სამართალი

ვინ და როგორც აირჩევს მთავარ პროკურორს -იუსტიციის სამინისტროს ხედვა

26 ივლისი, 2015 • 1476
ვინ და როგორც აირჩევს მთავარ პროკურორს -იუსტიციის სამინისტროს ხედვა

გუშინვე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიის განმავლობაში აუცილებელია, რადგანაც ამას ევროსტრუქტურებთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  კანონმდებლებს ექნებათ საშუალება, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებისგან დამატებით მიიღონ კონსულტაციები, რათა მეორე მოსმენამდე კანონპროექტში დაიხვეწოს ის ცალკეული საკითხები, რომლებიც განხილვების დროს წამოიჭრა.

 

კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში, როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა დიდი ნაწილი. ამ შეხედულებას არ იზიარებს კოალიცია დამოუკიდებელი და გაბჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც აცხადებს, რომ სამინისტროს ვენეციის კომისიიის პრინციპული რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია და პროკურატურის დეპოლიტიზაცია კვლავ გამოწვევების წინაშე დგას.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი სოფო ვერძეული ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტში მართლაც არის გარკვეული რეკომენდაციები ასახული, თუმცა ყველაზე მტკივნეული საკითხები გაუთვალისწინებელი დარჩა.

 

საპროკურორო საბჭო

ერთ-ერთი სიახლე, რაც ამ კანონპროექტს შემოაქვს, არის  საპროკურორო საბჭო. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოა და ის იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება, მისი მიზანი პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

 

როგორც კანონპროექტში წერია, საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისგან. აქედან 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით აირჩევს, აქედან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. საბჭოს დანარჩენი წევრები იქნებიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები.

საბჭოს იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობს.

კანონპროექტის თანახმად, სწორედ იუსტიციის მინისტრი აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად შეარჩევს  და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. კანდიდატურებს კენჭს საპროკურორო საბჭო უყრის.

 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს, რომ კანონპროექტის ბოლო ვერსიაში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები – მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესზე მმართველი ძალის ზეგავლენის შემცირება, საპროკურორო საბჭოში იუსტიციის მინისტრის დომინანტური როლის შესუსტება, ასევე  საპროკურორო საბჭოს სტატუსის განსაზღვრა იმგვარად, რომ ის არ შედიოდეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

 

სოფო ვერძეული ამბობს, რომ საპროკურორო საბჭო მართლაც იყო ერთ-ერთი პოზიტიური ინიციატივა რეფორმის პროცესში, თუმცა საბჭოს არსებობა არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებისთვის.

 

“ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მაინც აირჩია ის გზა, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა მაინც დაასახელოს იუსტიციის მინისტრმა, გარკვეულწილად მიუთითებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, რომ ეს პროცესი მაინც დატოვოს იუსტიციის სამინისტროს ხელში,“- ამბობს სოფო ვერძეული.


პარლამენტში 24 ივლისს პირველ მოსმენაზე გაირკვა, რომ მმართველი კოალიციის წარმომადგენლების აზრით, ის ფაქტი, რომ პროკურატურა კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რჩება, ეს მის პოლიტიზებაზე არ მიუთითებს. კერძოდ, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გაიხსენა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა (ავსტრია, გერმანია, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები), სადაც, მისი თქმით, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში ეს უწყება პოლიტიზებულია.

 

ალექსანდრე ბარამიძე პლენარულ სხდომაზე. ფოტო - საქართველოს პარლამენტი
ალექსანდრე ბარამიძე პლენარულ სხდომაზე. ფოტო – საქართველოს პარლამენტი

 

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ “ნეტგაზეთს” წერილობით განუმარტა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარების შემდეგ იუსტიციის მინისტრის დისკრეცია მნიშვნელოვნად შეიზღუდა:

“ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ერთობლივ დასკვნაში აღნიშნულია, რომ თუ საპროკურორო საბჭო დამოუკიდებელი ორგანო  უნდა იყოს, მაშინ ის არ უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი  ნაწილი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ასე არც იყო ჩაფიქრებული. თუმცა იმისათვის,  რომ კანონი ამ საკითზე უფრო მკაფიო და ნათელი იყოს, ჩვენ განახლებულ  კანონპროექტში ჩავწერეთ ასეთი დებულება: „საქართველოს პროკურატურის  დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო  საბჭო.“

 

ვფიქრობ, ამით პრობლემა მოხსნილია. რაც შეეხება მინისტრს, იგი იქნება საპროკურორო საბჭოს არა „ხელმძღვანელი“, არამედ „თავმჯდომარე“. ასეც არის ჩაწერილი განახლებულ კანონპროექტში.  თავმჯდომარეს არ ექნება რაიმე სხვა განსაკუთრებული ფუნქცია, გარდა იმისა, რომ შესთავაზოს საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორის კანდიდატურები, თანაც, სულ მცირე, სამი მაინც, როგორც ამას ვენეციის კომისია გვირჩევს. მეტიც,  ამ კანდიდატურებს მინისტრი შეარჩევს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო  საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან  კონსულტაციის შედეგად. ასევე კანდიდატურებს შორის დაცული იქნება  გენდერული ბალანსიც. დაბოლოს, იუსტიციის მინისტრი ვალდებული იქნება  დაასაბუთოს თავისი არჩევანი,”- აღნიშნულია წერილობით პასუხში, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან მოგვაწოდეს.

რა კრიტერიუმებით აირჩევა მთავარი პროკურორი?

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ კანონპროექტში იუსტიციის სამინისტრომ  არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კანდიდატის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმების დადგენასთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად, კოალიციის განცხადებით, ეს კრიტერიუმები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირისთვის საჭირო მაღალ პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს და, ამავდროულად, არის ერთ-ერთი გზა მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის დეპოლიტიზებისთვის.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ კანონპროექტის განახლებულ ვარიანტში ნამდვილად ჩაიწერა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი პროკურორის კანდიდატურა.

 

“კერძოდ, იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი; მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება; მას ასევე უნდა ჰქონდეს მოსამართლედ ან  პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ან იგი შეიძლება ასევე იყოს სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან; დაბოლოს, მისი ზნეობრივი და პროფესიული თვისებების გამო იგი უნდა სარგებლობდეს  მაღალი ავტორიტეტით,”- ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

 

 

საკონსტიტუციო ცვლილებები

 

კოალიცია აცხადებს, რომ  პროკურატურის რეფორმის პროცესში კონსტიტუციური ცვლილებების საჭიროებაზეც საუბრობდნენ, თუმცა, მათი თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან რაციონალური მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

 

“ხელისუფლების არგუმენტები კონსტიტუციური ცვლილებების საწინააღმდეგოდ მხოლოდ არასაკმარისი ხმების რაოდენობაზე მითითებით შემოიფარგლა,”- აღნიშნავს კოალიცია.

 

მათი განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური ფრაქციები პარლამენტში გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ ცვლილებებს მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის ნაწილში, რაც მიუთითებს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის რეალურ შესაძლებლობაზე ხელისუფლების მხრიდან ნათელი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.  

 

“თავისუფალი დემოკრატები” კი მთავრობას მოუწოდებენ, შეასრულონ წინასაარჩევნო დაპირება და კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანონ. კერძოდ, “თავისუფალი დემოკრატები” საუბრობენ “ქართული ოცნების” 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაზე, სადაც აღნიშნულია, რომ  “მთავარ პროკურორს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადით (სულ ცოტა, 5 წლით), პარლამენტის თანხმობით, თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით, ან საქართველოს პრეზიდენტის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის თანხმობის საფუძველზე.”


კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემური რეფორმა, რის საფუძველსაც, მათი განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებასთან ერთად, კონსტიტუციური ჩარჩოს ცვლილება და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მზადყოფნის გამოხატვა შექმნის. 

 

პროკურატურა
პროკურატურა

 

იუსტიციის სამინისტროს პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

 

იუსტიციის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ისინი არ გეგმავენ პარლამენტს წარუდგინონ მოდელი, სადაც მთავარი პროკუროროის კანდიდატურის ნომინირებას პრეზიდენტი მოახდენს. მიზეზად ალექსანდრე ბარამიძე იმას ასახელებს, რომ ასეთი მოდელის შემუშავება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე არის შესაძლებელი. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლიელბებს ფრთო პოლიტიკური მხარდაჭერა ესაჭიროება, რაც დღევანდელ პარლამენტში არ არსებობს.


იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ წერილობით პასუხში ალექსანდრე ბარამიძე საუბრობდა იმის შესახებაც, თუ რატომ ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება აუცილებელი არ არის:

 

“აქვე მინდა მოგახსენოთ ჩემი აზრი იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიმაჩნია  საჭიროდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, თუნდაც კონსენსუსი  ამ საკითხზე მიღწევადი ყოფილიყო.

 

როდესაც ცდილობენ ამტკიცონ, რომ პროკურატურის დეპოლიტიზაცია მხოლოდ პრეზიდენტის ჩართულობით შეიძლება იქნეს მიღწეული, შეგნებულად თუ შეუგნებლად, გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი თვითონაც პოლიტიკური ფიგურაა და მასაც გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნია. პრეზიდენტობის კანდიდატს პოლიტიკური გაერთიანებები ასახელებენ და დღეს მოქმედი პრეზიდენტიც პოლიტიკური გაერთიანების მიერ იქნა დასახელებული ამ თანამდებობაზე ასარჩევად. ამდენად, პოლიტიკური ფაქტორი ამით არათუ არ გამოირიცხება, იმდენადვე არსებობს, როგორც, ვთქვათ, საპროკურორო საბჭოს, მთავრობის ან პარლამენტის ჩართულობის პირობებში.

 

ახლა, მოდით, საკითხს სხვაგვარად მივუდგეთ, თუ პოლიტიკური ფაქტორი ყველა შემთხვევაში გვაქვს სახეზე, რომელი ორგანოს შემთხვევაში იქნებოდა მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ფაქტორი გაგვენეიტრალებინა? პრეზიდენტის, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ერთპიროვნულად ღებულობს გადაწყვეტილებებს, თუ დამოუკიდებელი, კოლეგიური და პლურალისტური ორგანოს შემთხვევაში, როგორიცაა საპროკურორო საბჭო? პასუხი თქვენთვის მომინდვია. მე ჩემთვის პასუხი მაქვს.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისია და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები თავიანთ დასკვნაში მიესალმნენ და ისიც კი აღნიშნეს, რომ ეს არის პროკურატურის დეპოლიტიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თანამედროვე ინსტრუმენტი.

 

ასეთ პირობებში რა აუცილებლობა არსებობს იმისა, რომ შევაჩეროთ რეფორმა, წყალში გადავყაროთ ამდენი შრომა და სანაცვლოდ დაველოდოთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც, ჯერ ერთი, არავინ იცის რეალურად განხორციელდება თუ არა და თუნდაც განხორციელდეს, ასეთ ცვლილებებზე მორგებული მოდელი არათუ ვერ აჯობებს დღეს შემოთავაზებულს, მასზე ბევრად უარესი იქნება?

 

შეიძლება გარკვეულ ძალებს იმიტომ სურთ პრეზიდენტის მონაწილეობა ამ პროცესში, რომ ამით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ. ეს მათი ნებაა. ჩვენი ამოცანა კი ის არის, რომ შევქმნათ პროკურატურის ისეთი მოდელი, რომელიც საქართველოს ყველაზე უკეთ გამოადგება არა შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე,”- აღნიშნავს ალექსანდრე ბარამიძის წერილობით პასუხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი