სამართალი

ახალი მთავრობის შსს დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას პირველად აქვეყნებს

20 ივნისი, 2014 • • 1307
ახალი მთავრობის შსს დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას პირველად აქვეყნებს

შსს–მ “ნეტგაზეთს” ეს მონაცემები შარშან ოფიციალური წერილის გაგზავნის შემდეგაც კი არ მიაწოდა. “ნეტგაზეთმა” შსს–დან 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა დეტალური სტატისტიკა ოფიციალურად შარშან აგვისტოში გამოითხოვა, რაზეც პასუხად მხოლოდ დაჯამებული რიცხვები მივიღეთ. დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში კი მონაცემები დანაშაულის ტიპის მიხედვითაა ჩაშლილი და ამ მონაცემების თანახმად დანაშაულის რაოდენობა 2014 წელს 2013–თან შედარებით 9.86%–ით არის შემცირებული.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს დანაშაულის 11 912 შემთხვევა დაფიქსირდა, შსს-ს ინფორმაციით, ამ დანაშაულის 66.59% გახსნილია.

ამავე დოკუმენტის თანახმად, გარკვეული სახის დანაშაული შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. მათ შორის იანვარი–მაისის პერიოდში თითქმის 50%–ითაა გაზრდილი ნარკოდანაშაულის რაოდენობა.

 

აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის 775 შემთხვევა, ნარკოტიკის შეძენა–შენახვის ან გასაღების 747 შემთხვევა, ასევე ნარკოტიკის კონტრაბანდის 28 შემთხვევა. ასევე, გაზრდილია ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის შემთხვევებს რაოდენობა, სულ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ 15–დან 11 შემთხვევა მაისის თვეში მოხდა.

შსს–მ ასევე აღრიცხა ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდის 3 შემთხვევა, 2013 წლის ამავე პერიოდში არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

ასევე აღრიცხულია 4 დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ, ასეთი დანაშაულის რაოდენობა შარშან ამავე პერიოდში ასევე 0 იყო.

 

შსს–ს დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს მათ გამოავლინეს ტერორიზმის 3 შემთხვევა, აქედან, მათივე დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ 1–ია გახსნილი.

 

27.67%–ითაა გაზრდილი ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები, მიმდინარე წელს 849 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

შსს–ს სტატისტიკის თანახმად, გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითმკვლელობამდე მიყვანას აქვს. მთლიანად მიმდინარე წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის 179 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც შსს–მ მხოლოდ 1 შემთხვევა გახსნა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სტატისტიკა ზუსტია და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალმა მოიმატა, სიმართლეს არ შეესაბამება:

 

“ის, ვინც ცდილობს, რომ მოახდინოს სამინისტროს დისკრედიტაცია, არის მიუღებელი ჩემთვის. თქვენ თვითონვე განიხილავთ სამინისტროს სტატისტიკას, შეხედავთ, გაუმჯობესებულია მდგომარეობა, კრიმინოგენული სიტუაცია, ნარკომანიის მიმართულებით, ყველა მიმართულებით  სტატისტიკა გაუმჯობესებულია. ეს არის დაზუსტებული, არანაირი ცდომილება არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ძალების მიერ პოლიტიკური ავანტიურისთვის შექმნან საზოგადოებაში განცდა, რომ კრიმინალმა მოიმატა ქვეყანაში. ეს არ შეესაბამება რეალობას. ეს არის კარგად გაწერილი ანტიპიარი სამინისტროს და ხელისუფლების მიმართ, რითაც საზოგადოებაში უნდათ განწყობის შექმნან, რომ ქვეყანაში არის კრიმინოგენული სიტუაცია დაძაბული”, – აცხადებს მინსიტრი.

 

ერთადერთი მონაცემი დანაშაულის დეტალური სტატისტიკური მონაცემების შესახებ ახალი ხელისუფლების პირობებში დღემდე ექსკლუზიურად ჰქონდა მოპოვებული “ნეტგაზეთს”. „ნეტგაზეთმა“ გასული წლის 12 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ჩვენ უწყებისგან 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე საქართველოში მომხდარი დანაშაულებების სტატისტიკა გამოვითხოვეთ. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, მაშინ გაირკვა, რომ დანაშაულის სტატისტიკა წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურად თავის ვებ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია. ბოლო მონაცემი დანაშაულის დეტალური სტატისტიკის შესახებ, რომელიც შსს-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 2011 წლის 31 დეკემბრითაა დათარიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი