კანონიერ ქურდობაში ბრალდებული პატიმრის გარდაცვალების დეტალები

ექსპერტიზის დასკვნით პატიმარ უშანგი გოდელაძის “სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა  თავის ტვინში”.  კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ გოდელაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნით პატიმარ უშანგი გოდელაძის “სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა  თავის ტვინში”.  კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ გოდელაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

უშანგო გოდელაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაზარალებულად მისი დედაა ცნობილი. ოჯახმა ექსპერტიზის დასკვნა გამომძიებლისგან მიიღო. გოდელაძე ბათუმში დააკავეს და მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერი ქურდობის ბრალდებით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაპატიმრებული გოდელაძე თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს, იქედან კი _ ღუდუშაურის კლინიკაში. ოფიციალურად ცნობილია მისი გარდაცვალების მიზეზი.

ექსპერტიზის დასკვნა, როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ექვსი თაბახის ფურცელია. აქედან სამ ფურცელზე დეტალურად წერია, რა დაზიანებები აღენიშნებოდა გარდაცვლილს: “ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს  2009 წლის 19 ოქტომბერს, იყო უგონო მდგომარეობაში, თვითმხილველთა გადმოცემით დაახლოებით 30 წუთის წინ (საავადმყოფოში მიყვანამდე) საკანში ნახეს უგონო მდგომარეობაში. ავადმყოფი გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში, დიაგნოზი: ქალა ტვინის ტრამვა, თავის ტვინის შეშუპეპა, თირკმელებისა და გულსისხრძარღვთა უკმარისობა, კომა, უცნობი ეტიოლოგია, თავის ტვინში მოშლილია სისხლის მიმოქცევა, ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ღუდუშაურის კლინის ავადმყოფის ისტორია… ოპერაციის ოქმი ¹159, ნაკერები შუბლის არეში… სხეულზე ჰემატომა (სისხლჩაქცევა) წარმოდგენილია მოშაო ფერის კოლტებით… სხეულის კანის გაკერვა დასრულდა ათის წუთებზე… ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 2009 წლის 21 ოქტომბერს, 21 საათზე” _ ეს ამონარიდია უშანგი გოდელაძის  ექსპერტიზის დასკვნიდან,  რომელიც “ბათუმელებს” მისმა ოჯახმა მიაწოდა.

გარდაცვლილის მეუღლე _ ნინო აბრამიშვილი, რომელიც ქარელში ცხოვრობს, “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მისი მეუღლის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამომძიებლის დახმარებით მიიღო. იმის გამო, რომ დაზარალებულად მისი დედამთილია ცნობილი, ეს პრობლემებს  უქმნის დეტალების გარკვევაში. მაგალითად რამდენიმე დღის წინ ვინმე ინაიშვილმა დაურეკა და აცნობა, რომ მისი მეუღლის საქმის გამომძიებელი იყო და დაზარალებულად ცნობილი დედამთილი თბილისში უნდა ჩასულიყო ოქმის შესადგენად. ადამიანმა, რომელიც გამომძიებლად გაეცნო, განუმარტა, რომ  ოქმი იმაზე უნდა შედგეს, ექსპერტიზის დასკვნა ოჯახმა რომ მიიღო: “რამდენადაც ვიცი, საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილება იძიებდა, კონკრეტულად გიორგი რობაქიძე. ტელეფონით მაცნობეს, რომ გამომძიებელი შეიცვალა, ძველი გამომძიებელი სასამართლოში გადაუყვანიათ”.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 38 წლის უშანგი გოდელაძე ბათუმში 15 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აღმკვეთი ღონისძიება _ ორთვიანი პატიმრობა 18 სექტემბერს შეუფარდეს (კანონის მიხედვით, პირს აღმკვეთი ღონისძიება დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში უნდა შეუფარდონ). ხოლო თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანიდან მეორე დღეს უშანგი გოდელაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.

ბათუმის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, გოდელაძის დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს შოთა მამულაძემ მიმართა. მამულაძე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს გამომძიებელია. თუმცა სასამართლოს დოკუმენტში არ წერია, სად ან ვინ დააკავა გოდელაძე და მისი თანმხლები პირები.

თვითმხილველების ინფორმაციით კი (წყარომ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა), უშანგი გოდელაძე სოდ-მა ბათუმში, რესტორან “აჭარული სახლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააპატიმრა. ასევე დააპატიმრეს ის ადამიანები, რომლებიც თურქეთში მიმავალ გოდელაძესთან ერთად ქეიფობდნენ.

ეჭვმიტანილის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი _ მამუკა ზოიძე იცავდა. როგორც თავად ამბობს, გოდელაძის ინტერესების დასაცავად იგი გამოძიებამ მიიწვია: “უშანგის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ისეთი არა, რომ ეს გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. მას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ კი თბილისში, მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მისი პატიმრობა არ გამისაჩივრებია, რადგან ამის სურვილი ბრალდებულს არ ჰქონდა. თბილისში რა მოხდა, რითი გარდაიცვალა გოდელაძე, ჩემთვის უცნობია”. გოდელაძის დაკავების ადგილი თუ უწყება, რომელმაც ის დააპატიმრა, არც ადვოკატმა იცის.

მოსამართლის ბრძანების ასლში წერია: “უშანგი გოდელაძე არის კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროში სარგებლობს მეტსახელით _ უჩა, მართავს ქურდულ სამყაროს. გამოძიების ვერსიით, უჩამ განიზრახა საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, გოჩა მურადოვთან ერთად. 14 სექტემბერს ის საკუთარი სიმბარათიდან დაუკავშირდა ნაცნობს, ქურდული სამყაროს ტრადიციების მატარებელ ვინმე მინდია კახიძეს და სთხოვა დახმარება, რომ მას და გოჩა მურადოვს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებოდა”.

სასამართლოს ოქმში ასევე წერია, რომ 14 სექტემბერს მინდია კახიძე დაუკავშირდა თავის დედას, ნინო კახიძეს და უთხრა, რომ მასთან სახლში ირაკლი გოგოლიშვილი მიიყვანდა სტუმრებს და უჩასთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. ბრალდების მტკიცებით, უშანგი გოდელაძე და გოჩა მურადოვი მინდია კახიძესთან შეთანხმებით და გოგოლიშვილის დახმარებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში.

“უშანგი გოდელაძე დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინის” შეძენა-შენახვაზე, რომელსაც ე.წ “შორტის” მარცხენა ჯიბეში სიგარეტის კოლოფში ინახავდა. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ იყო კანონიერი ქურდი და ჩხრეკისას მისი ეჭვმიტანილად დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა”, _ წერია მოსამართლის ბრძანების ასლში.

ექსპერტიზის დასკვნის ბოლოს წერია: “უშანგი გოდელაძის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა  თავის ტვინში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა, "ბათუმელები"