სამართალი

TDI: რელიგიური დისკრიმინაციის კუთხით პრობლემა არის კანონის აღსრულება

9 სექტემბერი, 2014 • • 1503
TDI: რელიგიური დისკრიმინაციის კუთხით პრობლემა არის კანონის აღსრულება

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, დისკრიმინაციული აღსრულების პრობლემა იკვეთება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მშენებლობის ნებართვების გაცემა, მართლმსაჯულების აღსრულება რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებსა თუ საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეულ საკუთრებაზე, ასევე, საკულტო ნაგებობებზე უფლებების აღდგენაზე.

 

კვლევის ექსპერტი ბექა მინდიაშვილი ამბობს: “ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციულად არ შეიძლება შეფასდეს სამართლებრივი სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციული  დამოკიდებულების ელემენტები ბევრგან არის გაბნეული სხვადასხვა კანონში. ხშირად სწორედ სამართლებრივი ინტენციები ხდება საჯარო მოხელეთათვის დისკრიმინაციული ქცევის საფუძველი”.

 

კვლევის ერთ–ერთი ავტორი ეკატერინე ლომთათიძე კი ამბობს, რომ საკანონმდებლო ბაზა უწყობს ხელს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ სხვა რელიგიური გაერთიანებებისგან განსხვავებით, თავისი პრობლემები უფრო მარტივად მოაგვაროს.

 

“ქუთაისში არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც 1939 წელს ჩამოართვეს კათოლიკურ ეკლესიას. ამის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმის ბოლო წლებში, კათოლიკეები პერმანენტულად მიმართავდნენ ქუთაისის ხელისუფლებას ამ ეკლესიის დასაბრუნებლად,” – ამბობს ეკატერინე ლომთათიძე

 

მისი თქმით, კათოლიკეებმა შექმნეს ორგანიზაცია “სავარდი”, რომელიც რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც დაადასტურა, რომ საქართველოში არსებული ძველი კათოლიკური ეკლესიის სამართალმემკვიდრე იყო. ლომთათიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს ბაზა, რომელიც განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ახალი რელიგიური ორგანიზაციები ძველი რელიგიური ორგანიზაციების სამართალმემკვიდრედ.

 

“ამასობაში მოხდა ისე, რომ 2002 წლის კონკორდატის საფუძველზე მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაირეგისტრირა ეს ეკლესია,” – თქვა ეკატერინე ლომთათიძემ.

რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევის პრეზენტაცია
რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევის პრეზენტაცია ‘ფრონტლაინ ჯორჯიაში’

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ამ ანგარიშში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი იყო ის, თუ კონკრეტულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით როგორი დასკვნა გაკეთდა:

 

“მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და რელიგიური თუ სხვა ნიშნით დანაშაული დამამძიმებლად ითვლება, იქიდან მოყოლებული ამ კონკრეტულ მუხლს არავინ იყენებს,” – ამბობს რუსუდან გოცორიძე.

 

ანგარიშის მიხედვით, “რელიგიური შეუწყნარებლობის დანაშაულებიდან ყველაზე აქტიურად გამოიყენება არა რელიგიური წესის აღსრულების ხელის შეშლის მუხლი (მუხლი 155), არამედ დევნის მუხლი (მუხლი 156)”. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად რელიგიურ ნიადაგზე დევნასთან დაკავშირებულ სტატისტიკას პროკურატურა არ აწარმოებს.

 

ანგარიში პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებსაც მიმოიხილავდა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა ისინი სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს.

 

ანგარიშის მიხედვით, საჯარო მოხელეები “უმრავლესობის დაკვეთით” რელიგიური უმცირესობებისადმი დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ.

 

“გამოიკვეთა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი, როდესაც გამოთქვამდა გარკვეულ პოზიციას ამა თუ იმ რელიგიურ მოვლენასთან დაკავშირებით, ახდენდა დისკრიმინაციას და ხშირად გამოხატავდა ერთი კონკრეტული რელიგიის პოზიციას, ამ შემთხვევაში ცალსახად გამოხატული იყო მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია.

 

ძალიან ცოტა იყო შემთხვევა, როცა პოლიტიკოსები ითვალისწინებდნენ ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესებს,” – ამბობს კვლევის მედიამონიტორინგის ნაწილის ავტორი, ჟურნალისტი მაია წიკლაური.

 

“სამართლებრივი სისტემა, საჯარო რიტორიკა და  პოლიტიკური ქცევა ქმნის სამკუთხედს, რომელიც იწვევს, ერთი მხრივ, დისკრიმინაციულ მოქმედებას რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, არღვევს კონსტიტუციით აღიარებულ სეკულარობის პრინციპს,” – თქვა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ბექა მინდიაშვილმა.

 

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა ინტერვიუებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას, საკანონმდებლო აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს.

კვლევა მოამზადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის (EWMI) – “საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება” (G-PAC) – ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი