ნეტგაზეთი | ადამიანის უფლებების ფასი სტრასბურგიდან ადამიანის უფლებების ფასი სტრასბურგიდან – Netgazeti
RU | GE  

ადამიანის უფლებების ფასი სტრასბურგიდან

300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს საქართველოს გურამ გირგვლიანისთვის, თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.  ერთ მილიონ ლარზე მეტია იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკვე დააკისრა ევროპის სასამართლომ საქართველოს სხვადასხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების  მიხედვით.

300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს საქართველოს გურამ გირგვლიანისთვის, თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.  ერთ მილიონ ლარზე მეტია იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკვე დააკისრა ევროპის სასამართლომ საქართველოს სხვადასხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების  მიხედვით.

მალე გახდება ცნობილი ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” (საქმე ნომერი 25091/07). საქმის ზეპირი მოსმენა სტასბურგში 27 აპრილს გაიმართა.   

სანდრო ბარამიძე, იურისტი, რომელსაც ევროსასამართლოში საქმეების პრაქტიკა აქვს, განმარტავს, რომ ზეპირი მოსმენა იმას ნიშნავს, რომ გარდა წერილობითი დოკუმენტებისა და მოსაზრებებისა, რაც სასამართლომ ორივე მხრისაგან მიიღო,  დამატებით ზეპირ მოსაზრებებს მოისმენს ორივე მხრიდან. ბარამიძის თქმით ეს ძალიან იშვიათად ხდება  ხდება და დადგენილი კრიტერიუმები რა შემთხვევაში განახორციელებს სასამართლოს პალატა საქმეს, არ არსებობს.

2006 წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობაზე, რომელიც დღემდე პოლიტიკური ბატალიების თემაა, ევროსასამართლოში საქმე 2007 წელს შევიდა. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ მიმართა. ენუქიძის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ და მოკლულის მამამ – გურამ გირგვლიანმა ევროსასამართლოს აცნობა, რომ ცოლის გარდაცვალების შემდეგ საქმის გაგრძელება სურდა.

ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში წერია: “2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გვამი ტყეში იპოვეს. წინა დღეს ის მეგობართან, ლ.ბ.-სთან ერთად კაფე “შარდენში” იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ შეკრებილნი.

როცა კაფედან გასვლას აპირებდნენ, სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ. ტყეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაიტაცეს.”

ევროსასამართლოს ოფიციალურ პრესრელიზში ასევე წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების პირველმა მოადგილემ, შსს-ს სამ  თანამშრომელთან ერთად, გირგვლიანი სიტყვიერი შეურაცყოფის გამო გაიტაცეს. ყველას ბრალად ადამიანის განგებ დაჭრა და უკანონო დაკავება წაუყენეს.

წინასწარგანზრახული უკანონო დატუსაღება განხორციელებული იყო ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელნიც მის სიცოცხლეს ემუქრებოდნენ. აქვე ნახსენებია, რომ ის თოთხმეტი სამხილი, რომელიც ოქმს მიება, ბევრჯერ მოითხოვა სანდრო გირგვლიანის დედამ, თუმცა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ირინა ენუქიძე ასევე აცხადებდა, რომ 2006 წლის 28 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში შესული შესწორება მისი შვილის საქმეს უკავშირდებოდა. გ.ა.–ს შვიდი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს, მაგრამ, პრეზიდენტის საბოდიშო სიტყვის შემდეგ მათ ჯერ გაუნახევრდათ სასჯელი და 2009 წლის 5 სექტემბერს თავდებობით გამოუშვეს”.

საქმეში “ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” მოთხოვნილია ევროკონვენციის ოთხი მუხლის – სიცოცხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევის ფაქტების დარღვევად ცნობა.

გარდა ამისა მოსარჩელე მხარე მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 300 000 ევროს ითხოვს.

იურისტი მანანა კობახიძე,  რომელიც “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარეა და სტრასბურგის სასამართლოში არაერთი საქმე აქვს გაგზავნილი, ამბობს, რომ  პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო მოთხოვნილ თანხებს ამცირებს ხოლმე, თუმცა:

„რადგან საქმე წამებასა და სიცოცხლის უფლებას ეხება, შეიძლება სასამართლომ მოთხოვნილი 300 ათასი ევრო დააკისროს კიდეც საქართველოს მთავრობას,“ – ამბობს მანანა კობახიძე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელისმომწერი ყველა ქვეყანა ვალდებულია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება  გაითვალისწინოს.

„განაჩენი არაა სარეკომენდაციო, ის სავალდებულოა, “- ამბობს განმარტავს მანანა კობახიძე.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელია ევროსასამართლოს მინისტრთა კომიტეტი. გადაწყვეტილების  შეუსრულებლობის უმაღლესი სანქცია ევროსაბჭოდან ქვეყნის გარიცხვაა.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2004 წლიდან დღემდე, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ განიხილა და გადაწყვეტილება გამოიტანა 60 საქმეზე. აქედან, ევროსასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია 12 საქმე, არ დაადგინა ევროპული კონვენციის და/ან მისი დამატებითი ოქმების დარღვევა 6 საქმეში, ხოლო განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო 15 განაცხადი, მათ შორის, 3 განაცხადი დასრულდა მთავრობასა და განმცხადებელს შორის მეგობრული მორიგებით. ამავე პერიოდში, სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა 28 საქმეზე.

”ნეტგაზეთმა”  იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული  ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით შეაჯამა იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც საქართველოს დაეკისრა. მთლიანობაში ეს თანხა მილიონ ასიათასზე მეტ ლარს შეადგენს  (504 530.77 ევრო). ამ თანხას ასევე უნდა დავუმატოთ საშემოსავლო გადასახადი.

#

საქმის დასახელება

საქართველოზე დაკისრებული თანხა ევროში

1

ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ

155 000

2

შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ

1019,57

3

შპს „იზა” და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ

13050

4

შპს „ამატ-ჯი” და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

202 000

5

დონაძე საქართველოს წინააღმდეგ

3800

6

დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ

3000

7

დანელია საქართველოს წინააღმდეგ

3000

8

გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ

6116

9

გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინაააღმდეგ

15103

10

გორელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

1544,2

11

ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ

17170;

12

ქიძინიძე საქართველოს წინააღმდეგ

6116

13

საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ

10043

14

ალიევი საქართველოს წინააღმდეგ

10000;

15

გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

8000;

16

რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ

26694;

17

ხარიტონაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

3236

18

ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ

10639

19

კობელიანი საქართველოს წინააღმდეგ

1000

20

კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ

3000

21

გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ

3000

22

ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

2000

 

სულ: 504 530.77 ევრო

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცირა გვასალია