სამართალი

საია: 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნა საქმეებზე გავლენის მოხდენის საფრთხეს შეიცავს

29 სექტემბერი, 2015 • 1448
საია: 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნა საქმეებზე გავლენის მოხდენის საფრთხეს შეიცავს

კერძოდ, გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უმრავლესობით არ გაიზიარეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის წინადადება, ვაკანტურ 68 ადგილზე მოსამართლეები კონკურსით დაენიშნათ. საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და სხვა მოსამართლე წევრები, რომელთაც საბჭოში უმრავლესობა აქვთ, აცხადებდნენ, რომ ვაკანტური პოზიციების ნაწილზე მოსამართლეები დაწინაურების წესით უნდა დანიშნულიყვნენ. საბჭოს გადაწყვეტილებით, 61 პოზიციაზე მოსამართლეები კონკურსით დაინიშნებიან, 7 შემთხვევაში კი დაწინაურების წესს გამოიყენებენ.

 

საიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაეფექტურია და ამ არაეფექტურობით უფრო მეტად აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს. 

 

მოსამართლეების კონკურსის გარეშე დაწინაურება

 

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ორგანული კანონის 37–ე მუხლი, რომლის საფუძველზეც საბჭომ კონკურსის გარეშე მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, საგამონაკლისო ნორმას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ეს ნორმა კანონში პრობლემურა, რადგანაც მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა გაწერილი არ არის და  საბჭოს არ აქვს ხელთ სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომ კონკრეტული ადამიანები ამ 7 ვაკანსიაზე ობიექტურად შეარჩიოს.

 

“არა  მხოლოდ თეორიული შანსია ამ ნორმის საფუძველზე დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების,  არამედ პრაქტიკა არსებობს, რომელიც კარგად არის დოკუმენტირებული ჩვენს ანგარიშებში, როდესაც სწორედ ამ მუხლის გამოყენებით ხდებოდა მოსამართლეების დაუსაბუთებლად გადაყვანა ერთი სასამართლოდან მეორეში და, მინდა გითხრათ, ამ მეთოდით შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული მოსამართლეების შეყვანა ამა თუ იმ სასამართლოში, არამედ ფაქტობრივად კონკრეტულ საქმეებზე და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენაც,”– აცხადებს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფოტო – საია
ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფოტო – საია

საიას თავმჯდომარის განცხადებით, ეს პროცედურა იძლევა შესაძლებლობას, რომ არასათანადო გავლენებით და მოტივებით მოხდეს ადამიანების დანიშვნა და არც ის არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების ან რომელიმე სხვა ჯგუფის კერძო, ჯგუფური ინტერესების გატარება მოხდეს.

 

“არათუ დეტალებში არ არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა, ისიც კი არ არის განსაზღვრული, უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგალითად, მათთან გასაუბრება, თუ უბრალოდ დოკუმენტების საფუძველზე უნდა შეურჩნენ ეს ადამინები. ანუ, აბსოლუტური დისკრეცია აქვს საბჭოს, რომელსაც გამოიყეებს აღნიშნული გადაწყვეტილებით და ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს, რატომ შევიდა ეს 7 ადამიანი, რომელიც ახლა შევა ამ პროცედურის გამოყენებით სააპელაციო სასამართლოში და არა სხვა 7 ადამიანი,”– აცხადებს ის. 

 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სხდომაზე თავიდან მოსამართლე წევრები აყენებდნენ ინიციატვას, რომ 10 ვაკანსიაზე არ გამოცხადებულიყო კონკურსი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კონკურსი 7 ვაკანსიაზე არ გამოცხადდებოდა. მისი თქმით, არ ყოფილა არანაირი დასაბუთება იმისა, თუ რატომ იყო თავიდან 10  და მერე რატომ გახდა 7 ვაკანსია.

 

“საბჭოს რამდენიმა არამოსამართლე წევრმა პირდაპირ დაადანაშაულა საბჭოს მოსმართლე წევრები და აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ უკვე კონკრეტული გამზადებული სია ადამიანებისა, რომელთა შეყვანაც ამ პროცედურის მეშვეობით სურდათ სააპელაციო სასამართლოში,”– ამბობს ნაცვლიშვილი

 

მისვე თქმით, ამ  მძიმე ბრალდების ფონზე განსაკუთრებული ვალდებულება ჰქონდათ მოსამართლე წევრებს, რომ განსაკუთრებით არგუმენტიერებული ყოფილიყო მათი პოზიცია, თუ რატომ არ უნდა გამოცხადებულიყო აღნიშნულ ვაკანსიებზე კონკურსი, მაგრამ ამ პირობებშიც, ნაცვლიშვილის განცხადებით, მათ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიღეს. 

 

საბჭოს 28 სექტემბრის სხდომა

 

“განსაკუთრებით მიუღებელი და შემშფოთებელი იყო ის, რომ მოსმართლე წევრებმა პირდაპირ მიმართეს არამოსამართლე წევრებს და უთხრეს, რომ თუ არამოსამართლე წევრები მხარს დაუჭერდნენ მათ ინიციატივას, შემდგომ ისინი კონკურსების დროს იქნებოდნენ უფრო კონსტრუქციულები. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე წევრებმა პირდაპირ მოუწოდეს არამოსამართლე წევრებს, წასულიყვნენ მათთან გარიგებაზე,”– აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

ნაცვლიშვილი ასევე ამბობს, რომ შემაშფოთებელია, როდესაც საბჭოს მსჯელობა გადაწყვეტილების მიღების დროს არ ეფუძნებოდა კვლევებსა და არგუმენტებს:

 

“მხოლოდ იყო საუბარი იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არის კადრების ნაკლებობა და სასწრაფოდ აუცილებელია ეს პრიბლემა აღმოიფხვრას.”

 

ნაცვლიშვილის განცხადებით, სხდომაზე დამსწრე მოსამართლეებმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოუწოდეს საბჭოს, რომ ყველა ვაკანსია შევსებული ყოფილიყო კონკურსის წესით, რაც  უფრო გამჭვირვალე პრინციპს ეფუძნება, თუნცა, მისივე თქმით, ეს საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილმა და მოსამართლე წევრებმა არ გაიზიარეს.

 

რაც შეეხება საბჭოზე საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებას 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ, ნაცვლიშვილის განცხადებით, მხარი მხოლოდ სამმა ადამიანმა არ დაუჭირა:

 

“ვახტანგ მჭედლიშვილმა, რომელიც არის პრეზიდენტის კვოტით შესული საბჭოში, დემონსტრაციულად დატოვა საბჭო გადაწყვეტილების მიღებამდე, მან თქვა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას იმაში, რაც საბჭოში ხდებოდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. მხარი არ დაუჭირა ასევე ერთმა არამოსამართლე წევრმა გოჩა მამულაშვილმა,”–იხსენებს ანა ნაცვლიშვილი. 

 

გარდა საბჭოს სხდომის შინაარსობრივი მხარისა, ანა ნაცვლიშვილს შენიშვნები ეთიკურ მხარესთანაც აქვს. მისი განცხადებით, მიუღებელია ის საქციელი და ტონი, რომელთაც გუშინ იუსტიციის საბჭოს წევრები იყენებდნენ:

 

“ნაწილი ყვიროდა, იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს უყვიროდნენ, იყო ინტიმიდაციის მცდელობებიც, მათ შორის იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც საბჭოს წევრები არ არიან, უბრალოდ, თავიანთი პოზიცია გამოხატეს. ყოვლად მიუღებელია, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრები ასე იქცევიან,”– განაცხადა მან.

 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მხოლოდ უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-აუდიოჩაწერის უფლება აქვთ

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საბჭოში არის კიდევ 8 მოსამართლე წევრი(მათ შორის საბჭოს მდივანი), რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. საბჭოს 5 წევრს საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს. საბჭოს 1 წევრს კი საქართველოს პრეზიდენტი კონკურსის წესით ნიშნავს. 

ფოტო – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფეისბუკის გვერდიდან
ფოტო – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფეისბუკის გვერდიდან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელია. ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. 

 

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 14 წევრია, რადგანაც საქართველოს პარლამენტს არ აურჩევია პარლამენტის საკუთარი კვოტით დასანიშნი მეხუთე წევრი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი