სამართალი

იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება

19 ნოემბერი, 2021 •
იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება

იუსტიციის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილი ცუდად გუშინ, 18 ნოემბერს იმ დროს გახდა, როცა ადვოკატებს ხვდებოდა.

„რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა. რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ექიმების დახმარების შემდეგ სააკაშვილი გონს მოვიდა და ბოლო მონაცემებით კონტაქტური იყო. ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექს-პრეზიდენტის საქმეები განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი