სამართალი

საქართველოში ქალებს კლავენ! – არასამთავრობოების აქცია და შეხვედრა შსს-ში [Video]

6 ივნისი, 2014 •
საქართველოში ქალებს კლავენ! – არასამთავრობოების აქცია და შეხვედრა შსს-ში [Video]

“საქართველოში ქალებს კლავენ”, “შსს ქალზე ძალადობა კრიმინალია”, “შსს შეაკავე მოძალადე” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ შსს-სთან აქციის მონაწილეები. აქცია “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ გახშირებული მკვლელობებისა და ძალადობის მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობა გააპროტესტეს და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

“სახელმწიფო თვლის, რომ აქვს ეფექტური პოლიტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკა არ მუშაობს სათანადოდ, სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნებოდა ეს მკვლელობები. ამიტომ დროა, სახელმწიფომ აღიაროს ხარვეზები, თქვას, რომ უნდა გადახედოს პოლიტიკას, შეცვალოს და გააუმჯობესოს”, – განაცხადა აქციის მონაწილემ,  “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა.

 

“ჩვენ გვინდა, რომ გააქტიურდეს პოლიცია, ჩაერიოს ამ მკვლელობებში იმიტომ, რომ ყველა ეს მკვლელობა ხდება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე. ამ კონფლიქტის შესახებ პოლიციისათვის გაცილებით ადრეა ცნობილი, ვიდრე ეს დამთავრდება ასეთი ფატალური შედეგით. აუცილებელია, რომ პრევენციული ღონისძიებები გაატარონ. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პრევენცია შეუძლებელია და ამას ვერ დავეთანხმებით”, – აღნიშნა “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრმა ბაია პატარაიამ.


მისი თქმით, არსებული კანონმდებლობაც კი შეიცავს უამრავ მექანიზმს, რომელიც სწორედ ოჯახური კონფლიქტის პრევენციაზეა ორიენტირებული.

“ეს არის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებული ოჯახში დანაშაულის მუხლი, ეს არის ადმინისტრაციული პროცედურები, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოცემას გულისხმობს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ამოქმედდეს, ჩვენ გვინდა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადოს პელიციამ ამ თემასთან დაკავშირებით და ებრძოლოს ამ დანაშაულს ”.

აქციის მონაწილე, “საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოცოაციის” წარმომადგენელი სალომე ნამიჭეიშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური მუშაკები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ოჯახში ძალადობის შემთხვევების განხილვაში. ის ამბობს, რომ უნდა ამოქმედდეს მექანიზმი, რომელიც სოციალურ მუშაკებს ოჯახში ძალადობის დროს ჩარევის უფლებას მისცემს:

“სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ჩანაწერი სოციალური მუშაკების როლის შესახებ ამოქმედდეს აქტიურად. დღეს სოციალური მუშაკი არ ერევა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, თუ ოჯახში არ არის ბავშვი, ეს კი ქალებს ტოვებს ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ახლა ნელი ნაბიჯების დრო არ არის. ამ კუთხით სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გააქტიურდეს. სოციალური მუშაკები მზად ვართ, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ საკითხში”.

 

აქციის გამართვამდე შსს-ს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილე ბაია პატარაიამ განუცხადა “ნეტგაზეთს”, არასამთავრობოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პატრულმა უნდა გამოასწოროს მუშაობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, შსს-მ დაიწყოს კამპანია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და პოლიციელებს მისცეს მკაფიო დირექტივა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, ხოლო თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება დაიწყონ გამოძიება. პატარაიას თქმით, შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა ჩაერთოს უბნის ინსპექტორი, რომელიც თვალყურს ადევნებს კონფლიქტურ ოჯახებს, საიდანაც ხდება გამოძახებები ხშირად:

 

“რაც მთავარია, მსხვერპლთან ურთიერთობის დროს იყვნენ მსხვერპლის მხარეს და არა ისე, რომ მოძალადის მხარეს და მათი ციხიდან გადარჩენაზე იყოს ორიენტირებული. უნდა იყონ დაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული.”

შეხვედრა შსს-ში ოჯახში ძალადობის საკითხებზე
შეხვედრა შსს-ში ოჯახში ძალადობის საკითხებზე

 

პატარაიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიზიარა მათი პოზიციები და შეთანხმდნენ, რომ ერთი თვის შემდეგ სამუშაო შეხვედრა ისევ გაიმართება და უფრო კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებენ.

 

რაც შეეხება კითხვას, რატომ დაემთხვა ერთსა და იმავე დღეს შეხვედრა და აქცია, პატარაიამ უპახუსა, რომ შეხვედრა დაიგეგმა 27 მაისს, როდესაც შსს-ს წინ აქტვისტებმა პირველი აქცია მოაწყვეს. ხოლო შეხვედრის თარიღი შსს-მ ორი დღის წინ დააზუსტა:

 

“აქცია პოლიციაზე კი არის მიმართული, მაგრამ ცნობიერების ამაღლებას ეხება და ზოგადად საკითხის დაყენებას საჯარო სივრცეში. მათ შორის- პრესასთან. დახურულ კარს მიღმა შეხვედრები სხვა თემაა და ამ ორის ერთმანეთში არევა არ ღირს. პირველი გამოხმაურება მოყვა პირველ აქციას, ანუ აქვს მნიშვნელობა და შინაარსი ამ აქციების ჩატარებას”, – ამბობს პატარაია.

დღევანდელი აქციის მონაწილეებმა შს მინისტრის სახელზე პეტიცია შეიტანეს, რომელზეც 2 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვეს. ამ პეტიციით ისინი მოითხოვენ კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებას შსს-ს და პოლიციის მხრიდან, კერძოდ:

 

– შეიქმნას გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობას და საჭიროებებს;

 

– შეიქმნას სპეციალური განყოფილება შსს-ში, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობაზე;

 

– პოლიციელებმა აქტიურად გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები, როგორც დანაშაულის პრევენციის და მსხერპლის დაცვის ერთ-ერთი საშუალება;

 

– დანაშაულის ნიშნების არსებობისას, გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა და 11 პრიმა მუხლები და დაიწყონ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება. ნუ შემოიფარგლებიან სიტყვიერი გაფრთხილებებით;

 

– უბნის ინსპექტორებმა ყურადღება მიაქციონ ოჯახურ კონფლიქტებს და მოახდინონ პრევენციული ჩარევა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;

– შსს-მ შეიმუშაოს ყველა ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გაუწერს პოლიციელს, თუ როგორ მოახდინოს ოჯახში ძალადობის დანაშაულის იდენტიფიცირება და როგორ გამოიყენოს შემაკავებელი ორდერი ან სხვა ეფექტური საშუალება.


შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ თვეში საქართველოში 14 ქალი მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი