ახალი ამბები

პარლამენტმა მოსამართლის დისციპლინურ დასჯაზე კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

29 დეკემბერი, 2021 • 2446
პარლამენტმა მოსამართლის დისციპლინურ დასჯაზე კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით, 7-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით და კორექტირებული სახით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება.

ინიცირებული ვარიანტისგან გასნხვავებით, კანონპროექტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელების გამოყენებას ითვალისწინებს, როგორიცაა სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში. კანონპროექტიდან ასევე ამოღებულია ჩანაწერები მოსამართლის მიმართ ორი ან მეტ გადაცდომაზე დისციპლინური დევნის შემთხვევაში მოსამართლის ჩამოცილებისა და აზრის გამოთქმისას “ზომიერებისა და გაწონასწორებულობის” კრიტერიუმის დარღვევაზე დისციპლინური სასჯელის დაწესების შესახებ.

ამასთან, გადაცდომად ჩაითვალება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა.

პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება და სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, საბჭოს უმრავლესობა იქნება. კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება/განახევრება ყველა ეტაპზე, რაც “სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება”.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

აზრის გამოთქმისას „ზომიერების კრიტერიუმის“ დარღვევისთვის მოსამართლე დაისჯება – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი