ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ბოლო 5 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
“პრობლემები და გამოწვევები არის ბევრი, განცხადებების რაოდენობა არის გაზრდილი. თუ გადავხედავთ განცხადებებს, ამ პერიოდში, 5 თვის განმავლობაში, ნახევარზე მეტი (52.2%) განცხადებების უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ასევე ასეულობით განცხადება უკავშირდება მოპყრობას, ცალკეული განცხადებები ეხება გადაყვანის საკითხს, როდესაც გაუმჭვირვალედ ხდება მსჯავრდებულთა გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაზეც მიდის მსჯელობა”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებების რაოდენობა გაიზარდა, ჯანმრთელობის პრობლემებზე პატიმართა მიმართვიანობის მონაცემები შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია:
“შეგიძლიათ ამოიღოთ სახალხო დამცველის შარშანდელი განცხადებები, როდესაც 80%–ზე მეტი ჯანმრთელობის საკითხზე იყო საჩივრები”, – აცხადებს თალაკვაძე. რაც შეეხება წერილების რაოდენობის გაზრდას, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს სისტემის გახსნილობამ გამოიწვია:
“როცა გარემო გახდა ლიბერალური და ადამიანებს აღარ ცემდნენ და აღარ აწამებდნენ საჩივრების გამო, რა თქმა უნდა, საჩივრებმა მოიმატა. საჩივრების რაოდენობაზე პირდაპირ მოქმედებს საჩივრებზე რეაგირების კულტურაც. თუ თქვენ საჩივრებზე რეაგირებთ, პრობლემებს აგვარებთ, საჩივარი ხდება რეალური მექანიზმი. მე თუ 3 საჩივარზე რეაგირება არ მაქვს, მეოთხეს აღარ გავაგზავნი, ზუსტად ამან გამოიწვია, ალბათ, ეს მცირეოდენი ზრდა”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
უჩა ნანუაშვილმა დღეს ისაუბრა სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემაზეც. გარდა იმისა, რომ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს აპრილის თვეში პრობლემები შეექმნათ მონიტორინგისას, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა შესაბამის ორგანოებთან და მოთხოვნილი ინფორმაციის 45%–ზე ისინი არასრულ პასუხს იღებენ.
გარკვეულ საკითხებზე არ ხდება სრული ინფორმაციის მოწოდება კონკრეტული საქმეების შესწავლის პერიოდში. იგივე ფარტენაძის საქმე, ეს არის ცნობილი საქმეები ძირითადად, რომელსაც ჩვენი ოფისი სწავლობს”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
არჩილ თალაკვაძე კი მიიჩნევს, რომ 45% დღევანდელი მდგომარეობით ადეკვატური რიცხვია:
“როდესაც შეკითხვას გზავნის ომბუდსმენი, ამ შეკთხვების ნახევარზე მეტზე იღებს სრულყოფილ პასუხს, ჩემი აზრით იმ მემკვიდრეობის პირობებში, რაც ჩვენ გვქონდა, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ძალიან ნორმალური მაჩვენებელია. მე თავად ვმუშაობდი ომბუდსმენის აპარატში და მახსოვს, რომ სრულყოფილი პასუხები კი არა, საერთოდ პასუხის მიღებაზე იყო პრობლემა. თუმცა თვითკმაყოფილებაში არავინ არ უნდა ჩავარდეს, რა თქმა უნდა, მომავალში ეს პროცენტი უნდა იყოს გაცილებით დაბალი”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ჯანმრთელობის დაცვის გარდა, პატიმართა ყველაზე მეტი საჩივარი გადაყვანას (10.4%) და მოპყრობას (10%) ეხება. როგორც ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ კვარაცხელია აცხადებს, ხშირ შემთხვევაში პასუხის მიღება ვერ ხდება პატიმართა გადაყვანის მოტივაციასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება არასათანადო მოპყრობისგან მსხვერპლთა დაცვას, ნიკოლოზ კვარაცხელიას თქმით, ესეც ერთ–ერთ პრობლემად რჩება:
“იყო შემთხვევა, კონკრეტულად სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, როდესაც პირი, რომელიც იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, იმავე დაწესებულებაში დატოვეს, სადაც მიუთითებდა, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ. მიუხედავად ჩვენი რეკომენდაციისა, რომ გადაეყვანათ, ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ეს პირი იქ მისივე უსაფრთხოების მიზნით იმყოფებოდა. ასევე გვქონდა შემთხვევები, როდესაც პატიმარმა გადათქვა პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის მიცემული ახსნა–განმარტებები, რაც ეჭვს ბადებს”, – აცხადებს ნიკოლოზ კვარაცხელია.
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პატიმართა უსაფრთხოებაზე გამოთქმული მოსაზრებები გადაჭარბებულია. მისი თქმით, ასევე მიზერულია საჩივრების მაჩვენებელი, რომელიც თანამშრომელთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რაც არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში მაღალი იქნებოდა:
“როდესაც ბევრს საუბრობენ უსაფრთხოებაზე, ეს ტალღა არის ხელოვნური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჩივრები 1.6%–ს არ აღემატება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დარღვევებზე და შესაძლო გადაცდომებზე თანამშრომლების მხრიდან, ხედავთ აქ, რომ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საჩივრები 0.4%–ს არ აღემატება, ეს პრაქტიკულად 0–ის ტოლია”, – აცხადებს თალაკვაძე.
მინისტრის მოადგილე ასევე გამოეხმაურა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერებულ ინიციატივას პრევენციის ალტერნატიული მექანიზმის არსებობის თაობაზე. თალაკვაძე ამბობს, რომ სამინისტრო ასეთი მექანიზმის არსებობის წინააღმდეგი არაა, თუმცა აუცილებელია გარკვეული დეტალების დაზუსტება:
“გარკვეული შეთანხმება კიდევ არის მისაღწევი, მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს ამ მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია, ეს უნდა იყოს სამინისტროს მიერ ლეგიტიმირებული, თუ უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე გამყარებული; საიდან უნდა მოხდეს ამ მექანიზმის დაფინანსება; რითი იქნება ის ალტერნატიული პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან შედარებით, რადგან პრევენციის ეროვნული მექანიზმი პრაქტიკულად სრულყოფილ მონიტორინგს აკეთებს, ის აკვირდება ყველა უფლების დაცვას სასჯელაღსრულების სისტემაში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ცუდი გამოცდილება, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, როდესაც მოხდა სწრაფად და ნაჩქარევად მონიტორინგის მექანიზმის შექმნა”, – აცხადებს თალაკვაძე.