სამართალი

რაიონული და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები შესაძლოა ვადაზე ადრე გადააყენონ

5 ივნისი, 2015 •
რაიონული და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები შესაძლოა ვადაზე ადრე გადააყენონ

მოქმედი კანონმდებლობით, თავმჯდომარეებს თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.

 

ცვლილებების თანახმად, მას შემდეგ, რაც რეგიონული (საქალქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდებათ, ფარული კენჭისყრით ამავე სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ მოსამართლეს, ვინც ამ ადგილს დაიკავებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ახალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყოფილ თავმჯდომარეებსაც შეეძლებათ.

დიალოგი მართლმსაჯულების მესამე ეტაპის შესახებ თბილისში, Holiday Inn-ში. 04.06.2015
დიალოგი მართლმსაჯულების მესამე ეტაპის შესახებ თბილისში, Holiday Inn-ში. 04.06.2015

მოსამართლეთა და თავმჯდომარეთა ნაწილი ამ ცვლილების წინააღმდეგია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი შოთა გეწაძე შემოთავაზებულ კანონპროექტს “დრაკონულ კანონს” უწოდებს. როგორც გეწაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნაცვლად იმისა, რომ გვერდით დაუდგეს მოსამართლეებს, მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს, რომლის მიზანიც თანამდებობიდან თავმჯდომარეების ვადაზე ადრე გათავისუფლებაა.

 

“რატომღაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის, სამწუხაროდ, და ასევე იუსტიციის სამინისტროსათვის მიუღებელნი არიან ის თავმჯდომარეები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ თავმჯდომარეებს. კონკრეტულად, რატომ და რა ფაქტების გამო, ბუნებრივია, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ადამიანები არიან მიუღებლები,”- ამბობს გეწაძე.

 

თუკი ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, მაშინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერი ცერცვაძეს თანამდებობის დატოვება მოუწევს. ცერცვაძე ამბობს, რომ თანამდებობის ნებისმიერი პირისთვის, რომელიც გარკვეული ვადით არის დანიშნული ან არჩეული, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ცალსახად ანტიკონსტიტუციური აქტია.

ვალერი ცერცვაძე. დიალოგი მართლმსაჯულების მესამე ეტაპის შესახებ თბილისში, Holiday Inn-ში. 04.06.2015
ვალერი ცერცვაძე. დიალოგი მართლმსაჯულების მესამე ეტაპის შესახებ თბილისში, Holiday Inn-ში. 04.06.2015

“შრომის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია. როდესაც ადამიანი კონკრეტული ვადით თანამდებობაზე ინიშნება, თავისთავად ცხადია, რომ მას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რომ გარკვეული პერიოდი მას სამსახური აქვს გარანტირებული. შესაბამისად, ხდება ძალაინ ბევრი, ასე ვთქვათ, გეგმის აგება ამასთან დაკავშირებით. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ მე აღარ მომწონს ის, რომ შენ 5 წლით დაგნიშნე და მე მირჩევნია 3 წლით იყო, ან საერთოდ, ახლა უნდა აგირჩიო და ამის გამო შეგიწყვიტო უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, ამას კონსტიტუცია იცავს და კონსტიტუციური კონტროლის მექანიზმებით ჩვენ შევეცდებით, რომ ეს გავასწოროთ,“- განაცხადა მან.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის ლატენტური ავტორები სწორედ თავმჯდომარეები არიან, რომლებიც ამ ცვლილებების მიღებას ეწინააღმდეგებიან.

 

მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დიალოგზე მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ წლების მანძილზე სწორედ თავმჯდომარეების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია ის საზოგადოებრივი ინტერესი, რომელმაც საჭირო გახადა ამ ინსტიტუტის ფორმირება. მჭედლიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში თავმჯდომარეთა უმეტესობა მხოლოდ თავმჯდომარეთა მოვალეოობის შემსრულებლის სტატუსით მუშაობდა.

“რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ, რომ ჩვენ თავმჯდომარის საბჭოური გაგებიდან ვერ გამოვედით. მოვალეობის შემსრულებელი ადვილი გასათავისუფლებელია. თავმჯდომარე კიდევ, როგორც ხედავთ – თურმე ძნელი. ამიტომ, მოვალეობის შემსრულებელი რომ გვყავს, მისი მართვა ადვილია, და მოვალეობის შემსრულებლის მეშვეობით – მოსამართლეზე ზემოქმედება და მართვა ადვილია,“- განაცხადა მან.

 

ვახტანგ მჭედლიშვილი. დიალოგი მართლმსაჯულების მესამე ეტაპის შესახებ თბილისში, Holiday Inn-ში. 04.06.2015
ვახტანგ მჭედლიშვილი. დიალოგი მართლმსაჯულების მესამე ეტაპის შესახებ თბილისში, Holiday Inn-ში. 04.06.2015

მჭედლიშვილი ამბობს, რომ 2012 წლის 1–ლი ოქტომბრის შემდეგ თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლები თავმჯდომარეებად დაინიშნენ, რამაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გამოიწვია. მისი განცხადებით, დღევანდელი ცვლილებები მაშინ მიღებული პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებების გასწორებით არის გამოწვეული.

 

მჭედლიშვილი არ ეთანხმება, რომ თავმჯდომარეები არჩევნების წესით უნდა აირჩიონ. მისი თქმით, უმჯობესია, ისინი წილისყრით დაინიშნონ და უფლებამოსილების ვადად 1 ან 2 წელი განისაზღვროს.

 

მსგავსი პოზიცია აქვს “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” გამგეობის წევრს მაია ბაქრაძეს. მისი განცხადებით, ის, თუ ვინ დაიკავებს სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას, წილისყრის შედეგად უნდა გადაწყდეს.

“ეს არ უნდა იყოს არჩევითი, ვინაიდან არჩეული პიროვნება მაინც რჩეულად ითვლება, გარკვეულ ამბიციებს იძენს და ამ დამოკიდებულების მოსპობა გვინდა. ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობით გამსჭვალული ინსტიტუტი და უნდა მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. რიგითი მოსამართლის ყველანაირი გათანაბრება,”- ამბობს მაია ბაქრაძე.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი არჩევნების ჩატარების მომხრეა. ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ეს უფრო მეტ დამოუკიდებლობასა და ინიციატივებს მიანიჭებს თვითონ იმ სასამართლოების მოსამართლეებს, სადაც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ:

 

“ვიწყებთ დემოკრატიული პრინციპების გატარებას ქვემოდან, ანუ თვითონ იმ კორპუსის მიერ, ვინც უნდა იმუშაოს თვითონ იმ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ქვეშ გარკვეული წლების განმავლობაში,“- აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

 

4 ივნისის შეხვედრას თბილისში, Holiday Inn-ში,  თბილისისა და მიმდებარე რეგიონების მოსამართლეები ესწრებოდნენ. გვენეტაძის განცხადებით, დაგეგმილი არის კიდევ 2 შეხვედრა ბათუმსა და ყვარელში, სადაც ასევე  მოისმენენ მოსამართლეების აზრს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

“ჩვენს შეხვედრებს ის დანიშნულება აქვს, რომ რაც შეიძლება ბევრი შენიშვნა და რეკომენდაცია მოვისმინოთ,”- ამბობს ის.

 

ნინო გვენეტაძის თქმით, მოსამართლეთა მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი