სამართალი

11 წლის გოგონაზე მოძალადის საქმე

10 დეკემბერი, 2014 • 1095
11 წლის გოგონაზე მოძალადის საქმე

ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას  ითხოვდა. ის დანაშაულს აღიარებს. დაზარალებული – მცირეწლოვანი გოგონა ახლა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  

„დაზარალებული გოგონა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ქარცივაძემ მოაწოდა. სწორედ ეს უწყებაა ვალდებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციაზე იზრუნოს.

ბრალდებულმა აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების განსახორციელებლად თავისი მეზობლის კუთვნილ პირუტყვის სადგომში მოტყუებით შეიყვანა მეზობლის ბავშვი. დაკავების ოქმში წერია, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ გოგონა  „ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გამო იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში“.

სასამართლოს სხდომის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა გოგონას „პირზე ააფარა ხელი, ფიზიკური ძალის გამოყენებით შებოჭა ის და იძულებით გახადა ტანსაცმელი. ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, უკანა ტანში დაამყარა სექსუალური კავშირი“.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 138-4გ ქვეპუნქტით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პირის ბრალეულობას, სასამართლო განჩინების ოქმში ასეა ჩამოთვლილი: განცხადება დანაშაულის არსებობის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტო. ამოღებული ნივთები, დაზარალებულისა და ბრალდებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები.

სასამართლო დარბაზში პროკურორმა რამაზ შავაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული შესაძლოა მიემალოს გამოძიებას, არ გამოცხადდეს სასამართლოში, ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, გაანადგუროს მტკიცებულებები ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რადგან ის განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის ჩადენაშია ბრალდებული. ამიტომაც აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურორმა მისთვის პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატი რამინ გვარიშვილი და ბრალდებული კი გირაოს – ოცი ათასი ლარის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განჩინებაში წერს, რომ არსებობს რისკი ბრალდებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალოს და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალოს, ამიტომაც მას აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციამ ბრალდებული გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, სასამართლოს ნებართვის (განჩინების) გარეშე დააპატიმრა. პირველი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 იანვარს გაიმართება.

დანაშაული 17 ნოემბერს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი