სამართალი

მოკლა თუ არა პოლიციელმა მოქალაქე გაუფრთხილებლობით – საქმის დეტალები

22 აპრილი, 2022 • 5695
მოკლა თუ არა პოლიციელმა მოქალაქე გაუფრთხილებლობით – საქმის დეტალები

რა ვიცით ამ დროისათვის წყნეთში პოლიციელის მიერ მოქალაქის „გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ საქმეზე?

„ნეტგაზეთმა“ სცადა, მხარეებზე დაყრდნობით, 18 აპრილს წყნეთში განვითარებული მოვლენების პირველადი სურათი აეწყო.

ვინ არის ბრალდებული

ბრალდებული, რომელსაც სასამართლომ 21 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, არის გამომძიებელი ერიკ წურწუმია.

ოჩამჩირეში დაბადებული 35 წლის ერიკ წურწუმია ამჟამად თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს.

იგი 2020 წელს დაინიშნა ძველი თბილისის IV სამმართველოს დეტექტივის პოზიციაზე და მას შემდეგ ამ პოსტზე მუშაობს.

რა მოხდა 18 აპრილს – ბრალდების მხარის ვერსია

2022 წლის 18 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, ერიკ წურწუმია სამმართველოს უფროსთან ერთად პოლიციის მანქანით გადაადგილდებოდა, როცა „ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ“ ინფორმაცია ტელეფონზე მიიღო.

17:40 საათისათვის წურწუმია და მისი უფროსი, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „შესაძლო დანაშაულის ადგილას“, ავტომობილით შორიახლოს მივიდნენ.

„შესაძლო დანაშაულის ადგილი“ წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა.

სამმართველოს უფროსი, – რომლის ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია, – მანქანაში დარჩა, წურწუმია კი მანქანიდან გადავიდა.

მანქანიდან გადმოსულმა წურწუმიამ დაინახა გაჩერებული ტაქსი და ახალგაზრდა კაცი,  რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზურაბ გველესიანი იყო.

„[წურწუმია] გადმოვიდა მანქანიდან, მივიდა ტერიტორიაზე, შეამჩნია, რომ შესაძლოა, პირის [გველესიანის] დაკავების საფუძველი უკვე არსებობდა და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა ცეცხლსასროლი იარაღი“, – ამბობს პროკურორი ლევან ქუთათელაძე.

პროკურორის თქმით, ერიკ წურწუმიამ იარაღი სასროლო მდგომარეობაში „წინააღმდეგობის არარსებობის მიუხედავად“ მოიყვანა,  როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა.

პროკურორის თანახმადვე, პოლიციელი ჯერ „იარაღის გამოყენებით“ ეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას, მაგრამ გველესიანი არ დაემორჩილა, რის გამოც წურწუმია ამჯერად „შებოჭვის გზით“ შეეცადა მის დაკავებას,  ისე, რომ იარაღი ისევ „საბრძოლო მდგომარეობაში“ იყო.

„დაკავებისას ერიკ წურწუმიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა ზურაბ გველესიანის მიმართულბით, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია“, – ამბობს პროკურორი.

დაღუპულს ჭრილობა გულმკერდის არეში, წინა მხრიდან აქვს მიყენებული.

დაცვის მხარის ვერსია

პროკურორის თანახმად, ბრალდებული პოლიციელი დუმილის უფლებას იყენებს.

როდესაც სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ წურწუმიას პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარეს ამაზე წინააღმდეგობა არ გაუწევია.

წურწუმიას მეორე ადვოკატმა, თეონა გვაზავამ თქვა, რომ მიაჩნია, მოსამართლის განჩინებაში არ უნდა ჩაიწეროს „ხელოვნური რისკები“, რაზეც პროკურორები, ლევან ქუთათელაძე და ანრი არსენიშვილი მიუთითებდნენ, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეების გამო.

დაცვის მხარის თანახმად, ეს რისკები არ არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თავად გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და წუხს მომხდარზე.

21 აპრილს, სასამართლო სხდომაზე ერიკ წურწუმიამ, მოსამართლის ნებართვის შემდეგ, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა:

„სამწუხარო ფაქტი მოხდა… მძიმე მარხვის ჟამს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ცოდვით ამით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება… ვცდილობ, როცა წარმოვიდგენ ხოლმე, ყოველ ჯერზე გადავათამაშო, რა მოხდა… ვერაფერს ვერ შევცვლი“.

„მტკიცებულების განადგურება“

ჟურნალისტებთან საუბრისას მისმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმე მიუთითებს:

„სანამ [სავარაუდოდ] ნარკოტიკული საშუალება იქნებოდა ნაპოვნი, არაერთხელ შესთავაზა პოლიციელმა [წურწუმიამ ზურაბ გველესიანს], რომ შეეწყვიტა ძებნა, ვინაიდან აქ უამრავი ადამიანი ამოდიოდა, ეძებდა [ნარკოტიკებს] და ვერ პოულობდა“.

ჩომახაშვილის თქმით, როდესაც დაღუპულმა ზურა გველესიანმა „იპოვა [ნარკოტიკი], რა წამიდანაც გაჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, პოლიციელმა [განუცხადა], რომ იყო დაკავებული და მოუწოდა, არ გაენადგურებინა მტკიცებულება“.

ბრალდებულის ადვოკატის, თეონა გვაზავას თანახმად, პოლიციის შესახებ კანონი პოლიციელებს ავალდებულებს, რომ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა აღკვეთოს მტკიცებულების განადგურება, რადგან ისეთი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, როგორიც ნარკოდანაშაულია, „თუ ნივთმტკიცებულება არ არსებობს, არ არსებობს ქმედების შემადგენლობა“ [დანაშაული].

გვაზავამ სასამართლოზე ასევე განაცხადა, რომ „ოქმებში დაფიქსირებულია, რომ ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა განადგურებას კონკრეტული პირის მხრიდან“ [სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ 19 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზურაბ გველესიანმა „გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი“].

„ნეტგაზეთმა“ პროკურორ ლევან ქუთათელაძეს ჰკითხა, რა იყო ის ნივთი [როგორც დაცვის მხარე ამბობს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება], რის „განადგურებასაც“ ცდილობდა დაღუპული მოქალაქე, რაზეც მან გვიპასუხა:

„ამ ყველაფერზე იქნება პასუხი, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი საექსპერტო კვლევა უნდა ჩატარდეს. ამოღებულია არაერთი ნივთი შემთხვევის ადგილიდან და პერიოდულად და ეტაპობრივად გავრცელდება ყველა მაგ დეტალზე ინფორმაცია“.

პროკურორი ლევან ქუთათელაძე

დაცვის მხარის ვერსია სროლაზე

ადვოკატმა თეონა გვაზავამ სასამართლო სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ “ყველა პირი მიუთითებს”, რომ ერიკ წურწუმიას კონკრეტულ კანონიერ მოთხოვნას, “შეჩერებულიყო, რადგან ის იყო დაკავებული”, გველესიანი არ დაემორჩილა:

„სწორედ [მის მიერ] განხორციელებულმა ზემოქმედებამ, ხელის აკვრამ, მიგვიყვანა იმ ფატალურ შედეგამდე, რის გამოც ბრალდებული დღეს აქ იმყოფება, რასაც ძალიან განიცდის“, – განაცხადა გვაზავამ.

სროლასთან დაკავშირებით ადვოკატმა სასამართლოზე ასევე განაცხადა, რომ „სხვა მოწმეების მსგავსად, [ერიკ წურწუმიამ] ვერც კი გაიაზრა, რომ სწორედ [მისი] ნასროლი ტყვიის, გავარდნილი გასროლის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი“ და „ის თავად რეკავდა სასწრაფოში ახალგაზრდის დახმარების მიზნით“.

რა დაზიანება აქვს პოლიციელს

ადვოკატმა, თეონა გვაზავამ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას ასევე ისაუბრა ერიკ წურწუმიას დაზიანებაზე, რაც, ადვოკატის თქმით, გველესიანის დაკავების პროცესში მიიღო:

„დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ბრალდებულს აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც მან მიიღო იმ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის დროს, რომელსაც ახორციელებდა კონკრეტული პირის [გველესიანის] მიმართ დაკავების პროცესში“.

ადვოკატ გვაზავას ამ რეპლიკას „გასაკვირი“ უწოდა ერთ-ერთმა პროკურორმა და განაცხადა:

„გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის გასაკვირია იმ დაზიანებაზე აპელირება, რაც მითითებულია დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში. ამ ოქმს ხელს აწერს როგორც გამომძიებელი, ისე ბრალდებულის მიერ შერჩეული ორი კვალიფიციური ადვოკატი, რომელბიც დღეს აქ არიან წარმოდგენილნი. და ოქმში პირდაპირ არის მითითებული, რომ დაზიანება, – ორი ერთსანტიმეტრიანი ნაჭდევი, ნაკაწრი მარცხენა ფეხთან, კოჭთან, რაც ბრალდებულს აღენიშნება, – როგორც ბრალდებულმა თავად განმარტა, არანაირ შემხებლობაში არ არის მის მიერ პირის დაკავების მცდელობასთან და ეს [დაზიანება მიღებული] იყო დაკავების განხორციელებამდე. და ამ ოქმს დაცვის მხარის ადვოკატები აწერენ ხელს“.

