სამართალი

იუსტიციის საბჭოს 2 წევრი აირჩიეს, კვლავ ოპოზიციის დახმარებით

17 ოქტომბერი, 2023 • 1094
იუსტიციის საბჭოს 2 წევრი აირჩიეს, კვლავ ოპოზიციის დახმარებით

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია.

ორივე  მათგანი 90  ხმით აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და მისი მოკავშირეების („ევროპელი სოციალისტების“) გარდა, სხვა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს, რადგან მათ ჯამურად 89 ხმა აქვთ.  ვინაიდან კენჭისყრა ფარული იყო, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაუჭირა ოპოზიციიდან მხარი აღნიშნულ კანდიდატებს.

ამასთან, ლევან ნემსაძის კანდიდატურის კენჭისყრისას თავდაპირველად ტაბლოზე 89 ხმა დაფიქსირდა. თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ტექნიკური პრობლემის გამო რამდენიმე მისი კოლეგის მხარდაჭერა არ დაფიქსირდა და განმეორებითი კენჭისყრა მოითხოვა. შესაბამისად, ლევან ნემსაძის კანდიდატურამ განმეორებით კენჭისყრაზე 90 ხმა მიიღო.

„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებლისა და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

„კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა, ხვდებით, ხომ?“ – წერს სოციალურ ქსელში ნაჯი ჯანეზაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრები ოპოზიციის მხარდაჭერით აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საბჭოში ასარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა გაზაფხულზეც,  როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა.  მაშინ, მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა, უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, კიდევ 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა(ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, დილარ ხაბულიანმა და ბაჩუკი ქარდავამ) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი