ახალი ამბები

საპროცესო კანონის დარღვევები, განხილვის გაჭიანურება და სხვა – 20-ზე მეტი NGO გრიგორიადისის საქმეს აფასებს

1 აპრილი, 2024 • 607
საპროცესო კანონის დარღვევები, განხილვის გაჭიანურება და სხვა – 20-ზე მეტი NGO გრიგორიადისის საქმეს აფასებს

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხილვები უსაფუძვლოდ ჭიანურდება. საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში ისინი ვარაუდობენ, რომ გრიგორიადისი “სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს”.

“ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურების და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლანური სასამართლოს ხელში ლაზარე გრიგორიადისი სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს […]

დღეისათვის ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა უკვე უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კიდევ ერთი ასპექტის – საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი ეხმიანებიან გრიგორიადისის ბოლო სასამართლო სხდომის გადადებას იმ მოტივით, რომ თავად ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გრიგორიადისს პროცესზე დისტანციურად დასწრების უფლება არ მისცა. მან მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს “არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი”, რის გამო ვერ ახერხებდა გრიგორიადისი სასამართლოში გამოცხადებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ სხდომაზე დისტანციურად დასწრება ბრალდებულის უფლებაა, რომლის გამოყენებისას არავითარი მიზეზის დასახელება საჭირო არ არის. მათი თქმით, მოსამართლე ზვიად შარაძემ “უხეშად დაარღვია სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისს მოსთხოვა ის, რაც მას კანონით არ ევალება”.

“სხვათა შორის, მიზეზის დასახელება სავალდებულოც რომ ყოფილიყო, ასეთი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისმა დაასახელა – მან თქვა, რომ სტრესის გამო უჭირს ხალხით გაჭედილ დარბაზში ყოფნა. თუმცა მოსამართლემ სრულებით უგულებელყო ეს მიზეზი.

ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე შეასრულებს დაპირებას და მომდევნო სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას ლაზარე გრიგორიადისს სხდომაზე არგამოცხადებად ჩაუთვლის, რასაც შედეგად სხდომის ლაზარე გრიგორიადისის დაუსწრებლად ჩატარება მოჰყვება”, – აცხადებენ ორგანიზაციები და ამატებენ, რომ ეს იქნება კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, მსგავსი შემთხვევების სისტემური ხასიათი აჩვენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესასრულებელი 9 დათქმიდან ერთ-ერთის, ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღების აუცილებლობას. ორგანიზაციების თქმით, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების გარეშე “ვერც სასამართლო სისტემა გაჯანსაღდება და, აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სიას ექნება დასასრული”.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
  • მედიაომბუდსმენი;
  • ქვიარ ასოციაცია – თემიდა;
  • დემოკრატიის მცველები;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch);
  • ყვარლის ევროკლუბი;
  • „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ (FAD);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია;
  • „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR;
  • Სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);
  • Შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“;
  • ქალი და განვითარება;
  • ფემინისტური ინიციატივების ფონდი;
  • გურიის სამოქალაქო ცენტრი;
  • ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”;
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF);
  • რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG);
  • ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP);
  • მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”;
  • ფენიქსი 2009;
  • ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 8 აპრილს გაიმართება.
ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი