სამართალი

სასამართლომ ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიურ ვიდეოში აჩვენეს, დამცავი ორდერი გამოსცა

21 ივლისი, 2023 • 3274
სასამართლომ ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიურ ვიდეოში აჩვენეს, დამცავი ორდერი გამოსცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვის მიმართ დამცავი ორდერი გამოსცა. აღნიშნულს წინ უძღოდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთში ეს ბავშვი ფიგურირებს.

ბავშვის ინტერესებს სასამართლოში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) იცავდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის თქმით, სასამართლომ გამოსცა 9-თვიანი ორდერი, რომლის ძალითაც ხსენებული ვიდეოს გამავრცელებელს აეკრძალა ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება.

“ეს სამართლებრივი სახელმწიფოა, ადამიანის უფლებები უზენაესია და ბავშვები ამ ქვეყანაში უნდა იყვნენ დაცული!” — წერს არგანაშვილი “ფეისბუკზე”.

ბავშვის დედა, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტია, გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი თქმით, ადვოკატების კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც დედის მიმართაც გულისხმობდა დამცავი ორდერის გაცემას, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც ჟურნალისტი “ნეტგაზეთს” ეუბნება, მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

“მთავარია, დადგა შედეგი [იმ კუთხით], რა მიზანიც მე მქონდა, რომ დამეცვა ბავშვი მოძალადეებისაგან. ეს მიზანი მიღწეულია, რა მექანიზმებიც არსებობს, იმის გამოყენებით. …მორალურადაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან [სასამართლოს გადაწყვეტილება] მაგალითი შეიძლება გახდეს სხვა ადამიანებისთვისაც, ვისაც ავიწროებენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ არიან მართულნი და ხელდაფარებულნი ხელისუფლების მხრიდან”, — დასძენს ჟურნალისტი.

ზემოხსენებული ვიდეოს გამავრცელებელი ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული ჰომოფობიური ორგანიზაციის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარმომადგენელია. მოპასუხის ცნობით, საჩივრების შემდეგ ვიდეო თავად “ფეისბუკმა” წაშალა.

როგორც “ფორმულა” წერს, სანამ წაიშლებოდა, ვიდეოს აზიარებდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ძალადობრივ ალტ-ინფოსთან არიან დაკავშირებული.

მიუხედავად სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებისა, ჟურნალისტის თქმით, საქმე ამით არ დასრულდება. ის აპირებს, იდავოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც, რომელმაც, მისი თქმით, ბავშვი არ დაიცვა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

“იმის გამო, რომ მოძალადე ჯგუფმა იმავე დღეს მყისიერად არ აგო პასუხი და მთელი კვირის განმავლობაში შსს უდასტურებდა, რომ არაფრის გამკეთებელი არ იყო, ძალადობამ და მუქარებმა მიიღო ორგანიზებული ხასიათი”, — დასძენს ჟურნალისტი და იქვე ამატებს, რომ შსს-მ “პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე” არ იმოქმედა, ვინაიდან ჟურნალისტი საქმიანობს ხელისუფლებისადმი კრიტიკულ “ფორმულა ტვ”-ში.

თავად შსს უარყოფს საქმესთან დაკავშირებით უმოქმედობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი