სამართალი

შეუსაბამობები ვაზაგაშვილის საქმეში

5 თებერვალი, 2015 • 2761
შეუსაბამობები ვაზაგაშვილის საქმეში

საქმის განმეორებითი გამოძიება 2012 წლის ბოლოს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის განცხადებით, 150 მოწმე დაიკითხა და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

 

ფირცხალავას მოტივი

 

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სპეცოპერაცია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას მიერ იყო დაგეგმილი. ფირცხალავას მოტივად პროკურატურა პირად ინტერესს ასახელებს და აცხადებს, რომ 2006 წლის აპრილში ალექსანდრე ხუბულოვმა მისი ძმის, ლევან ფირცხალავას მიერ ჩადენილ ნარკოდანაშაულზე სოდ-ს მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ირაკლი ფირცხალავამ შურისძიება გადაწყვიტა. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ამას მოჰყვა ფირცხალავას მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარის შემუშავება, რომელსაც თითქოსდა ხუბულოვი გეგმავდა.  

 

ხუბულოვის მიერ ლევან ფირცხალავაზე სოდ-ისთვის ინფორმაციის მიწოდებას ირაკლი ფირცხალავა უარყოფს. “მთელმა თბილისმა იცის, ხუბულოვს ინფორმაცია არ მიუწოდებია სოდ-ისთვის,”- თქვა მან 4 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცეზე.

 

ფირცხალავას ამ ვერსიას შსს-ს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ადასტურებს:

 

“ეს ვერსია, რომ მისი ძმა იყო ნარკომანი და დისკრედიტაცია არ უნდოდა ირაკლის, სისულლეა, იმიტომ, რომ მისი ძმა რომ ნარკომანი იყო, ყველამ იცოდა. ნარკომანი ძმის ყოლა არ არის ისეთი პრობლემა და ფირცხალავა ამის შესახებ თავადაც ლაპარაკობდა,”- განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 3 თებერვალს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულთა მხარდასაჭერ აქციაზე.

 

ასევე, შურისძიების მოტივით კორტების სპეცოპერაციის ჩატარებას “ალოგიკურს” უწოდებს ფირცხალავას ადვოკატი, დავით ხაჟალია.

 

“ალოგიკური არის, რომ თუ შურისძიების მოტივით ლიკვიდაცია სურდა ფირცხალავას, ამ შემთხვევაში მოახერხებდა, რა თქმა უნდა, სხვა მეთოდებით, სხვაგვარად, რომ არ ჩაერია ამ საქმეში ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოპერატიული და ტექნიკური დანაყოფები,”- განაცხადა ხაჟალიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საკონტროლო გასროლები

 

პროკურატურის განცხადებით, ფირცხალავამ იცოდა, რომ ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს მეგობრებს, ზურაბ ვაზაგაშვილსა და ბონდო ფუთურიძეს უნდა შეხვედროდა. პროკურატურის ცნობით, მანქანას, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილი მართავდა, ირაკლი ფირცხალავას მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს.

 

ინტენსიური სროლის შეწყვეტის შემდეგ მაშინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე  გიორგი ცააძე, “დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწმუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით,”- წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

პროკურატურის მიერ ნახსენებ “მოწმეების განადგურების” მიზნით განხორციელებულ საკონტროლო გასროლებს კიდევ ერთ ლოგიკურ შეუსაბამობად მიიჩნევს ადვოკატი დავით ხაჟალია. მისი თქმით, თუ მოწმეების “მოშორება” სურდათ, მაშინ გაუგებარია, რატომ დატოვეს ცოცხალი ბონდო ფუთურიძე.

 

“იმ მანქანაში 3 პიროვნება იჯდა და ერთი დღესაც ცოცხალია და თუ მოწმეების მოცილებას და საკონტროლო გასროლებს ჰქონდა ადგილი, მესამეს რატომ დატოვებდნენ ამ საკონტროლო გასროლების მოწმესაც?!“- განაცხა მან.

სინდოიანის ჩვენება

 

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ საკონტროლო გასროლების ავტორმა ცააძემ აიძულა “ედუარდ სინდოიანი, ეთქვა, თითქოსდა ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზარხველებთან – ვაზაგაშვილთან, ხუბულოვთან და ფუთურიძესთან ერთად, რა დროსაც მოხდა ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა და მიღებული მასალები მტკიცებულებად დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება”.

 

რადიო “აფხაზეთის ხმამ” 27 იანვარს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელზეც მიუთითებს, რომ ის “წარმოადგენს ფარულად ჩაწერილი საუბრის სტენოგრამას”, რომელიც თან ერთვოდა კორტების სპეცოპერაციის საქმეს. სტენოგრამის მიხედვით, მ1 შიფრით მოხსენიებული პირი, რომელსაც მიმართავენ, როგორც “ედოს”, ყვება, თუ როგორ გეგმავდა ბინის გაძარცვას ვაზაგაშვილთან და კიდევ 2 პირთან ერთად. “ედო”, როგორც “აფხაზეთის ხმა” წერს, ახლა უკრაინაშია და სასჯელს იხდის.

 

სწორედ უკრაინაში მყოფ მოწმეზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა 23 იანვარს, როდესაც მან იური ვაზაგაშვილთან შეხვედრის შესახებ გაიხსენა.

 

“ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან, რომლებიც ამყარებდა გამოძიების ეჭვებს. პრაქტიკულად, ვიზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მუქარებიც იყო, როგორც თვითონ მითხრა, გამოძიებამ იცის ამის შესახებ,”- თქვა ივანიშვილმა

 

“სინდოიანი, რომელიც დაიკითხა საზღვარგარეთ, არის ერთ–ერთი მოწმე,” – თქვა პროკურორმა, კოკა კაციტაძემ 2 თებერვალს გამართული პრესკონფერენციის დასასრულს.  გარდა ამისა, საქმის მასალებში ამ მოწმის ჩვენების არსებობა “ნეტგაზეთს” ადვოკატმა დავით ხაჟალიამაც დაუდასტურა.

 

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რომ თუკი ერთხელ უკვე მოხდა სინდოიანზე ზეწოლა ყალბი ჩვენების მისაცემად, ხომ არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მსგავსი კვლავ განმეორდეს, რადგანაც უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოწმე სწორედ ის არის. ამ კითხვით ჩვენ 4 თებერვალს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს მივმართეთ. მან განაცხადა, რომ პროკურატურა მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე არ არის დამოკიდებული

 

“აქ არ არის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ერთი რომელიმე მოწმის ჩვენების ირგვლივ აგებული, არის მთელი რიგი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები მოპოვებული. ასე რომ, ერთი მოწმის ჩვენებაზე ნამდვილად არ ვართ დამოკიდებული,“- თქვა პროკურორმა.

საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები

 

6 სპეცრაზმელს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი).

 

“საერთოდ გაუგებარია, სპეცრაზმელები რა შუაშია” – ამბობს შოთა უტიაშვილი. მისი თქმით, სპეცრაზმელი არ არის ვალდებული და არც შეუძლია გადაამოწმოს, ვინმე ბოროტად ხომ არ იყენებს უფლებამოსილებას.

 

“სპეცრაზმელი იურისტი ხომ არ არის, რომ თუ აძლევ დავალებას, რომ ესროლე, ესვრის, ის არ არის ვალდებული და არც შეუძლია გადაამოწმოს, შემთხვევით ვინმე ბოროტად ხომ არ იყენებს თავის უფლებამოსილებას და ა.შ. ამიტომ სპეცრაზმელების დაკავება სრულიად გაუგებარია,“- თქვა უტიაშვილმა.

 

კითხვით, თუ რას ამბობს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევებზე, “ნეტგაზეთმა” არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელს, სოფო ვერძეულს მიმართა. მისი განმარტებით, თუ სპეცრაზმელებს ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ბრძანება იყო უკანონო და იმ ვითარებაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არსებობდა ძალის გამოყენების საჭიროება, მაშინ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

 

“თუკი სპეცრაზმელებს ჰქონდათ გაცნობიერება იმისა, რომ ბრძანება იყო უკანონო და იმ წუთას, იმ ვითარებაში არსებული მდგომარეობის გათვალსწინებით, არ არსებობდა ძალის გამოყენების, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საჭიროება, მით უმეტეს, არ არსებობდა ამ ინტენსივობით გამოყენების, რომ ამას ამდენი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყოლოდა შედეგად, რა თქმა უნდა, ეს არ იცავს მათ პასუხისმგებლობისგან. მათ არ აქვთ ამგვარი იმუნიტეტი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ისინი ბრძანებას ასრულებენ, დაცულები არიან შემდგომში პასუხისმგებლობისგან,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს გაცნობიერებული, რომ ბრძანება უკანონოა, პასუხს ბრძანების გამცემი აგებს.

 

“როდესაც არ გაქვს გაცნობიერებული და არ გაქვს არანაირი ობიექტური გარემოება, იცოდე, რომ ასრულებ უკანონო ბრძანებას, ამ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი 109–ე მუხლზე,”- თქვა მან.

ბრალდებულთა წრე

ირაკლი ფირცხალავას გარდა, საქმეზე კიდევ 11 პირია ბრალდებული. თუმცა, ვაზაგაშვილის ოჯახი და ახლობლები უფრო ფართო სიაზე საუბრობენ.

იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდებულთა სიაში ყველა ის გვარი არ არის, რაზეც იური ვაზაგაშვილი მიუთითებდა.

 

“ჩვენთვის ახალი არ იყო, ამას რამდენი ხანია ჩემი ძმა იძახდა, გვარებსაც უთითებდა, ყველაფერი დასაბუთებული ჰქონდა. მაგრამ, აი, ის გვარები მთლიანად, არ ვიცი, რამდენიმე კაცია, პრესაშიც იყო ეს გვარები, ყველა არ არის. მე არ ვიცი ზუსტად ეს გვარები, მაგრამ, აი, დალაქიშვილი, მირზოევი, კვინიკაძე, ბევრი გვარი იყო, ასე ზეპირად არ მახსოვს,”- თქვა მან.

 

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მიერ დასახელებული ის პირებიც უნდა შეისწავლონ, რომლებიც ბრალდებულთა შორის არ არიან:

 

“ბატონ იურას აქვს ჩატარებული გამოძიება და იქ აქვს ძალიან ვრცელი სია, იქამდეც უნდა მივიდნენ და ყველა უნდა იყოს შესწავლილი, ის პიროვნებები, რომლებიც ბატონ იურას აქვს დასახელებული, და აუცილებლად მათაც უნდა აგონ პასუხი, ვისაც წვლილი მიუძღვის,”- თქვა ია მეტრეველმა.

 

კითხვაზე, დადგება თუ არა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და შესაძლოა კიდევ გამოიკვეთოს ვინმეს ბრალეულობის საკითხი:

 

“გამოძიება გრძელდება, საკმაოდ მოცულობითი სამუშაო არის ჩასატარებელი კიდევ ამ საქმეზე და გამოძიების დასრულების შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა სხვა ვინმე პირის ბრალეულობის საკითხი, მის ქმედებებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება. წინასწარ დაანონსება, თუ ვინ იმხილება და რა შეიძლება გამოიკვეთოს გამოძიების დასრულებისას, ამაზე პასუხი არ მაქვს,”- თქვა მან.

საქმის გახსნის თარიღი

 

პროკურატურამ საქმე გახსნილად იური ვაზაგაშვილის საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქებიდან მეცამეტე დღეს გამოაცხადა. საქმეზე გამოძიება 2012 წლის ბოლოს განახლდა.

 

ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც პროკურატურისგან ვაზაგაშვილების საქმის სწრაფად გამოძიებას ითხოვდა. 3 დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ “პროკურატურას პრაქტიკულად ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი ის გამოძიება, რომელიც ეხებოდა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას” და საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა.

 

საქმის გახსნას წინ უძღვოდა შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების დატოვება. მათ შორის არის გვარები, რომელთაც ვაზაგაშვილის ოჯახი ასახელებს:

 

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი დალაქიშვილი თანამდებობაზე 6 იანვარს ჩაანაცვლეს. შსს–ში მაშინც აცხადებდნენ, რომ მან თანამდებობა „პირადი განცხადების საფუძველზე, ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა“.  23 იანვარს კი საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევიც.

 

ასევე 23 იანვარს მიმართა გადადგომის თხოვნით შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს. ჭიკაიძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლო დროს გახმიანებულმა ბრალდებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც ჭიკაიძე აფარებს ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ რამ განაპირობა ამ საქმის გახსნა იური ვაზაგაშვილის მკვლელობიდან ასე მალე და არა მანამდე, ან ჩატარდა თუ არა ამ პერიოდში (20 იანვრიდან 2 თებერვლამდე) რაიმე ისეთი გამოძიება, რომელმაც საქმის გახსნა დააჩქარა, პროკურატურაში გვიპასუხეს, რომ წერილობით მივმართოთ. პროკურატურიდან მიღებულ პასუხს “ნეტგაზეთი” გაგაცნობთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი