სამართალი

19-წლიანი პატიმრობა და სამ თვეში სამჯერ მიყენებული თვითაზიანება

3 თებერვალი, 2015 • 1001
19-წლიანი პატიმრობა და სამ თვეში სამჯერ მიყენებული თვითაზიანება

ბექა ო.-ს დედის ინფორმაციით, მისი შვილის წინააღმდეგ თვითაზიანების მუხლით ძიება პირველად ბათუმში მომხდარ თვიდაზიანებამდე, ნოემბერში დაიწყო. მაშინ ბექა ო. გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა. „მას თავი არ დაუზიანებია, მაგრამ ასე ჩაწერეს. დააბეს და ისე სცემეს, რის შემდეგაც ბათუმში გადმოიყვანეს“, – ამბობს ბექას დედა.  

 

სწორედ ამ დაზიანების საქმის არსებითი განხილვა უნდა დაეწყო სასამართლოს, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ბექა.ო-მ კიდევ ერთხელ, 22 იანვარს დაიზიანა თავი აკრძალული ნივთით, სამართლებლით. შესაბამისად, მის წინააღმდეგ მესამედ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ბოლო მცდელობის შემდეგ, „პატიმარს გაეწია პირველადი დახმარება, გადაყვანილი იქნა სასწრაფო წესით მე-13 სამკურნალო დაწესებულებაში, ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, დაედო ნაკერები და იმყოფებოდა ამბულატორული მეთვალყურეობის ქვეში… სად-ის მე-7 დაწესებულებაში კი ამოუღეს ნაკერები. ამჟამად პატიმარი იმყოფება მე-7 დაწესებულებაში,  არ შიმშილობს და არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეში. ჭრილობაც შეხორცდა“.

 

ადვოკატი მარინა კაკაურიძე ამბობს, რომ „საქმის მასალების მიხედვით, ბექა ო.მ. სწორედ პირველ დაზიანებებთან დაკავშირებული პროცესის დღეს მიიყენა ახალი დაზიანება: „ბრალდებულმა მე მითხრა, რომ თავს იწესრიგებდა – წვერს იპარსავდა, რადგან სასამართლოში წასასვლელად ემზადებოდა. ადრინდელი ჭრილობები არ აქვს ბოლომდე შეხორცებული და სწორედ ამიტომ გაეჭრა კისერი. ეს რომ გამომძიებელს ვუთხარი, – მითხრა, ხელზეც იპარსავდაო?“

 

სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ბექა ო.-ს საქმესთან დაკავშირებით ამოღებულია ნივთმტკიცება – სამართებელი, რაც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნივთი პატიმარს ეკუთვნოდა, მის წინააღმდეგ დაიწყება მორიგი სისხლის სამართლის საქმე  378-ე მუხლით, რაც 3-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

პატიმრის დედას აინტერესებს – თუ მართლა დაიზიანა მისმა შვილმა სამართებლით სხეული, რა გზით მოხდა მასთან ეს აკრძალული ნივთი: „ბათუმის დაზიანების შემდეგ ჩემი შვილი უნდა გადაეყვანათ სამკურნალო დაწესებულებაში ან ისეთ დაწესებულებაში, სადაც აქვთ ყოველდღიური ზედამხედველობა. მაგრამ მოათავსეს მე-7 დაწესებულებაში, სადაც კვირაში ერთხელ მოდის ექიმი. ამ დაწესებულებაში არათუ მკაცრი, არამედ უმკაცრესი რეჟიმია. მე მისი ნახვის შესაძლებლობა არ მაქვს, ამბავი ადვოკატს გამოაქვს, ფაქტობრივად, მის შესახებ არაფერი ვიცი. დღეს ადვოკატი ბექას სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილეს ელაპარაკა, მკურნალობა რომ ჩაუტარდეს“.

 

ბექა ო.-ს დედის ინფორმაციით, მის შვილს ექსპერტიზის შედეგად დადგენილი აქვს „ორგანული შინაგანი აშლილობა დეპრესიის ფონზე“. დედა ეჭვობს, რომ მისი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო უარეს დღეშია, ამიტომაც აპირებს საკუთარი სახსრებით განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას, რათა შესაბამის დაწესებულებაში მისი განთავსება მოხერხდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი