 

“ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქცია მხოლოდ 24 დანაშაულზე ვრცელდება მაშინ, როდესაც დაახლოებჯთ 140 მსგავს დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლის ამ მეტი ვადით, არ ვრცელდება მათი იურისდიქცია,”- განაცხადა მან.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ბრალდება კონკრეტულ ძალადობრივ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, ასევე სამოხელეო დანაშაულებზე. განმარტებით ბარათში წერია, რომ მსგავსი მიდგომა აქვთ ესპანეთს, ავსტრიას, ინგლისსა და უელსს.

 

OSGF–ის ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ბურჯანაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კანონპროექტით ასევე ვიწროვდება ნაფიც მსაჯულთა ტერიტორიული იურისდიქციის საკითხი.

დისკუსია საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეგორმირების შესახებ. ფოტო – OSGF 16.10.2015
დისკუსია საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეგორმირების შესახებ. ფოტო – OSGF 16.10.2015

“დღევანდელი ჩანაწერით, ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და გვაქვს გარდამავალი დებულება, რომელიც, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა იწყებს ამ შემთხვევაში ამოქმედებას. შემოთავაზებული ვერსიით, გვაქვს თბილისის, ბათუმის, ფოთის, რუსთავისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში და თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში,”- განაცხადა მან.

 

გიორგი ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტი აზუსტებს და აკონკრეტებს მთელ რიგ საკითხებს, როგორც არის ნაფიცი მსაჯულების უსაფრთხოებისა და მიუკერძოებლობის ღონისძიებები.  მისი განცხადებით, დამატებითი ღონისძიებისს სახით განისაზღვრა ისეთი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტირებას, ანუ დროებითი მოთავსების ადგილიდან სასამართლომდე და პირიქით, მგზავრობის საკითხის მოწესრიგება და დარეგიულირება. მან ტექნიკური საკითხების მოწესრიგება დადებითად შესფასა.

 

 

გიორგი ბურჯანაძის თქმით, ეს კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის ივლისში წარმოადგინა და არასამთავრობოებს სთხოვა, რომ პრობლემური საკითხების შესახებ მოსაზრებები წარედგინათ. წარდგენილ საკითხებს შორის, ბურჯანაძის განცხადებით, იყო ვერდიქტის ახალი ფორმებიც:

 

“ამგვარ შეკითხვებზე პასუხის გაცემა რთული იქნება ნაფიცი მსაჯულებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კითხვების ფორმულირება უფრო უნდა გამარტივდეს,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

გარდა ამისა, ბურჯანაძე ამბობს, რომ კანონმდებლობა არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ვერდიქტის ფორმების განადგურება. მისი თქმით, ეს შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი იყოს სამომავლოდ ნაფიცი მსაჯულების თათბირის გამჟღავნებისათვის.

 

ბურჯანაძის თქმით, ხარვეზიანია ვერდიქტის გასაჩივრების დებულება:

 

“ვერდიქტის გასაჩივრების დებულება გარკვეულწილად ხარვეზიან დებულებად მივიჩნიეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსიით, შესაძლებელი ხდება ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეფასდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ, ამ შემთხვევაში, შეფასდეს მტკიცებულებები როგორც ასეთი და თუკი სააპელაციო სასამართლოს.მოსამართლე იტყვის, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება შესაბამის ვერდიქტს, ანუ სხვა შედეგი უნდა დამდგარიყო, სამართლიანი მართლმსაჯულების ინტერესებუდან გამომდინარე უფლებამოსილი ხდება სააპელაციო სასამართლო, გააუქმოს ამ შემთხვევაში, გამამტყუნებელი ვერდიქტი,”- განაცხადა მან.

 

 

გასარკვევად, თუ შემუშავების რა ეტაპზე იყო კანონპროექტი, “ნეტგაზეთმა” იუსტიციის სამინისტროს მიმართა, საიდანაც წერილობით გვაცნობეს, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის შეჯერებული. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტს სისხლის სამართლის საბჭოზე გაიტანენ, კიდევ ერთხელ მოისმენენ კოლეგების მოსაზრებებს და შეჯერდებიან საბოლოო ვარიანტზე, კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე გავა.

 

“კანონპროექტის საბოლოო ვერსია ჯერჯერობით არ გვაქვს. დაახლოებით ორი თვის წინ ჩვენი თავდაპირველი ვერსია გავიტანეთ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე. ამის შემდეგ მივიღეთ გამოხმარურება რამდენიმე ორგანიზაციისაგან. ყველაზე საყურადღებო, არსებითი და საქმიანი შენიშვნები მივიღეთ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი წარმომადგენლისაგან, რომლის მოსაზრებების დიდი უმრავლესობა ავსახეთ კიდევაც კანონპროექტში. გადამუშავებულ ვარიანტს წარვადგენთ სისხლის სამართლის რეფორმის საბჭოს ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე.”

 

ასევე, კითხვაზე, მიიღეს თუ არა არასამთავრობოების და ნიკოლაი კოვალევის მოსაზრებები კანონპროექტზე, სამინისტროში აცხადებენ, რომ მიიღეს, თუმცა კოვალევის მოსაზრებებს ძირითადად არ ეთანხმებიან. 

“დიახ, ჩვენ გამოგვეგზავნა ბატონი კოვალევის მოსაზრებები, რომლებსაც ძირითადად არ ვეთანხმებით. უფრო მეტიც, ისინი წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ამ სფეროს სხვა სპეციალისტების მოსაზრებებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნასთან, რომლითაც ვხელმძღვანელობდით კანონპროექტზე მუშაობის დროს,”- აღნიშნული იყო ალექსანდრე ბარამიძის პასუხში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი