სამართალი

ადვოკატი ეტლში მჯდომი პატიმრის ცემის თაობაზე იუწყება

3 თებერვალი, 2015 • 1379
ადვოკატი ეტლში მჯდომი პატიმრის ცემის თაობაზე იუწყება

მარინა კაკაურიძე, რომელც მე-17 დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის ნ.კ-ს ადვოკატია, ამბობს, რომ გუშინ შეხვდა პატიმარს, რომელიც ცემის შესახებ მოუყვა. თუმცა გამოძიება, პირიქით – ბადრაგის ცემაზე დაიწყო.

 

მარინა კაკაურიძე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურდღებას: „ბიჭს აქვს თავში სამი კისტა, სასქესო ორგანოზე კისტა, ხერხემალი დაზიანებული, ორი თვის წინ ძლივს წამოდგა ეტლიდან და ხელჯოხით გადაადგილდება, ღვიძლი, ნაღველი განადგურებული აქვს. აი, ამ ბიჭს წაუყენეს ახალი ბრალდება, რომ თითქოს მან ბადრაგის ოთხი თანამშრომელი მსუბუქად სცემა, ხოლო ერთ-ერთ მათგანს მაისური შემოახია“.

 

ინცინდენტი, როგორც მარინა კაკაურიძე ყვება, ავლაბარში, სპეციალიზებულ კლინკიაში პატიმრის გადაყვანას უკავშირდება: „ბადრაგმა წაიყვანა კლინიკაში პროსტატის ჯირყვლის შესამოწმებლად. ექიმს უთქვამს წაიკუზეო, პროცედურის ჩასატარებლად. იფიქრა, ხომ არ მომესმაო – თან ყური აქვს დაზიანებული… აი, ამაზე გაგიჟდა პატიმარი, არ იცოდა, რომ პროცედურა ამას ითვალისწინებდა.  ამის გამო სცემეს – ტროსტი, რომელსაც გადადგილების დროს იყენებს, თავზე გადაუმტვრევიათ“.

 

მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, პატიმარ ნ.კ.-ს თებერვალში  უდო უწევდა: „პატიმარმა მითხრა, იმის გამო, რომ უდოზე ხელი არ შემშლოდა,  „ნიჟე ტრავი, ტიხო-ვადი“ ვიყავი და ამიტომ ეს სპეციალურად მომიწყესო. ისე, 6 წელია ზის და ერთხელ არ არის დასჯლი რეჟიმის დარღვევისთვის“.

 

მარინა კაკაურიძე დარწმუნებულია, რომ  ხელჯოხიანი პატიმარი წინააღმდეგობის გაწევას, ანუ ბადრაგის ოთხი თანამშრომელის ცემას (სუსტი დაზიანებ და მაისურის შემოხევა), რასაც ახლა მას ბრალად უყენებენ, ვერაფრით შესძლებდა. აქედან გამომდინარე ის ვარაუდობს, რომ გარკვეული ჯგუფი განზრახ აწყობს საბოტაჟს – „ალბათ ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება, რომელიც პატიმრებით მოვიდა, პატიმრებითვე გაუშვებენ“.

 

მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, ცემის ფაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, ამიტომ მან პატიმრის გარეგანი დათვალიერებისას ვერ აღმოაჩინა ცემის ნაკვალევი. „ექიმს კი აქვს ცნობა, რომ სიწითლეები შეინიშნება, მაგრამ ბიჭს ეს დაზიანებები ახლა გამქრალი აქვს“.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესცენტრში „ნეტგაზეთს“ შემდეგი განუცხადეს: „2015 წლის 8 იანვარს ეს პატიმარი მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს გამოკვლევისთვის ქალაქის საავადმყოფოში. საავადმყოფოდან წამოსვლის დროს მან ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო გარედაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გუშაგ-ინსპექტორი, რის  შემდეგაც, 378-ე მუხლის საფუძველზე აღიძრა საქმე“.

 

რაც შეეხება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას – ამასთან დაკავშირებით სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს: „პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, იმყოფება მედპერსონალის მეთვალყურების ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ხოლო თუ თვითონ პატიმარის თანხმობა იქნება, ჩვენ შეგვიძლია ეს პერსონალური ინფორმაცია, მისი დიაგნოზი გადმოგცეთ, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა. მაგრამ ეს არ უკავშირდება ამ ინციდეტს“.

 

სახალხო დამცველი პრესცენტრის ცნობით, „ჩვენმა წარმომადგენლებმა მოინახულეს აღნიშნული პატიმარი, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართეს სასჯეაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის. დოკუმენტები და ასევე პატიმრის ახსნა-განმარტებაც გადაიგზავნა შესაბამისი რეაგირებისთვის პროკურატურას“.

 

პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახე ინფორმაციის მოწოდებას „ბათუმელები“ მოგვიანებით ეცდება. ამ უწყების პრესსამსახური, ჯერჯერობით, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი