სამართალი

ახალი ექსპერტიზა კიწმარიშვილის საქმეზე “თვალით უჩინარი კვალის” აღმოსაჩენად

26 აგვისტო, 2014 • • 1356
ახალი ექსპერტიზა კიწმარიშვილის საქმეზე “თვალით უჩინარი კვალის” აღმოსაჩენად

როგორც ნეტგაზეთს გარდაცვლილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა, ექსპერტიზას “თვალით უხილავი კვალის შემოწმება” ეწოდება და ახლო მომავალში ჩატარდება:

“მანქანასთან დაკავშირებით კიდევ არის დეტალები, თვალით უხილავი კვალის შემოწმების ექსპერტიზა გვაქვს გასაკეთებელი. ახლახან შემთხვევის ადგილის დათვალიერება გადავწყვიტეთ ასეთი უხილავი კვალის აღმოჩენის მიზნით და იგივეს გაკეთება გვინდოდა მანქანაშიც. ეს ჯერჯერობით არც ერთ ეტაპზე არ გაკეთებულა და [პროკურატურასთან] შეთანხმებული ვართ, რომ მოგვეცემა ერთად მუშაობის საშუალება. ამან შეიძლება გამოავლინოს, იყო თუ არა სხვა ადმაიანი მანქანაში, და ასე შემდეგ… ვნახოთ, შეიძლება მოულდნელი რაღაცაც დაადგინოს”, – აცხადებს კიწმარიშვილი.

კიწმარიშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტ-ბალისტიკოსის, ზაზა ალთუნაშვილის თქმით, პირადად მას თავის დროზე ჩატარებულ მანქანის დათვალიერების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომ ახლა საუბარია კრიმინალისტიკური ტექნიკის გამოყენებით თვალით უჩინარი კვალის აღმოჩენის ექსპერტიზაზე, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში უნდა ჩატარდეს:

“კიდევ უნდა მოხდეს მანქანის დათვალიერება. ამაში ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. აქ კომპლექსურად ხდება დათვალიერება, რაღაცამ რაღაც უნდა გამორიცხოს, რაღაცამ უნდა დაადასტუროს რაღაც.

მოგეხსენებათ, ჩვენ ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილი დავათვალიერეთ დამატებით, იქიდან რაღაც კითხვები დაისვა, რაღაცები გამოირიცხა”, – აცხადებს სპეციალისტი და დასძენს, რომ ამ კითხვებს გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. უშუალოდ რა ახალი საკითხები გამოიკვეთა, ალთუნაშვილი არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საგამოძიებო მასალებია, რისი გასაჯაროებაც მას არ შეუძლია.

 

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაიცვალა, რის შემდეგაც უკვე თვენახევარი გავიდა, მიუხედავად ამისა, ალთუნაშვილი არ ფიქრობს, რომ ძიების პროცესი ზედმეტად გაიწელა. მისი თქმით, სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზის ჩატარება, ასევე, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები გარკვეულ დროს მოითხოვს. ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით კი, გამომძიებელი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის საქმეს იძიებდა, ამჟამად შვებულებაშია, ხოლო მისი შემცვლელი გარდაცვლილის კუთვნილი პლანშეტიდან, ასევე მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გაშიფვრითა და ანალიზითაა დაკავებული, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

 

ზურა კიწმარიშვილის თქმით, ოჯახი კვლავ არ იზიარებს თვითმკვლელობის ვერსიას და გამოძიების დასრულებას ელოდება.

 

“არაფერი არ შეცვლილა, ის, რომ ამ საკითხზე პრესაში ინფორმაცია აღარ ვრცელდება, არ ნიშნავს იმას, რომ ან ჩვენ შევიცვალეთ პოზიცია, ან გამოძიებამ დაასრულა მუშაობა. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ისევ მოლოდინში ვართ, გამოძიებასთან ისევ ვთანამშრომლობთ და მოვითხოვთ, რომ ყველაფერი ბოლომდე იქნას გამოძიებული. ჩვენ არ ვიცით შედეგები, არ ვიცით, რაზე მუშაობს გამოძიება, აქედან გამომდინარე, ვეღარაფერს ვამბობ. როცა მეცოდინება შედეგი, ჩვენს დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელებთ, რა გაკეთდა, როგორ, სად გაიცა ბოლომდე პასუხები და სად – არა”, – აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.

 

საქმეზე უკვე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზაც, რომლის შედეგიც ზურაბ ალთუნაშვილისთვის ცნობილია, თუმცა ამ საკითხზე საჯაროდ არ საუბრობს. ამბობს, რომ გამოძიების მასალებს ვერ გაახმაურებს. ამ საქმეზე არც პროკურატურაში საუბრობენ, სადაც აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება.


ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი