სამართალი

გიორგი ცომაიას მხარდამჭერი აქცია პოლიციასთან [video]

28 აგვისტო, 2014 • • 1361
გიორგი ცომაიას მხარდამჭერი აქცია პოლიციასთან [video]





“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ჩაკეტილ წრეს, რაშიც ტრიალებს ქართული სამართალდამცავი სისტემა,”– ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მიონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, აქციის მომაწილე ვახუშტი მენაბდე.

 

მისი თქმით, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავ ორგანოში ჩადენილ დანაშაულს. “სამწუხაროდ, დღეს ისევ სამართალდამცავი იძიებს საკუთარ სისტემაში ჩადენილ დანაშაულს, რაც ქმნის პრობლემებს ობიექტური თვალსაზრისით,”– ამბობს მენაბდე.

 

“ამ ამბის შესახებ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვიცით და, სამწუხაროდ, ადამიანები ყურს არ იბერტყავენ,”– ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე

 

“ამ ამბის შესახებ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვიცით და, სამწუხაროდ, ადამიანები ყურს არ იბერტყავენ. გამოდის, რომ ადამიანის წამება კი არ გვაწუხებდა ჩვენ, არამედ პოლიტიკური იყო ის პროტესტი, რომელსაც ადამიანები იჩენდნენ იმ დროს. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმიტომ, რომ შერჩევითი სამართლიანობა არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, არამედ ჩვენი, მოქალაქეების მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ყოველთვის იქნება პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ,”– თქვა ირაკლი ვაჭარაძემ.

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს: “ადამიანი, რომელიც იყო მთვრალ მდგომარეობაში, მას რეალურად არც შეეძლო არანაირი წინააღმდეგობის გაწევა და, რაც მთავარია, ძალიან კონკრეტული მიზეზით მივიდა პოლიციაში, მას ჰქონდა პრობლემა და სურდა ამ პრობლემის მოგვარება”

 

აქციის მონაწილე ალექსანდრა აროშვილი ამობს,  რომ ადამიანი, რომელმაც დახმარებისთვის თვითონ მიმართა პოლიციას, ცემა პოლიციელების ჯგუფმა. ის მიიჩნევს, რომ პოლიციის ასეთ ქმედებას ლეგიტიმაციას საზოგადოება თავისივე  უმოქმედობით აძლევს.

 

“შევეცადეთ, რომ გაგვეკრა პლაკატები პოლიციის შენობის კარზე, რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ ჩამოგვიხიეს”– თქვა ალექსანდრა აროშვილმა.

 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას გიორგი ცომაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.

 

გიორგი ცომაიას ოჯახის წევრებისა და ადვოკატების თქმით, ვაკე–საბურთალოს  რაიონის პოლიციის მე–2 განყოფილებაში ის პოლიციელებმა სასტიკად ცემეს.

 

მათი თქმით, გიორგი ცომაია, თავისივე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვაჟა ფშაველას გამხირზე მდებარე პოლიციის მე–2 განყოფილებაში 14 აგვისტოს, ღამის 2–ის ნახევრისთვის იმ მობილური ტელეფონის დასაბრუნებლად მივიდა, რომელიც მას წინა ნასამართლეობისას ჩამოართვეს.

 

“მივიდა იმიტომ, რომ ეთხოვა დახმარება წინა ნასამართლეობის დროს ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნებაში დახმარებოდა პოლიცია. ნაცვლად ამისა მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ “შე ლაწირაკო, არ იცი, რა დროს უნდა მოხვიდე?” ამაზე შეეკამათა გიორგი, რატომ ვარ ლაწირაკი, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფასო,”– ამბობს ცომაიას ადვოკატი.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის თქმით, გიორგი ცომაია 11–მა პოლიციელმა სასტიკად ცემა, რომელთა ნაწილი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული: “ის იყო იმდენად ნაცემი, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორი უარს აცხადებდა მის მიღებაზე, სანამ ფორმა 100–ს არ წარადგენდნენ”.

 

“პოლიციის ვერსიით, ცომაიამ თავდასხმა განახორციელა პოლიციაზე მათ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რომ გავყვეთ პოლიციის მიერ შემოთავაზებულ ვერსიასაც, 1 მოქალაქე, რაოდენ აგრესიულიც უნდა იყოს, პოლიცის შენობაში შესვლისას თავისუფლად შეიძლება მისი გაუვნებელყოფა, მისი აგრესიის შეჩერება ისე, რომ 11–მა პოლიციელმა სასტიკად არ ცემოს იგი,” – ამბობს ავალიანი.

 

წინასწარი პატიმრობა გიორგი ცომაიას 16 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე პრიმა მუხლით შეეფარდა, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ  ხელის შეშლას გულისხმობს.

 

გიორგი ცომაიას წინასასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს არის დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი