სამართალი

პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები

12 მარტი, 2015 •
პოლიციელთა მხრიდან  მოქალაქეებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები

პაატა კვირიკაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის 31 აგვისტოს, 21:00 საათზე, ვაზისუბნის დასახლებაში მანქანის გაჩერების შემდეგ პოლიციელებმა უხეში ტონით მოსთხოვეს საბუთები და უხეშად ელაპარაკებოდნენ.

 

კვირიკაშვილი გაზის ავზის საბუთების არქონის გამო 100 ლარით დააჯარიმეს. კვირიკაშვილის თქმით, მან ჰკითხა პოლიციელებს, თუ რატომ უწერდნენ ჯარიმას, რადგან გაზის ავზის საბუთები მას სახლში ჰქონდა, რის პასუხადაც პოლიციელ ძამუკაშვილისგან თავში მუშტი მიიღო.

 

ჯარიმის ქვითრის გადაცემის შემდეგ, კვირიკაშვილის თქმით, მან პოლიციელებს უთხრა, რომ ჯარიმას გაასაჩივრებდა, ხოლო ძამუკაშვილს მუშტის დარტყმას არ აპატიებდა. ამის შემდეგ პოლიცელებმა ის სცემეს.  

 

“დამაგდეს მიწაზე. თავი მარტყმევინეს მიწაზე, ხელები უკან გადამიგრიხეს. მერე შემაგდეს მანქანაში და წამიყვანეს სამინისტროში, კახეთის გზატკეცილზე რომ არის”, – ამბობს კვირიკაშვილი.

 

პაატა კვირიკაშვილის თქმით, ისე დააკავეს, რომ არც დარეკვის და არც ადვოკატის აყვანის საშუალება მისცეს.

 

კვირიკაშვილმა ერთი ღამე მცხეთის განყოფილებაში გაატარა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლემ 600 ლარით დააჯარიმა, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

 

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ცემის შედეგად მას ორი ნეკნი გაუტყდა, რასაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც ადასტურებს.

კვირიკაშვილმა შსს-ს გენერალურ ინსპექციას პოლიცელთა დასჯის მოთხოვნით მიმართა, რის გამოც პატრულის თანამშრომლებს საყვედური გამოუცხადეს, თუმცა იგი დაზარალებულად არ არის მიჩნეული და არც პროკურატურას მიუწოდებია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.  

მალხაზ ბართავა ამბობს, რომ 2014 წლის 2 ოქტომბერს იგი და შალვა ჩაჩანიძე ისანი-სამგორის რაიონის პოლიციელებმა რეიდის დროს გააჩერეს. ბართავას თქმით, პოლიციელებმა შალვა ჩაჩანიძე მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ორივე მათგანი პოლიციელებმა ისანი-სამგორის მერვე განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ იარაღის მუქარითა და ზეწოლით სთხოვდნენ ეღიარებინათ, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

ბართავას თქმით, პოლიციელებმა ჩაჩანიძეს სცემეს, რის გამოც ჩაჩანიძეს გულიც აერია და სასწრაფო ორჯერ გამოიძახეს, ხოლო მაღაზიისა და პატრულის მიერ წამროებული ვიდეოჩანაწერები “გააქრეს”.

 

ისინი პოლიციისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, ხოლო მოსამართლემ 2000-2000 ლარის გირაოს შეფარდების შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

მალხაზ ჩაჩანიძე და მალხაზ ბართავა მერვე განყოფილების უფროს გიორგი მუჯირიშვილს და მის მოადგილე შალზვა გოგინაშვილს ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართეს, საიდანაც საქმე მთავარ პროკურატურაში გადამისამართდა.

 

ბართავა ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და არც დაზარალებულის სტატუსი გააჩნია.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში დღეს გამართულ პრესონფერენციაზე შალვა ჩაჩანიძის ძმა ზურაბ ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ მისი ძმა დაკავებულია, რადგან მის წინააღმდეგ გიორგი მუჯირიშვილმა ახალი “საქმე შეთითხნა”.

 

ზურაბ ჩაჩანიძე ამბობს, რომ მისი ძმის წინააღმდეგ წელიწადნახევრის წინ დაწერილი საჩივარის გამო დააპატიმრეს, რადგან მისმა ძმამ პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

 

შალვა ჩაჩანიძის ადვოკატი მზია ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებით არ ინტერესდება.

 

შალვა ჩაჩანიძის, მალხაზ ბართავასა და პაატა კვირიკაშვლის გარდა საიამ კიდევ 15 პირთან დაკავშირებული საქმეები გაასაჯაროვა, რომლებშიც პოლიციელთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები იკვეთება.

 

საიას აღმასრულებელი დირექტორი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ყველა ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურასა და შსს-ს გენერალურ ინსპექციას სათითაოდ მიმართა.

 

“თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ამ ადამიანებს დღემდე არ აქვთ დაზრალებულის სტატუსი და არ არიან ინფორმირებული გამოძიების შედეგების შესახებ”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ პოლიციას შესაძლო დამნაშავეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აქვს. ხოლო თუ პოლიციელი ძალას მაშინ გამოიყენებს, როცა შესაძლო დამნაშავე თავისი ქცევით ამ აუცილებლობის წინაშე არ აყენებს პოლიციელს, მაშინ სამართალდამცავი კანონს არღვევს.

 

საია მოუწოდებს მოუწოდებს შსს-ს, რომ მიიღოს ყველა ზომა მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის და პროკურატურას – რომ აწარმოოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ყველა ფაქტზე.

 

საია-ს გამოქვეყნებული მასალებიდან ყველაზე ადრეული შემთხვევა პოლიციელთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების თაობაზე ფიქსირდება 2013 წლის ნოემბერში, ხოლო ყველაზე ბოლო- 2014 წლის ოქტომბერში.

 

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, არაერთ საქმეში სამედიცინო შემოწმების დროს ჩანს, რომ პირს მიყენებული აქვს დაზიანებები და სისხლნაჟღენთები, რითიც დასტურდება, რომ ეს ადამიანები ფიზიკური ზემოქმედების მსხვერპლი არიან.

საია აპირებს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებლს ამ ფაქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.


“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხებზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს, ხოლო პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ ამ თემაზე განცხადებას დღეს, მოგვიანებით გაავრცელებს.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი