სამართალი

ადვოკატების პროტესტი ხელბორკილებით ახალი კანონპროექტის გამო

23 აპრილი, 2015 • 1330
ადვოკატების პროტესტი ხელბორკილებით ახალი კანონპროექტის გამო

საქმე ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეეძლება,  რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის დადებული საეჭვო გარიგების შესახებ ეჭვის არსებობისას წერილობითი ან ზეპირი მითითების საფუძველზე შეაჩეროს ამ გარიგების აღსრულება.

 

გარდა ამისა, ცვლილებათა ეს პაკეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს იმ ადვოკატებისათვის, რომლებიც საეჭვოდ მიჩნეული  გარიგების აღსრულების შეჩერების შესახებ თავიანთ კლიენტებს მიაწოდებენ ინფორმაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადვოკატი საკუთარ კლიენტს ეტყვის, რომ მან გარიგების აღსრულების შეჩერების შესახებ მითითება მიიღო, დაჯარიმდება. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება.

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ამას ადვოკატის საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს და ამბობს, რომ ეს ცვლილებები ადვოკატს სახელისუფლებო წრეების მონად აქცევს.

 

”ადვოკატი უნდა იყოს ხელშეუხებელი ფიგურა, როცა ის იცავს თავის კლიენტს,”– განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა 22 აპრილს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, სადაც მან სხვა ადვოკატებთან ერთად, ხელზე ბორკილები დაიდო. ხელებზე ბორკილების დადებით ადვოკატებმა ეს კანონპროექტი გააპროტესტეს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს და სიმბოლურად ხელზე ბორკილები დაიდეს. ფოტოზე – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  22.04.2015
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს და სიმბოლურად ხელზე ბორკილები დაიდეს. ფოტოზე – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი 22.04.2015

 

ადვოკატები, ერთი მხრივ, საუბრობენ იმის შესახებ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ საეჭვოდ მიჩნეული გარიგების აღსრულების შეჩერების შესახებ ინფორმაციის კლიენტისგან დამალვა ეწინააღმდეგება პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი ისინი ამ ინფორმაციას კლიენტს მიაწვდიან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

 

საიას საპარლამენტო მდივანი სოფიო ჭარელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით აქამდეც ისჯებოდა, თუკი ადვოკატი, ბანკი, ნოტარიუსი და ა.შ კლიენტს ეტყოდა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მასთან დადებულ გარიგებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ახალი კანონპროექტით, ასევე დაისჯება ისიც, თუ ადვოკატი კლიენტს გარიგების შეჩერების შესახებ მოაწოდებს ინფორმაციას:

 

“წარმოიდგინეთ ადვოკატის სიტუაცია, რომელსაც კლიენტმა დაავალა კონკრეტული მოქმედების განხორციელება და უეცრად ადვოკატმა მიიღო ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან მითითება, რომ 72 სათის განმავლობაში არაფერი არ გააკეთო. კლიენტი ეკითხება ადვოკატს, რა ხდება, რატომ არ აკეთებ არაფერს და ადვოკატს არ აქვს უფლება, რომ მას უთხრას რაიმე,“– ამბობს სოფო ჭარელი.

 

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ციცინო ცხვედიანი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ადვოკატი კლიენტს ვერ მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაშინ ადვოკატის ინსტიტუტის არსებობას აზრი ეკარგება.

 

“თუ მას არ ექნება იმის საშუალება, რომ მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია თავის კლიენტს, თუ ადვოკატმა მთელი თავისი ძალებით, შესაძლებლობებით, უნარით ვერ დაიცვა მოქალაქე, ბუნებრივია, მოქალაქე ადვოკატს არ მიმართავს აღარასოდეს. თუ ასეთი კანონის შემოღების შედეგად ადვოკატმა ვერ დაიცვა მოქალაქის ინტერესები, ფაქტობრივად, თვითონ ადვოკატიც უუფლებოდ რჩება. უუფლებო ადვოკატი ვერ დიცავს აბსოლუტურად ვერავის,“– განაცხადა მან

 

ზაზა ხატიაშვილი კი ამ კანონპროექტის ინიცირებას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. ის ამბობს, რომ ამით ხელისუფლებას სურს, ადვოკატებს არ მიეცეთ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების გამართლების საშუალება:

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად ბორკილები დაიდეს.  22.04.2015
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად ბორკილები დაიდეს. 22.04.2015

”დღეს უნდათ, რომ ადვოკატი გახადონ მორჩილი სუბიექტი, რომ არჩევნების წინ ადვოკატთა ასოციაცია დასუსტდეს და არ ჰქონდეს არანაირი სიძლიერე. ანუ, პოლიტიკური პროცესები რომ მიდის, ადვოკატს არ ჰქონდეს არანაირი შანსი, გაამართლოს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი,”– განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

საკითხს სხვანაირად უყურებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე.

 

როგორც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, 16 აპრილს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა და ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავდა ადვოკატების საქმიანობას. ამიტომაც შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტში “საეჭვო გარიგებასთან დაკავშირებული პროფესიული მომსახურების შეზღუდვა” შეიცვალა “გარიგების (ოპერაციის) შეჩერების აღსრულებით”.

კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აღარ დაირღვევა ადვოკატის უფლებები, რადგანაც ადვოკატის მიერ კლიენტთან დადებული გარიგების შეჩერებაზე კი არ იქნება საუბარი, არამედ გარიგების აღსრულების შეჩერებაზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვეღარ მიუთითებს ადვოკატს, რომ კლიენტთან დადებული გარიგება შეაჩეროს.

ინიცირებულ ვარიანტში შეტანილი ცვლილების ეფექტს ხმალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას შემდეგნაირად ხსნის:

“ის, რა სახის გარიგეგებზეც შეიძლება ასეთი მითითება მისცეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ეს არის იმ სახის გარიგებები, რომელთა აღსრულებისთვის აუცილებელია ან ბანკის მიერ ოპერაციის შესრულება, ან, ვთქვათ, გარიგების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ანუ თავად ადვოკატი არ აკეთებს აღსრულებას, ადვოკატი ასრულებს კლიენტის დავალებას. ვთქვათ, დებს რაღაც გარიგებას, ხელშეკრულებას, ან რაღაცას აფორმებს, მერე მიაქვს ეს ან ბანკში, ან საჯარო რეესტრში. იქ, სადაც უნდა დასრულდეს ოპერაცია ან გარიგება. ამრიგად, ადვოკატებს საერთოდ აღარ ეხებათ ამ გარიგების შეჩერების მითითება. ანუ ადვოკატს ვერ მისცემს მითითებას ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ამდენად, ახლა რა ხმაურიც არის ატეხილი, მე ვიქრობ, არის ღია კარის მტვრევა იმიტომ, რომ არანაირი ახალი რაიმე შეზღუდვა საადვოკატო საქმიანობის არ არის ამ კანონპროექტში,”– განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საიას საპარლამენტო მდივანი, სოფო ჭარელი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ ეს  რეგულაცია საქართველოსთვის ახალია, ძალიან ბევრ რისკს შეიცავს და საბოლოო ვარიანტი დისკუსიის შედეგად უნდა შეთანხმდეს:

 

”უნდა მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე და ისეთ ალტერნატივამდე, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ამ პროცესში მონაწილე პირებს, როგორიც არის საბანკო ინსტიტუტები, ნოტარიუსი, თავად ადვოკატი და გარდა ამისა, ის მოქალაქეები, რომელთა ტრანზაქციებიც სამომავლოდ დროებით შეჩერდება,”– განაცხადა მან.

 

ის, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, შეაჩერებს თუ არა ამა თუ იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, სოფო ჭარელის თქმით, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

 

“მნიშვნელოვანი იქნება რაიმე დამცავი მექანიზმის არსებობა, თუნდაც გაკონტროლება ამ მითითების, ვინმე ზემდგომი ორგანოს მიერ. რაიმე სახის მაკონტროლებელი ორგანო უნდა არსებობდეს, რათა არ მოხდეს ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ, რადგან მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, მისცემს ამ მითითებას თუ არ მისცემს,“– ამბობს ჭარელი.

მისი განცხადებით, თუკი ბოროტად იქნება ეს უფლებამოსილება გამოყენებული, მაშინ შეიძლება კონკრეტული კლიენტი მატერიალურადაც კი დაზარალდეს, რადგანაც საუბარია კონკრეტული გარიგების მიმართ ეჭვის არსებობაზე. საბოლოოდ, შეიძლება დადგინდეს, რომ ეს არ  იყო ფულის გათეთრება, ან ტერორიზმის დაფინანსება. თუმცა ამ შემთხვევაში, ჭარელის განმარტებით, თავად კლიენტმა უნდა ამტკიცოს სასამართლოს წესით, რომ გარკვეული მატერიალური ზიანი მიიღო და სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს.

 

კანონპროექტით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერება არაუმეტეს 72 საათის ვადით შეუძლია. სოფო ჭარელის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ეს დრო 24 საათს არ აღემატება.



“ესეც სადავო საკითხია, რადგანაც ამ ვადის დასადგენად ქვეყანაში არსებული რისკები უნდა გავითვალისწინოთ, ანუ საქართველო რამდენად დგას იმ რისკების წინაშე, რომ აუცლებლად მოხდება მასშტაბური ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსება. ამის გათვალისწინებით ხდება შემდგომ იმ დროის განსაზღვრა, თუ რა დროით ხდება ამ გარიგების თუ პროფესიული მომსახურების გაწევის შეჩერება,”– განუცხადა მან ნეტგაზეთს.

კანონპროექტის ავტორი თავად მონიტორინგოს განმახორციელებელი ორგანო,  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურია.  ”ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების მიღების აუცილებლობას, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში არის აღნიშნული, ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მომზადება განაპირობებს.  კანონპროექტის ავტორები ამ ცვლილებებს ”დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის” მოთხოვნების იმპლემენტაციის აუცილებლობით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი