სამართალი

სად არიან ყოფილი პატიმრები

3 ოქტომბერი, 2014 • • 1932
სად არიან ყოფილი პატიმრები

ცოტნე 26 წლისაა (ყოფილი პატიმრების სახელები შეცვლილია, რადგან არც ერთ მათგანს არ სურს საკუთარი ვინაობის დასახელება). სასჯელს ის პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო იხდიდა. საპყრობილე სამი წლის წინ დატოვა. დასაქმების სააგენტოში განცხადება დაწერა, კონკურსებშიც მიიღო მონაწილეობა. ამბობს, რომ მუშაობას ვერ იწყებს, ნასამართლევია და იმიტომ.

 

ნიკოლოზი 14 წლის იყო, როცა დააკავეს. სოციალურად დაუცველი. საჭმლის ქურდობის ბრალდებით ციხეში ერთი წელი გაატარა. სამი წელიც პირობითი მსჯავრი ედო, გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და სკოლა თანაკლასელებთან ერთად დაამთავრა. ეროვნულ გამოცდებზე გრანტი ვერ მოიპოვა და საზღვაო აკადემიაში სწავლის გაგრძელება ამიტომაც ვერ შეძლო. ამბობს, რომ სწავლის საფასურის გადახდაში დახმარება სახელმწიფოს სთხოვა. უარი მიიღო. სწავლა მიატოვა. მას შემდეგ პერიოდულად ფიზიკურად მუშაობს. ახლა უკვე 21 წლისაა, ცოლი მოიყვანა და შვილი ჰყავს. ოჯახი სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს.

 

გოჩა პროფესიით ექიმია. ის ცოლთან ერთად სხვის სახლში ცხოვრობს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ორ წელზე მეტი ნაქირავებში ცხოვრობდა. როგორც თავად ყვება, ქირის ფული ვერ გადაიხადა. ავეჯი და ტექნიკა რაც ჰქონდა, ბინის მეპატრონეს დაუტოვა. ექიმი, პროფესიით ნარკოლოგი, ფსიქოტროპული წამლების გასაღების გამო დააპატიმრეს. მასთან ერთად დააკავეს თათიაც – მისი ცოლი, რომელმაც გამომძიებელს უთხრა, რომ მათ სახლში აღმოჩენილი ფსიქოტროპული წამლები მისი იყო. ნარკოლოგიური შემოწმებისას არც ერთ მათგანს ფსიქოტროპული წამალი ორგანიზმში არ აღმოაჩნდა. ცოლ-ქმარს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბათუმში, ქალაქის ცენტრში სამოთახიანი ბინა გაყიდეს, ეს თანხა გოჩას საპროცესო შეთანხმებისთვის გადაიხადეს. ექიმი პატიმრობიდან წელიწადნახევარში გათავისუფლდა, ოთხი წლის შემდეგ ამნისტიით ქალთა კოლონია თათიამაც დატოვა, დაპატიმრებამდე ის ინდმეწარმე იყო – მაღაზიას ამუშავებდა. გოჩა ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურის დაწყება რამდენჯერმე სცადა. წლებია აღარ მუშაობს და დასაქმების იმედს მაინც არ კარგავს.

 

თათიამ ციხეში ქარგვა ისწავლა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბიზნესიდეა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ დაუფინანსა და პროექტში კიდევ რამდენიმე ყოფილი პატიმარი ჩართო. სუფრების, ხატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ბათუმში მალე გაიმართება. ყოფილი პატიმრები ახლა ამ პროექტისთვის მუშაობენ. თათია ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის – “ჯისიარტის” დახმარებით ფსიქოლოგიური დახმარება მიიღო. ამის გამო არასამთავრობო სექტორს ემადლიერება. სახელმწიფოსგან მას დახმარება არ მიუღია, არც მიუმართავს: “არც გამიგია, თუ არსებობს რაიმე”.

 

„ორი ფაქტი ვიცი, როცა მოქალაქეები ამბობდნენ, რომ დისტრიბუციის სამსახურში იმის გამო ვერ დაიწყეს მუშაობა, რომ ნასამართლევის სტატუსი ჰქონდათ”, – ამბობს გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აჭარაში – „დამსაქმებელი ერიდება რისკებს და თავს იკავებს იმ ადამიანების დასაქმებისგან, რომლებსაც კანონთან კონფლიქტი ჰქონდათ”.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფომ განსაკუთრებული ზრუნვა 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ცენტრის ბაზაზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ დაფუძნდა. ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარით ფინანსდება. როგორც ჯონი კვინიკაძე ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა იზრდება, რეგიონებში იხსნება ფილიალები. ამჯერად, ფილიალები თბილისის გარდა მუშაობს გორში, ქუთაისსა და ბათუმში, უახლოეს ხანში კი გაიხსნება ზუგდიდსა და მარნეულში.

 

ყოფილი პატიმრებისთვის განკუთვნილი პროგრამა სამი რგოლისგან შედგება, სადაც პირველი არის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება, მეორე – პროფესიული გადამზადება, და მესამე – დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ცენტრის ფსიქოლოგები უწევენ, პროფესიულ გადამზადებაზე კი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განათლების სამინისტროს შესაბამისი ცენტრები ზრუნავენ.

 

რაც შეეხება დასაქმებას, კვინიკაძე ამბობს, რომ ყველაზე მარტივი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, ეს არის გაუწიონ რეკომენდაცია დამსაქმებელთან. „გვაქვს ბაზა, სადაც ჩვენი ბენეფიციარების დასაქმების შესაძლებლობებია აღწერილი. შესაბამისად, როცა მოვიძიებთ პოტენციურ დამსაქმებელს, რომელსაც შესაბამისი კადრი ესაჭიროება და როდესაც მოთხოვნა მიწოდებას დაეთხვევა, ამ შემთხვევაში დასაქმების შანსი იზრდება“. კვინიკაძის ინფორმაციით, ამ დრომდე, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელშეწყობით, სხვადასხვა კერძო და საჯარო სამსახურში 98 ყოფილი პატიმარი დასაქმდა.

 

ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ეს ადამიანები სხვა თანამშრომლებთან შედარებით უფრო მოტივირებულებიც არიან და მეტ პასუხისმგებლობასაც გრძნობენ. ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი საწყობის უფროსადაც დანიშნეს და დამსაქმებლის შეფასებით, იგი საქმეს ძალიან კარგად ართმევს თავს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ძირითადად დასაქმების ხელშეწყობა სამშენებლო სამუშაოებზე ხდება (მშენებლობა, სარემონტო სამუშაოები, სახელობო პროფესიები). „პირადად იუსტიციის მინისტრის მაღალი ინტერესის გამო, 15 ყოფილი პატიმარი დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ში“, აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ. მისი ინფორმაციით, ცენტრის სოცმუშაკები 2012 წლიდან დღემდე საპატიმროებში ორი ათას პატიმარს შეხვდნენ. მათგან 970-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა ცენტრის სხვადასხვა სერვისით. 650 ყოფილი მსჯავრდებული კი აქტიურად არის ჩართული პროგრამაში. ჯონი კვინიკაძის თქმით, ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ნასამართლობა.

 

დანაშაულის პრევენციის ცენტრი უახლოეს ხანში გეგმავს თანამშრომლობას ყველა იმ უწყებასთან, რომლებსაც ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნა შეუძლიათ. არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა სასამართლოს ნასამართლობის მოსახსნელად. მაგალითად, „ბათუმელებს” უთხრეს, რომ ბათუმის სასამართლო მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს. სტატისტიკური მონაცემები ნასამართლობის მოხსნაზე არც უზენაესი სასამართლოს წლიურ ანგარიშებშია.

 

მაია საგინაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტში” მუშაობს ყოფილ პატიმრებთან და პრობაციონერებთან: „ვცდილობთ, პირადი ნაცნობობით მოვიძიოთ დამსაქმებლები. ისინი თავს იკავებენ ნასამართლევი თანამშრომლის აყვანისგან. გვპირდებიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაპირება დაპირებად რჩება. მიუხედავად ამისა, პროექტის ფარგლებში 81 დასაქმებული ბენეფიციარი გვყავს – 77 დასაქმდა ჩვენ მიერ დაფინანსებულ მცირე საწარმოებში და ოთხი – სხვადასხვა კომპანიაში. ბენეფიციარები, რომლებმაც ჩვენი მხარდაჭერით საკუთარი საწარმო აამოქმედეს, მზად არიან სხვა ბენეფიციარი დაასაქმონ. ამ დროისთვის პროექტში ჩართულია 1106 ადამიანი – ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები და 54 პრობაციონერი.“

 

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. მისი მიზანი აჭარისა და სამეგრელო-ზემოსვანეთში ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციაა. ეს პროექტი გამოირჩევა იმით, რომ ყოფილ პატიმრებს საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმოს) დაწყებაში ეხმარება.

 

მაია თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ “სახელმწიფო პროგრამები დახვეწა-გაფართოებას საჭიროებს. სახელმწიფომ უნდა შექმნას საწარმოები, სადაც შეეძლებათ დასაქმება მსჯავრდებულებს. ყოველთვის არ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები მათ დასახმარებლად. დროა სახელმწიფომ უფრო მეტი რესურსი გამოყოს ამ კუთხით”.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი „ბათუმელებთან” ამბობს, რომ 2014 წლის 15 სექტემბრის მონაცემებით 100-ზე მეტი მსჯავრდებული დაასაქმეს მათი რეკომენდაციით: „ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი პირობითი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია პრობაციონერების, პირობით მსჯავრდებულების ყოფითი პრობლემების მოგვარება. ჩვენი ვალდებულება არ არის მათი დასაქმება, თუმცა ამ კუთხით ვმუშაობთ. წლის ბოლომდე ამოქმედდება კერძო საწარმო, სადაც 40 ყოფილი პატიმარი დასაქმდება”.

 

გიორგი არსოშვილის ინფორმაციით, საწარმოს კერძო კომპანია სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხსნის. გარდა ამისა, უწყება სამ ბიზნესიდეასაც დააფინანსებს, თითოეულ ყოფილ პატიმარს შვიდი ათას ლარს ბიზნესიდეაში მხოლოდ იმ პირობით მისცემს, თუ ის მინიმუმ სამ ყოფილ პატიმარს დაასაქმებს. საიას იურისტი, გია ქარცივაძე ამბობს, რომ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის კუთხით სახელმწიფო სტრატეგია შესამუშავებელია: „რესოციალიზაცია სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ სიტყვებად რჩება. ამ მიმართულებით საქართველოში რეალურად არაფერი კეთდება”.

 

იურისტის შეფასებით, სახელმწიფოში რეაბილიტაციის მექანიზმი არ მუშაობს: „სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2013 წელს დაუსაქმებელი ადამიანი შრომისუნარიანი მოქალაქეების 25%-ია. ეს ციფრი არ არის ზუსტი – სოფელში მცხოვრებთაც დასაქმებულებად თვლიან. მათ კი სამომხმარებლო კალათის შევსება საკუთარი შრომით უჭირთ. საქართველოში ამომრჩევლის ნახევარი დაუსაქმებელია, ეს დიდი პრობლემაა. ევროპაში დაუსაქმებელი ადამიანის მაჩვენებელი შრომისუნარიანი ადამიანების საშუალოდ 4-7 პროცენტამდე მერყეობს, ამერიკაში 4%- ით ნაკლებია, ამიტომ ნასამართლობის სტატუსი უცხო ქვეყნებში დასაქმების ბარიერს არ ქმნის”.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის შეფასებით, სახელმწიფოს ყოფილ პატიმრებთან მუშაობის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს: „მინიმალური დანახარჯით უნდა დაიწყოს სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა, ჯერ სამუშაო დოკუმენტი უნდა შეიქმნას. გასაგებია, რომ სახელმწიფო ამ პრობლემას ერთ ან ორ წელიწადში ვერ მოაგვარებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა ელის ყოფილ პატიმრებს 2020 ან 2030 წელში”.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის პირველი ოქტომბერის მდგომარეობით ციხეში 22 ათასზე მეტი პატიმარი იმოფებოდა. 2014 წლის 24 აპრილის მონაცემებით ცხრა ათასზე ცოტა მეტი. 2013 წლიდან იანვრიდან 2014 წლის ივნისამდე ამნისტია შეეხო 17 ათასზე მეტ მსჯავრდებულსა და ბრალდებულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი