საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის გამო.
5 მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომლითაც შემცირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები. გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე, მივლინება ერთის ნაცვლად ორ წლამდე ვადით არის შესაძლებელი.
5-მა მოსამართლემ — ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია — კანონის 9 ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მოსამართლეები ასაჩივრებენ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც, „დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით; იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შესახებ არაუმეტეს 2 წლის ვადით; ასევე, ის ნორმატიულ შინაარსი, რომელიც საბჭოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში მიმართოს სადისციპლინო კოლეგიას მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მოსამარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით მათი „კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებები არ არის უზრუნველყოფილი“, პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიძლება იქნას გამოყენებული კეთილსინდისიერი მოსამართლეების დასასჯელად.
რატომ ითხოვს პარლამენტი აცილებას?
5 მოსამართლის ადვოკატი საკონტიტუციო სასამართლოში ლევან ალაფიშვილია. მოპასუხე — საქართველოს პარლამენტი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც პარლამენტმა დაიწყო ამ ნორმების განხილვა, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ეს ცვლილებები ემსახურებოდა მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და ა.შ. მის ამ პოზიციას კი სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა და „პრაქტიკულად გაიზიარა“ მოქმედმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ, რომელიც დღეს ამ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა.
„ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ ამ მოსამართლემ დააფიქსირა პირდაპირ, საჯაროდ და ღიად პოზიცია და პრაქტიკულად მან ღიად და საჯაროდ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი მოსამართლე. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, პრინციპები, რომ მხარეს არ უნდა გაუჩნდეს ობიექტური საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტული მოსამართლე იქნება წინასწარ მიკერძოებული ერთი მხარის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, არის ობიექტური, მყარი საფუძველი ასეთი მოსამართლის აცილების, ვინაიდან მან საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, იქნება მიკერძოებული“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით გამოიხატა კვერენჩხილაძის მიერ მოსამარჩელის პოზიციის მხარდაჭერა — იყო სოციალურ ქსელში პოზიციციის დაფიქსირება, იყო ეს მოწონება, კომენტარი თუ სხვა. „ქართულ ოცნებაში“ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მან გამოხატა რეაქცია ქეთევან მესხიშვილის პოსტზე, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს შეეხებოდა.
მესხიშვილმა 2021 წლის 28 დეკემბერს სოციალურ ქსელში გააზიარა 14 მოსამართლის განცხადება, რომელიც პარლამენტს მოუწოდებდა, არ მიეღო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებები.
„დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა. წარმოდგენილი ცვლილებები მოსამართლეების შესუსტების, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას ჰგავს. სამწუხაროდ, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი სასამართლოს შექმნის მიზანი ასე არ მიიღწევა!“, — დაწერა ქეთევან მესხიშვილმა.
აღნიშნულ პოსტზე აქვს რეაქცია გამოხატული გიორგი კვერენჩილაძეს მაშინ, როდესაც კანონი მიღებული არ იყო, ხოლო ინიცირებული ვარიანტი განსხვავდებოდა პირველი მოსმენით მიღებული პროექტისგან.
ლევან ალაფიშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მოსარჩელე მხარემ ანრი ოხანაშვილის საჯარო კომენტარიდან გაიგო, რომ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეა და არც მისი აცილების დასაბუთებული შუამდგომლობა ჩაბარებია, თუმცა დიდი ალბათობით, საქმე ეხება მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის ზემოაღნიშნული პოსტის ე.წ. დაგულვას.
ლევან ალაფიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლე ევა გოცირიძეს 2017 წელს, „ტვ პირველის“ ეთერში მასთან სატელევიზიო დებატებისას აქვს ნათქვამი, რომ მოსამართლეთა ნების გარეშე მივლინება მავნე პრაქტიკაა და ეს პოზიცია თანხვედრაშია მოსამარჩელეების პოზიციასთან. თუმცა ის, რომ წინასწარ ცნობილი, დადასტურებული პოზიციის გამო მმართველი გუნდი არ ითხოვს თავის დროზე მის მიერ მხარდაჭერილი მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას და ითხოვს გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას სოციალური ქსელში აქტივობისთვის, ალაფიშვილის აზრით, გამოცნობადს ხდის პოლიტიკურ მოტივს.
„ანრი ოხანაშვილის განცხადება არის პოლიტიკური კონტროლის დადასტურება და აღიარება, რომ სოციალურ ქსელებში მოსამართლეებს აკონტროლებენ“, — ამბობს ალაფიშვილი.
გიორგი კვერენჩხილაძის პოზიცია
გიორგი კვერენჩხილაძე ამბობს, რომ განუხილველ საქმეზე, რომლებზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ვერანაირ კომენტარს ვერ და არ გააკეთებს, თუნდაც იმიტომ, რომ მოსამართლე საზოგადოებას არ უნდა ელაპარაკებოდეს არანაირი სხვა საშუალებით, გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებებისა.
„შესაბამისად, აცილების შესახებ შუამდგომლობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ის მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას და იქ იქნება დაფიქსირებული ჩემი პოზიცია პარლამენტის შუამდგომლობის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია ამ გადაწყვეტილებასთან ერთად იქნება დაფიქსირებული“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კვერენჩხილაძემ.
აცილების საფუძველი?
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის აზრით, პარლამენტის პოზიცია სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და კვერენჩხილაძე მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, როგორც არაკლანურ მმართველობას დაქვემდებარებული, კეთილსინდისიერი მოსამართლე.
„პარლამენტი ითხოვს საქმიდან მის აცილებას და არა მხოლოდ პროცესუალურად ითხოვს, არამედ ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიისთვის გამოაქვს. მოტივი იცით, რაა? თურმე გიორგი კვერენჩხილაძეს სოციალურ ქსელში, სანამ ეს კანონი კანონად იქცეოდა და კანონპროექტი იყო, საკუთარი პოზიცია დაუფიქსირებია. პარლამენტმა მშვენივრად იცის, რომ მისი შუამდგომლობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარი პრაქტიკა (შესაბამისი ლინკი კომენტარებში), რომლის მიხედვითაც არათუ კანონპროექტზე პოზიციის დაფიქსირება, არამედ სადავო ნორმისთვის მიცემული ხმაც კი (როცა, ვთქვათ, მოსამართლე წინათ დეპუტატი იყო) არ არის საკმარისი მოსამართლის აცილებისთვის. მაშინ რაშია საქმე? თითზე ჩამოსათვლელი პატიოსანი მოსამართლე გვყავს. ისინი მეტისმეტად თვალში საცემი არიან კლანურ მმართველობას დაქვემდებარებულ სისტემაში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს მმართველ გუნდს და მათი პოზიციების დელეგიტიმაციას ცდილობს. მაგრამ არ გამოვა, იმიტომ არ გამოვა, რომ ჩვენ გვინახავს ამ ხალხის გადაწყვეტილებები მძიმე დროში, მათი პრინციპულობა, მათი მიუკერძოებლობა“, — წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.
მას არგუმენტად მოჰყავს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.“ განჩინებაში ვკითხულობთ:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში საქმეს განიხილავს ის მოსამართლე, რომელიც წარსულში პარლამენტის წევრის სტატუსით მონაწილეობდა ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის მიღებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ევალება იყოს მის საქმიანობაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. ამგვარად, მაღალი პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირების მიმართ მოქმედებს ვარაუდი, მოლოდინი, რომ ისინი საქმიანობას განახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას და საქმის შეფასებასა თუ გადაწყვეტას გულისხმობს კონსტიტუციის საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსულში კოლეგიური ორგანოს მიერ რომელიმე, მათ შორის, სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა, თავისთავად, ვერ გამოდგება მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძვლად“.
გიორგი კვერენჩილაძე 2016 წლის 12 სექტემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კვოტით დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. მანამდე მას ეკავა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა.
კვერეჩხილაძის აცილების შესახებ ანრი ოხანაშვილის განცხადებას რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის (2005-06 წლები), რომელიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ექსპერტად პოზიციონირებს, ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გიორგი კვერენჩხილაძის „ნაცმოსამართლედ“ მოხსენიება.
„კელი დეგნანის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მორიგი ფაქტი – რუსთაველის თეატრში გამართულ მიღებაზე აშშ-ის ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოდან მხოლოდ სამი მოსამართლე, ღიად ნაცი კვერენჩხილაძე, იმერლიშვილი და ტუღუში დაპატიჟა, ხოლო ობიექტური მოსამართლეები არ შეიმჩნია… არის კიდევ კითხვები?“ – დაწერა ნიკოლეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე ირინე იმერლიშვილი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.
საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 მოსამართლისგან შედგება.
გიორგი კვერენჩხილაძე, ირინე იმერლიშვილი და თეიმურაზ ტუღუში, თამაზ ცაბუტაშვილთან ერთად, არიან საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ოთხ მოსამართლეს შორის, რომლებმაც 2020 წელს პლენუმის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირეს და თქვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, ერთი მხრივ, საბჭოს წევრებს არ უზრუნველყოფს კანდიდატთა სათანადოდ შერჩევისთვის საჭირო მექანიზმებით, მეორე მხრივ კი, საერთოდ არ შეიცავს გარანტიებს, რომელიც საბჭოს წევრების თვითნებობისა და მიუკერძოებლობისაგან დაიცავს შერჩევაში მონაწილე კანდიდატებს.