„დიმიტრი დარბაისელი ცდილობს ბათუმში დაუკავშირდეს გიგას ახლობლებს და დაუახლოვდეს მათ. ის ცდილობს მკვლელობა მიჩქმალოს. ჩემთანაც მოვიდა დარბაისელი, ახლობელმა მოიყვანა. იცით რა მითხრა, სახლის ფუნდამენტს ჩაგისხმათ და ქირით გადაგიყვანთ, მეტი რა ვქნაო. დახმარება შემომთავაზა, სანაცვლოდ კი მთხოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარები არ გავაკეთოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნანი კომახიძემ, გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ბებიამ.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ოჯახისთვის დღემდე უცნობია. დაზარალებულად ცნეს გიგას ძმა, კობა ფარტენაძე. კობა ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარის, დიმიტრი დარბაისელისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ჯაბა მაღლაფერიძის ბრძანებით მისი ძმა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთავის ციხიდან გეგუთში გადაიყვანეს: „ის საკანში მოათავსეს ფსიქიკურად აშლილ, მკვლელობაზე გასამართლებულ ადამიანებთან».
გარდაცვლილი პატიმრის დედა მზია ნიქაბაძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხეს გიორგი კაჭარავა: „ის ჩემი შვილის მეგობარი იყო და სასამართლო პროცესზე, როგორც მოწმე, დუმილის უფლებით სარგებლობს. მოვითხოვ, რომ გამოძიებამ აალაპარაკოს. თუ ის სიმართლეს არ ამბობს, გამოდის, მკვლელობის თანამონაწილეა. დარბაისელი და მაღლაფერიძე მინდა, რომ დაისაჯონ».
გიგა ფარტენაძის ოჯახი მინისტრ სოზარ სუბარს სთხოვს, დიმიტრი დარბაისელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს, მთავარ პროკურორს კი მისი საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.
გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე პროკურატურამ სამი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ცნობით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულებს – შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამ საქმეზე პროკურატურამ შემდეგი განცხადება გაავრცელა: «შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს. აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, რა დროსაც გიგა ფარტენაძე გადაყვანილი იქნა №14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა».







