ახალი ამბები სპონსორებისგან

საქართველოში მაუწყებლების უმრავლესობამ, რომელთა ეთერში ახალი ამბები დასპონსორებულია, ”ნეტგაზეთისგან” გაიგო საკანონმდებლო შეზღუდვის შესახებ. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ვალდებულია აკონტროლოს მაუწყებლები, სპონსორობასთან დაკავშირებით დარღვევები დაფიქსირებული არა აქვს.

საქართველოში მაუწყებლების უმრავლესობამ, რომელთა ეთერში ახალი ამბები დასპონსორებულია, ”ნეტგაზეთისგან” გაიგო საკანონმდებლო შეზღუდვის შესახებ. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ვალდებულია აკონტროლოს მაუწყებლები, სპონსორობასთან დაკავშირებით დარღვევები დაფიქსირებული არა აქვს.

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ:თავი VIII, 69-ე მუხლი, მე-2 პუნქტი:,,იკრძალება შემდეგი სახის პროგრამების სპონსორობა:

ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა);

ბ) რეპორტაჟები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე”;

 

 




იხილეთ ასევე მიმაგრებული აუდიო მასალები;

 

ეს ის კანონდარღვევებია, რომლებიც  ,,ნეტგაზეთმა”  აღმოაჩინა. მასალების მოგროვების შემდეგ ყველა მაუწყებელს დავუკავშირდით.

 ,,ნეტგაზეთი”: იცით თუ არა რომ ახალი ამბებისა და სოციალური სიუჟეტეის სპონსორობა კანონით აკრძალულია?

  ნინო გაბრიაძე, რადიო ,,იმედის” გენერალური დირექტორი:

,,არა, პირველად მესმის. რაც თავი მახსოვს, ამ რადიოში ახალ ამბებს სულ ჰყავს სპონსორი”.

 მაია მაზანაშვილი, რადიო ,,ფორტუნას” მარკეტინგის მენეჯერი:

,,ეგ არ ვიცოდი, მართლა? როდიდან?”

 შიო აფრიდონიძე, რადიო ,,ძველი ქალაქის” სარეკლამო აგენტი:

,,ვინ გითხრათ ეს? რა კანონში წერია? ახალი კანონია? კარგად გადაამოწმეთ, რადგან რეგიონალურ სადგურებზე მგონი ცოტა სხვანაირადაა საქმე”.

 სოფო ქევანიშვილი, რადიო ,,ქალაქის” მარკეტინგის მენეჯერი:

,,არ ვიცოდი. მე დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში. ვიყავი რადიო ,,უცობის” მარკეტინგის მენეჯერი და იქაც სპონსორდებოდა ახალი ამბების გამოშვება. სხვა რადიოებს უფრო მეტი სპონსორი ჰყავთ”.

 ნეტგაზეთი რადიო ,,უცნობსაც” დაუკავშირდა. რადიოს მარკეტინგის მენეჯერმა, გიორგი ყიფიანმა თქვა, რომ ამჟამად რადიო ,,უცნობის” ახალი ამბების გამოშვებას სპონსორი არ ჰყავს. მაუწყებელობის შესახებ კანონის 69-ე მუხლი კი მისთვისაც უცნობი იყო:

 ,,ეს არის ახალი გამოშვება, ამიტომ, ჯერჯერობით, სპონსორი არ გვყავს. ისე,  რამდენიმე მსურველი არსებობს და, ჯერჯერობით,  მოლაპარაკების პროცესია. კანონს რაც შეეხება, არ მსმენია ამის თაობაზე. როდის შევიდა ეს კანონი ძალაში? თქვენ გინდათ თქვათ, რომ არც ერთი რადიოს ახალი ამბები არ არის გაყიდული?”

 ,,ნეტგაზეთი” ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-საც დაუკავშირდა, მაგრამ ტელეკომპანიის გაყიდვების სამსახური ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა.

 საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ 2004 წლის 24 დეკემბრიდან ამოქმედდა. საკანონმდებლო აქტის 69-ე მუხლით პროგრამის სპონსორს ეკრძალება რაიმე გავლენა მოახდინოს მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსზე.

 საკანომდებლო აქტი ზუსტად განსაზღვრავს იმასაც თუ რა არის სპონსორობა;

 ,,პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით”.

 კანონის თანახმად, გადაცემის ან სიუჟეტის სპონსორობა სანაცვლოდ  დამფინანსებლის პროდუქციის რეკლამირებას გულისხმობს. იურისტების განმარტებით, ამან შეიძლება მაყურებლის უფლება – მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, შეზღუდოს.

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია:

 ,,ამ აკრძალვით კანონმდებელმა სპონსორის ზეგავლენისაგან ის გადაცემებიც კი დაიცვა, რომელიც შეიძლება დააფინანსოს სპონსორმა. ახალი ამბები კი ისეთი სფეროა, რომელზეც რაიმე სახის ზეგავლენა დაუშვებელია.  ეს არის ობიექტურად დაბალანსებული და ზუსტი ცნობების მიწოდების აუცილებლობა. სპონსორობამ შეიძლება ამას საფრთხე შეუქმნას. ამიტომ კანონში ეს პუნქტი კონკრეტულად განისაზღვრა”.

 მედია სამართლის სპეციალისტი, სანდრო ბარამიძეც ამბობს, რომ სოციალური სიუჟეტებისა და ახლი ამბების სპონსორობამ შეიძლება პირდაპირი კავშირი იქონიოს  გადაცემის შინაარსზე:

 ,,თუ მე ვარ ასეთი გადაცემის სპონსორი, მე შემიძლია ვუკარნახო ამ პროგრამის მომმზადებელს რა გააშუქოს და რა არა. ისე წარმოაჩინოს გადაცემაში თუ სიუჟეტში ფაქტები და მოვლენები, როგორც მე, ანუ შემკვეთს, მაწყობს”.

 ვის ევალება მაუწყებელთა კონტროლი?

 ,,საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ” ლიცენზირებული მაუწყებლების კონტროლს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აკისრებს.

 მე-5 მუხლი, მე-3 პუნქტი, ,,ე”_ქვეპუნქტის მიხედვით კომისის ერთ-ერთი ფუნქციაა:

 ,,ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება”.

 კომისიაში საკანონმდებლო დარღვევის აღმოჩენის ორი გზა არსებობს.  მაუწყებელთა მონიტორინგი, რომელსაც კომისია ყოველდღურად ატარებს  და კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით შესული საჩივარი.

 ,,ნეტგაზეთმა” კამუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ბოლო ორი წლის მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტები გამოითხოვა. ასლებში არ აღმოჩნდა მაუწყებელთა კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის ამსახველი დოკუმენტები.

 კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ამ კანონდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი კომისიაში არ შესულა.

 ,,ნეტგაზეთმა” კომისიას თხოვა წერილობით  აეხსნა, თუ რატომ არ არის ასახული კომისიის მონიტორინგში ეს კანონდარღვევა.

 მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანმა, ხატია ყურაშვილმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კომისიას არ შეუძლია ამ თემაზე რაიმე დამატებითი ინფორმაციის გაცემა.

 ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იმ რეპორტაჟებს იხსენებს, რომლებიც “კურიერ პოსტსკრიპტუმმა”  “ავერსს” მიუძღვნა. ,,ეს იმ დროს დაემთხვა, როცა ბეჭდურ მედიაში გაჩნდა სტატიები, რომ “ავერსი” მონოპოლისტია. “რუსთავი 2”-მა ჯერ “ავერსის” პროდუქტისა და მომსახურების შესახებ სიახლეები გააცნო მაყურებელს, ბოლოს კი “პოსტსკრიპტუმში” კომპანიის დამფუძნებელს, პაატა კურტანიძეს მიუძღვნა დამაგვირგვინებელი სიუჟეტი – უყურეთ, აი, ეს არის მომავლის ბიზნესმენიო”, – აღნიშნავს ჟუნალისტი ზვიან ქორიძე ჟურნალ „ლიბერალთან“. 

 ახალი ამბების სპონსორობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლის დეკანს, მაია მიქაშავიძეს  დაუშვებლად მიაჩნია:

 ,,საინფორმაიო გამოშვება არის ფაქტებზე დაფუძვნებული. სპონსორობა კი გულისხმობს სპონსორის ინტერესების იყოს გათვალისწინებას გადაცემაში. ეს შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს გამოშვების შინაარსთან. ამიტომ მე სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია ახალი ამბების სპონსორობა”.

 ,,ნეტგაზეთმა” რადიოების ახალი ამბების გამოშვება 6 აპრილს, დილით ჩაწერა. იმავე დღეს  ტელეფონით ყველა მათგანს დაუკავშირდა. რადიო ,,ფორტუნას” 6 აპრილის ახლი ამბების საღამოს 10 საათის გამოშვებაში გადაცემის სპონსორები აღარ დაასახელა.

 7 აპრილს რადიო ,,ფორტუნა” თავად დაუკავშირდა ,,ნეტგაზეთს”. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე. ნათია ხუროშვილმა განმარტა, რომ რადიო ,,ფორტუნას” საინფორმაციო გამოშვებას სპონსორი აღარ ყავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლიკა გიგინეშვილი