სამართალი

სერგო თეთრაძის ცოლის თქმით, დაკითხვის წინ მას მეგის ქარდავამ წერილი გაუგზავნა

3 ივლისი, 2014 • • 1766
სერგო თეთრაძის ცოლის თქმით, დაკითხვის წინ მას მეგის ქარდავამ წერილი გაუგზავნა

“მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის ამ წერილის წაკითხვა შეიძლება საკმაოდ ძნელი იყოს, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე თქვენთვის მომეწერა”, – წერს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა.

 

“ბრალდების მიხედვით თითქოს მე გავაკეთე იმ საშინელების ორგანიზება, რასაც პროკურატურა ამბობს, არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ეს სიცრუე ჯერ იყო წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი და ახლა იქცა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პიარის ნაწილად. პროკურატურის მიერ ხდება საქმის მასალების ფაბრიკაცია”, – აღნიშნულია წერილში.

 

მეგის ქარდავა აცხადებს, რომ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურის ბრალდებებს აბათილებს:

 

“მთელი ეს ბინძური მეთოდებით წარმოებული კამპანია მიმართული იყო არა პირადად ჩემი, არამედ ბაჩო ახალაიას და მისი თანაგუნდელების დისკრედიტაციისკენ და მიზნად ისახავდა თქვენი და მთელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც მე იმედს ვიტოვებ, რომ არ გამოუვათ, ვინაიდან სიცრუე და ცილისწამება დიდხანს ვერ იქნება დამალული და სიმართლე ყოველთვის გამჟღავნდება. მე ვიზიარებ იმ მოუშუშებელ ტკივილს, რომელიც თქვენ განიცადეთ და მჯერა, რომ მიუხედავად იმ აგორებული ცილისწამებისა, რომლებსაც ჩემთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებენ, დრო მოვა და თქვენ სიმართლეს გაიგებთ”, – წერს ქარდავა.

 

როგორც ნანა თეთრაძე აცხადებს, მისთვის ამ წერილის მიღება დაკითხვაზე გასვლამდე ერთი დღით ადრე მიმანიშნებელი იყო, რომ შესაძლოა თეთრაძის საქმეზე მეგის ქარდავას გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო. ნანა თეთრაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის და მეგის ქარდავას დამნაშავედ ცნობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ სტრასბურგში ჩივილს აპირებს. 

 

სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არარსებობის მოტივით.

 

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა  თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განახლდა გამოძიება.

 

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების  მონაწილეობით,  სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი