სამართალი

კვლევა: საქართველოში 16 100 ადამიანი მონურ პირობებში ცხოვრობს

20 ნოემბერი, 2014 • • 2925
კვლევა: საქართველოში 16 100 ადამიანი მონურ პირობებში ცხოვრობს

მონურ პირობებში მცხოვრები ადამიანების ყველაზე მაღალი რაოდენობა ინდოეთშია. ამ რეიტინგში საქართველო 105-ე ადგილზეა.

ტერმინი – თანამედროვე მონობა მოიცავს ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმას: ადამიანებით ვაჭრობას, სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას, იძულებით ქორწინებას, ბავშვთა ექსპლუატაციას, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას და ა.შ. 

კვლევის ფარგლებში 167 ქვეყნის მონაცემები გაანალიზეს და დადგინდა, რომ აფრიკასა და აზიაში მონობის აღმოფხვრა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა, მაშინ, როცა ამ მხრივ ევროპაში უფრო პოზიტიური მდგომარეობაა.

ანგარიშის თანახმად, 14 მილიონზე მეტი ადამიანი მონურად ცხოვრობს ინდოეთში, ინდოეთს მოსდევს ჩინეთი (3 მილიონი ადამიანი), შემდეგ კი პაკისტიანი და უზბეკეთია.

რეიტინგში რუსეთი მეხუთე ადგილზეა. კველევის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა დამონებული მიგრანტი მუშების შრომაზე დგას, რომლებიც ძირითადად სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობენ.


კვლევის თანახმად, საქართველოში თანამედროვე მონობის ორი ფორმა არსებობს – ქვეყნის გარეთ ქალების  სექსუალური ექსპლუატაცია, ასევე, უცხოელი ქალების ექსპლუატაცია საქართველოს ტურისტულ რეგიონებში და კაცების შრომითი ექსპლუატაცია, ძირითადად, თურქეთსა და რუსეთში:

“წლების განმავლობაში იძულებითი პროსტიტუცია ეხებოდა იმ ქალებს, რომლებიც საქართველოდან წასული იყვნენ თურქეთში, ეგვიპტეში, არაბეთის გაერთიანებული საემიროებში, ცალკეული შემთხვევები არსებობდა ავსტრიაში, გერმანიასა და საბერძნეთში”.

კვლევაში ნათქვამია, რომ შრომით მიგრაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაჭიანურებული კონფლიქტების შედეგად გაიზარდა. საქართველოს მოსახლეობის 11% შრომითი მიგრანტია. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოდან რუსეთში შრომითი მიგრანტების რაოდენობა შემცირდა და მოქალაქეებმა სამუშაოს ძებნა ევროპულ ქვეყნებში დაიწყეს, რუსეთი მაინც რჩება სამუშაოს მოძიების მთავარ ადგილად.

კვლევაში ცალკე ქვეთავი ეთმობა ხელისუფლების ქმედებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს თანამედროვე მონობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მკაცრად უპასუხა. კვლევაში დასახელებულია 2014 წელს დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმა (NAP) ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ყოველ 2 წელიწადში განახლდება. ამჟამინდელი სამოქმედო გეგმა პროაქტიულ მიდგომებსაც ითვალისწინებს, რამაც უნდა გაზარდოს მსხვერპლის იდენტიფიკაციის და მასზე მოძალადის დასჯის შანსი.

ანგარიშის მიხედვით თანამედროვე მონობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიუჯეტი 2007-2012 წლებში 3-ჯერ გაიზარდა და 300 000 ლარიდან 935 000 ლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სამონიტორინგო სტრუქტურა, რომელიც ასეთ შემთხვევბში ეფექტური ჩარევის ხარისხს შეამოწმებს, უწყებათაშორისი საბჭო ადგენს ანგარიშებს, რომელსაც აწვდის მთავრობას ყოველ ექვს თვეში. ეს ვალდებულება სამოქმედო გეგმითაა გაწერილი, რაც, როგორც კვლევაშია ნათქვამი, უჩვეულოა რეგიონის ქვეყნებისთვის, სწორედ ამის გამო საქართველო ქვეყნების იმ ათეულშია შესული, რომლთა მთავრობებიც თანამედროვე მონობაზე მკაცრად რეაგირებენ.

საქართველო მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა 2006 წელს შრომის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების გამო, რის შედეგადაც შრომითი ექსპლუატაციის რისკები გაიზარდა. ევროკავშირთან უფრო ფართო ინტეგრაციის ფარგლებში დაგეგმილია შრომითი კოდექსის კიდევ ერთი განახლება და შრომითი ინსპექტორის აღდგენა.


2014 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შევიდა კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ეს კანონი უცხოელ მუშებს კონკრეტული ვიზის მოთხოვნას უწესებს და მათ ქვეყანაში არ უშვებს, როგორც მიგრანტს. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს რეგულაცია შეამცირებს უცხოელი მუშების დაუცველობის ხარისხს.

“უმუშევრობის მაღალი დონის გამო ეკონომიკური მიგრაცია საქართველოში კვლავ იზრდება. ახალგაზრდა ადამიანები (15-24) კონკრეტულ წინააღმდეგობებს აწყდებიან სამუშაოს ძებნისას. ახალგაზრდების 30% არც სწავლობს, არც დასაქმებულია და არც სხვა აქტოვობაშია ჩართული”.

ქვეყნის მოწყვლადობის ხარისხი 51%-ია, რადგან კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი 250 000 ადამიანი, მართალია, სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, მაგრამ მათი ექსპლოატაციის მაღალი რისკი კვლავ  არსებობს.

მონობის გლობალური ინდექსი პირველად გასულ წელს გამოქვეყნდა. 2014 წლის მონაცემები 20%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს, მაგრამ კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ეს უფრო დახვეწილ მეთოდოლოგიას უკავშირდება და არა იმ ადამიანების რაოდენობის ზრდას, რომლებსაც მონურ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.

კვლევის თანახმად, ყველაზე ეფექტურად თანამედროვე მონობის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთი იბრძვის. ამ ჯგუფში შედიან  ნიდერლანდების სამეფო, შვედეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, შვეიცარია, ირლანდია, ნორვეგია, ავსტრია და საქართველო.

კვლევას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აქცენტი კეთდება მონობის თანამედროვე ფორმების წინააღმდეგ მთავრობის ეფექტურად მუშაობის შესახებ.

“საქართველომ მთავრობების მიერ განხორციელებული ძალისხმევის რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით მე-9 ადგილი დაიკავა და BBB რეიტინგი მიენიჭა. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა სისტემური ღონისძიებები თანამედროვე მონობის ფორმების წინააღმდეგ, რაც მოიცავს  მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებს, ძლიერ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს, კოორდინაციასა და თანამშრომლობას, ასევე,  მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების სპეციალურ დაცვას”.

კვლევაში რეკომენდაციის სახით მოცემულია შემდეგი წინადადებები:

  • შრომითი ინსპექტორის ინსტიტუტის ხელახალი დაფუძნება;

  • იძულებითი შრომის გამოვლენის მიზნით მაღალი რისკის ინდუსტრიების შემოწმება;

  • ეროვნული სამოქმედო გეგმის შეფასების მიზნით ცალკე ინსტიტუტის დაფუძნება;

  • კვლევების ჩატარება იძულებითი შრომისა და ბავშვთა იძულებითი შრომის კუთხით;

  • მაღალ რისკჯგუფებს  − დევნილებსა და ახალგაზრდებს შორის ცნობიერების ამაღლების გაგრძელება ტრეფიკინგთან დაკავშირებულ რისკებზე.

იმ ქვეყნების ათეული, სადაც ამ კუთხით ვითარება ყველაზე კარგია, ასე გამოიყურება: ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ბარბადოსი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი,  დანია, შვეიცარია და ავსტრია. ისლანდიასა და ლუქსემბურგში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მონების მსგავს ვითარებაში ცხოვრბენ, 100-ზე ნაკლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი