სამართალი

ონლაინთაღლითობით 100 ათასი ევროს ქურდობის საქმე სასამართლოში

16 აპრილი, 2015 • 1180
ონლაინთაღლითობით 100 ათასი ევროს ქურდობის საქმე სასამართლოში

ერთი შეხედვით ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილი, მითითებული საინტერესო ვებგვერდით, შესაძლოა საინტერესოდაც კი გეჩვენოთ, მაგრამ მისი გახსნის დროს შესაძლებელია პირადი მონაცემები ყალბ ვებგვერდზე გადაიგზავნოს. ინტერნეტთაღლითებს შპიონური პროგრამებით შეუძლიათ ხელში ჩაიგდონ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ფოსტის გახსნით თქვენს კომპიუტერში შესაძლოა გაააქტიუროთ შპიონური პროგრამა. ასეთ პროგრამებს შეუძლია ჩაიწეროს თქვენი კომპიუტერული მონაცემები და თაღლითს საშუალება მისცეს, თქვენი აკრეფილი პაროლი დაიმახსოვროს. ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო უცხო ელექტრონული წერილების გახსნის დროს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

სამართალდამცავებს ბათუმში დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი და ნიგერიის ერთი მოქალაქე. ერთ-ერთი ბრალდებული დავითი (ყველა სახელი პირობითია) ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხობში ხაჭაპურის მცხობელად მუშაობდა, მეორე მონაწილეს –  ერეკლეს ვალუტის ჯიხური ჰქონდა საცხობთან ახლოს. დავითის ჩვენების თანახმად, ერეკლემ მას საქმეში თანამონაწილეობა სთხოვა. შეთავაზება ასეთი იყო: დავითს უნდა დაეფუძნებინა კომპანია, რომლის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებელ თანხას –  300 ლარს ერეკლე გადაიხდიდა. მას, ასევე ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში საკუთარ სახელზე ანგარიში უნდა გაეხსნა, სადაც თანხა დაირიცხებოდა. როგორც დავითი ამბობს, გამოტანილი თანხიდან (100 000 ევროს ექვივალენტი ლარი) – ათი ათას დოლარამდე მას ერგო, დანარჩენი კი, ერეკლეს მისცა. დავითი, რომელიც ქობულთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ირწმუნება, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა. ის თავს მოტყუებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ თაღლითობა არც უცდია, უბრალოდ, ის მისი დიდი ხნის ნაცნობს ენდო.

 

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული თურქული კომპანიაა, რომელიც ქუვეითში პარტიონერებს ტკბილეულობას აწვდიდა. 2014 წელს ტკბილეულის მიწოდებისთვის პარტნიორს მისთვის ფული –  დაახლოებით 92 ათასი ევრო უნდა  გადაერიცხა. გამოძიების ვერსიით, თაღლითურმა ჯგუფმა საქართველოდან ორგანიზაციას ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება გაუგზავნა, თითქოს საგადასახადო ლიმიტის გადაცილების გამო თანხის მიმღები კომპანიის ადრე მოქმედი საბანკო ანგარიშები აღარ მოქმედებდა და შემდგომი ანგარიშსწორება პარტნიორებთან ახალი საბანკო ანგარიშების მეშვეობით უნდა მომხდარიყო. კომპანიამ თანხა სწორედ ამ ახალ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. მაილი, საიდანც კომპანიამ წერილი მიიღო, პარტნიორის ელფოსტის იდენტური იყო. განსხვავებული იყო მხოლოდ ერთი ასო. როცა დაზარალებულმა პარტნიორს საკუთარი თანხა მოსთხოვა, საბანკო ამონაწერებით გაირკვა, რომ ფული საქართველოში იყო ჩამორიცხული, დაზარალებულიც თურქეთიდან ბათუმში ამ ამბის გასარკვევად ჩამოვიდა.

 

მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს: კომპიუტერის დათვალიერების ოქმები, ელექტრონული შეტყობინებების, მოპოვებული თანხების გატანის ამსახველი  ინფორმაცია და ვიდეოჩანაწრები. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ბრალდებულების საქმეს მოსამართლეები  –  დავით მამისეიშვილი და ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავენ. დაკავებულებს ჯამში 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა გამოძიების ინფორმაციით, თაღლითური ჯგუფის ყველა წევრი გამოვლენილი ჯერაც არ არის.

 

ბოლო დროს სამართალდამცავებმა ონლაინთაღლითობაში კიდევ ერთი სახის ბრალდებული გამოავლინეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა უკანონო გზით მოიპოვა სხვა მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სხვისი პერსონალური მონაცემების გამოყენებით დიდი ოდენობით ონლაინსესხი აიღო.  ამ საქმესაც ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

 

საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტს აზარალეს კიდევ რამდენიმე ათასი ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გასულ კვირას უწყებამ შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს: „გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო და მისი ბუღალტერი ნანა მ. მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძ. და მათი მეგობარი ზურაბ ვ. ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. დაუბერგავ მინიმუმს –  სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. საერთო ჯამში, ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 419 095 ლარი შეადგინა“.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც უწყებამ „ბათუმელებს“ მოაწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველო შვიდი სისხლის სამართლის საქმეს იძიებს, რომელშიც სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლები [ქურდობა და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა] ფიგურირებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი