სამართალი

ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში დადანაშაულებული სუმბაძე ბრალდებებს უარყოფს

8 ივნისი, 2015 • • 2065
ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში დადანაშაულებული სუმბაძე ბრალდებებს უარყოფს

თბილისში მყოფ სუმბაძეს პრაიმტაიმის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე შეხვდა და, როგორც თვითონ ამბობს, ინტერვიუ ტელეფონზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით ჩაწერა. ვიდეოჩანაწერი “იმედის კვირის” ეთერით გავიდა გუშინ, 7 ივნისს. სუმბაძის განცხადებით, მას არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი არ დაუმყარებია და არც არავითარი პორნოგრაფიული ვიდეო აუტვირთავს რომელიმე საიტზე. ამასთან, სიუჟეტის მიხედვით, სუმბაძე ამერიკული ვაშინგტონ პოსტისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს მის წინააღმდეგ გავრცელებული მასალის გამო, რომელიც მისი თქმით, დეზინფორმაციას შეიცავს.

 

ვაშინგტონ პოსტისა და სხვა რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაციით, რომელიც მათ პუბლიკაციების მიხედვით პოლიციის პრესრელიზზე დაყრდნობით მოამზადეს, ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ, მონტგომერის პოლიციამ 26 წლის ალექსანდრე სუმბაძის [რომელიც შტატებში საქართველოდან ჩასული ემიგრანტია] ძებნა აპრილში დაიწყო. ზემოხსენებული ინფორმაციით, კარატეს ინსტრუქტორ სუმბაძეს  ბრალად ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ვიდემასალებით ვაჭრობა ედებოდა, “თუმცა მას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს, რადგან გამოძიება არკვევს, ამყარებდა თუ არა იგი სექსუალურ კავშირს პირადადაც”.

 

“2014 წლის დეკემბერში სამხრეთ დაკოტის ოფიციალურმა პირებმა მონტგომერის პოლიციას შეატყობინეს, რომ ვიღაც მათი ოლქიდან ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიას ათავსებდა. იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ეს ინტერნეტ-მომხმარებელი სუმბაძე იყო. 1 აპრილს სუმბაძემ პოლიციასთან აღიარა, რომ ყიდდა ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ვიდეო-მასალას. მისი სახლიდან ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებში 8 ასეთი ვიდეო იპოვეს”, – წერდა ამერიკის ქალაქ ბეთესდაში ბაზირებული გამოცემა patch.com-ი, გამოძიების მასალებისა და პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით. სუმბაძე სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა. სუმბაძე კი აცხადებს, რომ მას არაფერი უღიარებია და მხოლოდ პოლიციის შეკითხვებს უპასუხა.

 

გამოცემის ცნობით, “გამოძიებამ ასევე აღმოაჩინა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ მონაწილეობს ბრალდებული დაუდგენელ პირებთან, სავარაუდოდ, მოზარდებთან სექსუალურ კავშირში”.

 

“ვიდეოზე ჩანს, რომ მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ გადაღება მიმდინარეობდა. დეტექტივები ამბობენ, რომ ეს ვიდეოები გადაღებულია 2011 წლის ოქტომბრამდე, კარატეს სავარჯიშო დარბაზში. ამ დროს სუმბაძე იქ ინსტრუქტორად მუშაობდა. 2011 წლის ოქტომბერში სუმბაძე ამ სავარჯიშო ცენტრის ერთ-ერთი მფლობელი გახდა”, – წერს გამოცემა.

 

გამოცემის ცნობით, დეტექტივებს სურთ იმ მოზარდების იდენტიფიკაცია და მათთან საუბარი, ვინც ზემოხსენებულ ვიდეოზეა ასახული. “პოლიცია მსხვერპლებს კონფიდენციალურობას ჰპირდება”.

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით კი, 3 აპრილს სუმბაძემ შეერთებული შტატების ტერიტორია დატოვა და, სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა, ხოლო პოლიციამ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამერიკულ მხარეს სუმბაძის საკითხზე მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს, აშშ-ის საელჩოში კი გვითხრეს, რომ “მიმდინარე სამართლებრივ საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებენ”. ამასთან, საელჩოს ცნობით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ექსტრადიციის შესახებ ფორმალური ხელშეკრულება არ არსებობს, თუმცა არსებობს ინდივიდუალური ექსტრადიციის შეთანხმებების პრაქტიკა, რომელიც კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მუშაობს”. ნეტგაზეთმა სუმბაძესთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა, რადგან მისმა ახლობელმა, რომელთანაც იგი ცხოვრობს, საუბარზე უარი განაცხადა. უცნობია, აქვს თუ არა მას ამერიკულთან ერთად საქართველოს პასპორტიც. ამერიკული ტელეკომპანია FOX 5-ის ცნობით, სუმბაძე საქართველოს მოქალაქეა.

FOX 10 News | fox10phoenix.com

Linkedin-ის სოციალური ქსელის მიხედვით, ალექსანდრე სუმბაძე 26 წლისაა და მას მერილენდის უნივერსისტეტის ბაკალავრის ხარისხი აქვს ისტორიისა და პოლიტიკის მიმართულებით.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც სუმბაძემ bethesdanow-ს მისცა 2015 წლის თებერვალში, იგი ყვება, რომ აშშ-ში 5 წლის ასაკში ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი