სამართალი

ბრიუსელის კითხვები თბილისს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე

15 აპრილი, 2022 • 1621
ბრიუსელის კითხვები თბილისს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილ კითხვარში, რომელიც 15 აპრილს გასაჯაროვდა, საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს ბრიუსელის კითხვებს ქვეყნის ეკონომიკასთან, სამართლებრივ სისტემასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, კითხვარის შევსება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია.

რა კითხვები აქვს ევროკავშირს საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომელშიც გატარებული თუ გაუტარებელი რეფორმები არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციისა და დასავლეთის კრიტიკის ობიექტია?

გასაჯაროებული კითხვარიდან „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ კითხვებს, რომელიც სასამართლოს დამოკიდებლობას ეხება:

გაწერილია თუ არა უმაღლეს დონეზე პრინციპი მაგისტრატი [მოსამართლეების] შესახებ? არიან თუ არა ისინი კონსტიტუციაში და შიდა კანონმდებლობაში? როგორაა დაცული სასამართლოს უფლებები? იყო თუ არა საჩივრები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პროკურორების ავტონომიაზე? თუ იყო, როგორ მოგვარდა? როგორი აღქმაა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პროკურორების ავტონომიაზე საზოგადოებაში და რა ინდიკატორები განაპირობებს ამ აღქმას?

აქვთ თუ არა მოსამართლეებს შიდა და გარე დამოუკიდებლობა ცალკეული საქმისას? იძლევა თუ არა სისტემა იმის გარანტიას, რომ ყოველი მოსამართლე, გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში, დამოუკიდებელია სხვა მოსამართლეებისგან და ზემდგომი სასამართლოებისგან? რა ზომები უზრუნველყოფს სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობას? დამოუკიდებელია თუ არა უზენაესი ან სხვა ზემდგომისგან ქვემდგომი სასამართლოები? ეკრძალება თუ არა უზენაეს ან სხვა ზემდგომ სასამართლოს ინსტრუქციების, რეკომენდაციის, ახსნა-განმარტების გაცემა ან ზედამხედველობა ქვემდგომი სასამართლოების? აქვთ თუ არა სასამართლოს ხელმძღვანელ თანამდებობებს უფლებები შეფასებისთვის, შექებისთვის ან დისციპლინისთვის? თუ ასეა, რა მექანიზმები არსებობს შიდა სასამართლო იერარქიის გავლენისგან დასაცავად?

აქვთ თუ არა პროკურორებს ცალკეულ საქმეზე მუშაობისას შესაბამისი ავტონომია? უნდა იყოს თუ არა გაწერილი იერარქიული ინსტრუქციები და უნდა იყოს თუ არა ისინი საქმეში ან/და იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის? არის თუ არა ინსტრუქციები დევნაზე უარის თქმის შესახებ და თუ ასეა, რა გარანტიები არსებობს? აქვთ თუ არა დაბალი რანგის პროკურორებს დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, წინააღმდეგობა გაუწიონ უფროსთა იერარქიულ ინსტრუქციებს? როგორაა უზრუნველყოფილი ბრალდების მხარისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა ფინანსური თვალსაზრისით?

როგორ შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის გადაწყვეტილება ბრალდებების არწაყენების ან საქმის დახურვის შესახებ მაშინ, როცა საქმეში არ არის ცხადი მსხვერპლი, მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი?

საფრთხეები მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის და პროკურორთა ავტონომიისთვის: არსებობს თუ არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებითაც ადამიანს, რომელიც მოსამართლეებსა და პროკურორებზე გავლენის მოხდენას ცდილობს, სანქციები დაეკისრება? რომელ ორგანოს შეუძლია კონკრეტული პროცედურების გატარება სასამართლო დამოუკიდებლობის/პროკურორთა ავტონომიის დასაცავად, როცა მოსამართლე/პროკურორი მიიჩნევს, რომ მისი დამოუკიდებლობა/ავტონომია საფრთხის ქვეშაა? ჩამოთვლილთაგან რომელ ზომათა მიღება შეიძლება ამ შემთხვევაში?

  • ფორმალური განცხადების/პრეს-რელიზის გამოქვეყნება;
  • საჩივრის დაწერა/ზემდგომისთვის შეტყობინება;
  • შეუსაბამო გავლენის მომხდენის წინააღმდეგ სანქციების დაწესება;
  • პროკურატორის შესაძლო რეაგირება;
  • უზენაესი სასამართლოს შესაძლო რეაგირება;
  • იუსტიციის საბჭოს ან ინსპექციის შესაძლო რეაგირება;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლო რეაგირება.

აღწერეთ სასამართლო თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნის მეთოდები და კრიტერიუმები. როგორ პოულობენ მოსამართლეებსა და პროკურორებს (არის თუ არა კონკურენტული და საზოგადოდ დაწერილი გამოცდები ანონიმური შედეგებით; ხელმისაწვდომია თუ არა საზოგადოებისთვის კითხვები; მიდის თუ არა კანდიდატთა სისტემიური ინტერვიუირება; ტარდება თუ არა CV-ის შედარება და ა.შ.).

აღწერეთ მოსამართლეთა (მათ შორის ზემდგომი სასამართლოების და სასამართლოების თავმჯდომარეების) და პროკურორების დანიშვნის პროცედურა: საკონსტიტუციო და საკანონმდებლო საფუძველი, კომპეტენტური ორგანოები, კრიტერიუმები, თავმჯდომარეთათვის თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეზღუდვა, სასამართლო შემოწმება. როგორ უზრუნველყოფს არჩევისა და დანიშვნის პროცედურა საუკეთესოთა დანიშვნას? არის თუ არა გადახვევა დამსახურებების მიხედვით დანიშვნის პრაქტიკისგან? თუ ასეა, რა კანონიერი საფუძვლით?

დაწინაურება: ფასდება თუ არა სასამართლო თანამდებობის პირების მუშაობა? თუ ასეა, აღწერეთ შესაბამისი ორგანო და შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები. არის თუ არა დაწინაურების კრიტერიუმი ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ეფექტიანობა და პატიოსნება? კარიერის რა ტიპია საქართველოში (დაფუძნებული დამსახურებებზე, მუშაობის ხანგრძლივობაზე, შერეული)? არსებობს თუ არა მოსამართლეთა და პროკურორთა დაწინაურების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემა? არის თუ არა დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე?

მოსამართლეთა გადაუყენებლობა: არის თუ არა სისტემაში გათვალისწინებული მოსამართლეთა და პროკურორთა გადაუყენებლობა? არის თუ არა მოსამართლეთა [სხვა სასამართლოში] გადაყვანისგან დაცვის მექანიზმი მათი თანხმობის გარეშე? თუ ასეთი გადაყვანა ნებადართულია, შეიძლება თუ არა მოსამართლეებს სხვა რეგიონში ან სასამართლოში გადასვლა მოსთხოვონ მათი თანხმობის გარეშე? ვინ და როგორ იღებს მოსამართლის გადაყვანის გადაწყვეტილებას მისი თანხმობის გარეშე? შეუძლიათ თუ არა მოსამართლეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება?

რა პროცედურით ხდება მოსამართლეთა დანიშვნა კონკრეტულ სასამართლოებსა თუ რეგიონებში? ვინ იღებს გადაწყვეტილებას ამის შესახებ და რა მიზეზით (ორგანიზაციული, დისციპლინარული)? შეიძლება თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრება?

აღწერეთ მოსამართლეთა და პროკურორთა გათავისუფლების პროცედურა (საკანონმდებლო საფუძელი, ორგანო, რომელიც პროცედურას იწყებს, გათავისუფლების მიზეზი და ა.შ.). რომელ ორგანოს აქვს უფლებამოსილება, გამოვიდეს ინიციატივით და მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის/პროკურორის გათავისუფლებაზე და მოსამართლის გაწვევაზე? არის თუ არა სამართლებრივი საშუალება გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის?

შეიძლება თუ არა დისციპლინარული ორგანოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება სასამართლოში?

შეიძლება თუ არა, საქმე ერთი მოსამართლიდან მეორეს გადაეცეს და თუ კი, ვის შეუძლია ეს და რა პირობებში? არის თუ არა საქმის გადაცემის პროცედურა გაწერილი კანონში? თუ ასეა, აღწერეთ, როგორ მუშაობს ეს პროცედურა? შეუძლიათ თუ არა მოსამართლეებს ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრება და ვისთანაა გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი?

შემოსული საქმეების გადაცემა სასამართლოსა და პროკურორაში: არის თუ არა ობიექტური კრიტერიუმები საქმეების გადანაწილებისთვის, რაც თავიდან აიცილებს საქმეების გადანაწილებაზე გავლენის მოხდენას საქმის მხარის ან საქმის შედეგით დაინტერესებული პირის გავლენას? როგორ ნაწილდება საქმეები (მაგ. წინასწარ განსაზღვრული წესრიგით, სასამართლოს თავმჯდომარის/მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, შემთხვევითობის პრინციპით) და ვინ უწევს ზედამხედველობას საქმეების გადანაწილებას?

რა ხელფასს იღებენ მოსამართლეები და პროკურორები და არსებობს თუ არა პრემიის/ბონუსების სისტემა? როგორია ხელფასი სხვა პროფესიებთან (ადვოკატები, კერძო პრაქტიკის იურისტები, მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეები) და საშუალო ხელფასთან შედარებით? როგორ ითვლება ხელფასები და ვინ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას? არის თუ არა საზოგადოებისთვის ღია ინფორმაცია ბონუსების გაცემის სისტემაზე?

იღებენ თუ არა მოსამართლეები/პროკურორები არაფულად ანაზღაურებას, როგორიცაა უფასო დაბინავება, უძრავი ქონება და ა.შ. ან ფულად კომპენსაციას ტრანსპორტის, კვებისა და სხვა ხარჯების დაფარვის სახით? თუ ასეა, ვინ იღებს გადაწვყეტილებას არასახელფასო ანაზღაურების შესახებ და რა კრიტერიუმით? როგორი ვითარებაა სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრივ და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს მაგ შემთხვევაში? გთხოვთ ჩამოთვალოთ მოსამართლეთა და პროკურორთა მიერ მიღებული ყველა სახის ანაზღაურება.

როგორი საკანონმდებლო ჩარჩო მოქმედებს მოსამართლეთა და პროკურორთა არასამსახურეობრივი შემოსავლის მხრივ? არის თუ არა რამე შეზღუდვა, მაგალითად, თანხის ოდენობასთან დაკავშირებით? არის თუ არა ზოგადი ეთიკის კოდექსი და როგორი მიდგომაა საჩუქრებთან დაკავშირებით?

გათვალისწინებულია თუ არა გამოსაცდელი ვადა მოსამართლეებისთვის და პროკურორებისთვის? თუ კი, აღწერეთ ის. არსებობს თუ არა ობიექტური და წინასწარ განსაზღვრული პროცედურები, რომლებიც შეაფასებს მათ მუშაობას გამოსაცდელი ვადისას? ვინაა პასუხისმგებელი შეფასებაზე? ექვემდეარება თუ არა გადაწყვეტილება გამოსაცდელი ვადის დასრულების შესახებ სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ შემოწმებას?

არის თუ არა კანონმდებლობაში გაწერილი თანამდებობაზე ყოფნის გარანტირებული დრო? არის თუ არა პენსიაზე გასვლის სავალდებულო ასაკი? ვინ იღებს გადაწყვეტილებას თანამდებობაზე მუდმივი დანიშვნის შესახებ და რა კრიტერიუმებით?

მასალების გადაბეჭდვის წესი