პროკურორის ამ რეპლიკაზე პასუხად თეონა გვაზავამ განაცხადა, რომ ამ ოქმში, რაზეც მისი და ირაკლი ჩომახაშვილის ხელმოწერაა, წერია, რომ წურწუმიას თანახმად, აღნიშნული ნაჭდევის მიყენება მოხდა წურწუმიას დაკავებამდე [ანუ ეს დეტალი აღწერს არა გველესიანის დაკავების მცდელობის ინციდენტს, არამედ იმ გარემოებას, დაკავებისას ან ამის შემდეგ, წურწუმიაზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა].

იკვეთება თუ არა სამმართველოს უფროსის ბრალეულობა?

ჟურნალისტების კითხვაზე, იკვეთება თუ არა წურწუმიას ზემდგომის, პოლიციის სამმართველოს უფროსის ბრალეულობა ამ საქმეში, – რატომ არ ჩაერია იგი საქმეში და იყო თუ არა ეს გულგრილობა, – პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ განაცხადა:

„[მანქანაში მყოფი] პოლიციელები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ შესაძლო დამნაშავე პირთან მივიდოდა რიგითი თანამშრომელი და სამმართველოს უფროსი ავტომობილში დარჩებოდა… როდესაც პოლიციის სამმართველოს უფროსმა დაინახა, რომ მისი კოლეგა აპირებდა პირის დაკავებას, იგი ავტომობილით მივიდა, გადმოვიდა ავტომობილიდან და გადმოსვლისთანავე გაიგონა გასროლის ხმა. ამ მოცემულობით, რასაც თვითმხილველები ადასტურებენ, ყველა ეს მტკიცებულება ერთიანობაში ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ ერთი პირის ბრალეულობა“.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად კი მან განაცხადა, რომ „გამოძიება გრძელდება … და შეიძლება, გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე პირი“, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ წურწუმიას ბრალეულობაზე შეუძლია ისაუბროს.

ბრალდების დეტალები

ერიკ წურწუმიასთვის წარდგენილ ბრალდებას ორი ნაწილი აქვს:

  1. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით (სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი), – რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.
    1. ეს ბრალდება უკავშირდება იმ ეპიზოდს, როდესაც ერიკ წურწუმიამ იარაღი ნაადრევად ამოიღო და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.
    2. პროკურორი ქუთათელაძის თანახმად, პოლიციელს იარაღი იმ დროს არ უნდა გადაეტენა, „პოლიციის შესახებ კანონის მიერ მკაცრად განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით“.
  2. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (სსკ-ს 116-ე მუხლი), – რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ნეტგაზეთმა“ პროკურორ ლევან ქუთათელაძეს ჰკითხა, რატომ მიმდინარეობს გამოძიება „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ მუხლით და არა, სიტყვაზე, „არაპირდაპირი განზრახულობის“ მუხლით [რაც უფრო მძიმეა], რაზეც პროკურორმა გვიპასუხა:

„ამ ეტაპზე იკვეთება გაუფრთხილებლობა… არანაირი განზრახვა არ ჰქონია პოლიციის თანამშრომელს, რომ [მოეკლა მოქალაქე]“.

განსხვავება მუხლებს შორის

სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი, რითაც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. განზრახ მკვლელობა კი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 და მე-10 მუხლები ასე განსაზღვრავს განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს:

განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. შესაბამისად, განზრახ მკვლელობაც, შესაძლოა, ჩადენილი იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვით.

  • ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას;
  • ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის [ამ შემთხვევაში, სიკვდილის] დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

ამისგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

  • ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა;
  • ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, ის ფაქტი, რომ პოლიციელმა ადრევე ამოიღო იარაღი და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ნიშნავს თუ არა, რომ შეიძლება „არაპირდაპირ განზრახულობასთან“ გვქონდეს საქმე, პროკურორმა გვიპასუხა:

„იარაღი რომ ამოიღო და მოიყვანა საბრძოლო მზადყოფნაში, მათ შორის, მაგ კომპენენტზე აქვს წარდგენილი ბრალი უფლებამოსილების იარაღით გადამეტებაზე, 5-დან 8 წლამდე“.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ერიკ წურწუმიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 ივნისს, 13 საათზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი