სამართალი

ნანა თეთრაძე: ვიმედოვნებ, ახალაიასთვის ბრალის წაყენება მხოლოდ წინასაარჩევნო პიარი არაა

3 ივლისი, 2014 • • 2109
ნანა თეთრაძე: ვიმედოვნებ, ახალაიასთვის ბრალის წაყენება მხოლოდ წინასაარჩევნო პიარი არაა

ნანა თეთრაძის თქმით, ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წარდგენას ისინი გამოძიების განახლების დღიდან ითხოვდნენ:

 

“მე ორჯერ ვკითხე ყოფილ პროკურორს, ბატონ კბილაშვილს, რატომ ზის ადამიანი ვაშლის გათლაზე, როცა ჩემი მეუღლე მკვდარია. მან ამიხსნა, რომ უპრიანი იყო საქმე გაყოფილიყო სამ შრედ, მესამე შრე იყო მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება. მე ველოდებოდი მისთვის ბრალის წაყენებას, მაგრამ ასეთი ვადები რატონმ აირჩიეს, ჩემთვის გაუგებარია”, – აცხადებს ნანა თეთრაძე. მისივე თქმით, ახალაიას ბრალეულობაზე მან სასამართლოზე დაკითხვისასაც ისაუბრა:

 

“მე მოწმედ როცა დამკითხეს, მაშინაც ვთქვი, რომ ჩემთვის იყო ცნობილი, როცა ჩემი მეუღლე აღარ იყო ცოცხალი, რომ ჩემს ქმარს აწამებდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ უშუალოდ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. ახლა მაქვს მოლოდინი, რომ  საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ საქმეს. მოვითხოვ სერგო თეთრაძის სახელის სრულ რეაბილიტაციას. სერგო თეთრაძისთვის სამხედროობა არ იყო უბრალოდ სამსხური, ის მუნდირს არ შეარცხვენდა და ჯაშუშობას რომ არ აღიარებდა თეთრაძე, ამაში ნამდვილად შეცდა ახალაია”, – ამბობს ნანა თეთრაძე.

 

ოჯახის ადვოკატის თქმით, ბაჩო ახალაიას ბრალეულობას არაერთი მოწმის ჩვენება ადასტურებს, თუმცა კბილაშვილის პროკურორობის დროს საქმეზე დასაკითხი რამდენიმე მთავარი მოწმე დასაკითხ პირთა სიიდან ამოიღეს;

 

“მთავარი მოწმეები მოხსნეს დასაკითხ პირთა სიიდან, ის პროკურორები კი, ვისაც უშუალოდ დაევალა ჯაშუშობის საქმის გამოძიება, კვლავ პროკურატურაში იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს, ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი იმისაც, რომ მეგის ქარდავა თეთრაძის წამების ნაწილში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო”, – აცხადებს ადვოაკტი. რაც შეეხება ახალაიასთვის ბრალის წაყენებას, მისი თქმით, ეს ახალაიას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვას არ უკავშირდება:

 

“მე ვერ დავუკავშირებ ამას 9-თვიანი ვადის ამოწურვას. პრკურატურამ ეს პოზიცია აირჩია და ჯერ უშუალოდ აღმსრულებლები მიეცნენ პასუხისგებაში, შემდეგ შუალედური რგოლი და ახლა უშუალოდ ისინი, ვინც ბრძანება გასცა”, – აცხადებს მაგდა კოტრიკაძე.

 

წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სერგო თეთრაძის საქმეზე ბრალი ბაჩო ახალაიას პროკურატურამ გუშინ, 2 ივლისს წარუდგინა. 

 

ნანა თეთრაძე, სერგო თეთრაძის ცოლი
ნანა თეთრაძე, სერგო თეთრაძის ცოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი