ის ამბობს, რომ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. ბრალდებულის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.
ბრალდებული ასლან აბაშიძის მთავრობაში ქედის ყოფილი გამგებლის, ელდარ დევაძის სისხლის სამართლის საქმეზე მთავარ მოწმედაა დაკითხული. საქმე ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. ამბობს, რომ მაშინ, 2004 წელს, ის შეცდომაში შეიყვანეს და ჩვენება არასწორად მისცა. 2014 წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჩვენების შეცვლის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა, ჩვენების შეცვლა მაინც გადაწყვიტა. თავად ელდარ დევაძე ძებნილია, რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. შესაბამისად, თუ ძიება შეცვლილ ჩვენებას გაიზიარებს, ელდარ დევაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, სავარაუდოდ, შეწყდება.
ბრალდებული, რომელმაც ჩვენება შეცვალა, 50 წლის სოციალურად დაუცველი ქალია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსამართლეს ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა სასამართლო პროცესზე წარუდგინა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული 20 დღის განმავლობაში 3 ათასი ლარის გადახდას ვერ მოახერხებს, მას დააპატიმრებენ.
სასამართლოში ადვოკატმა სხვა შუამდგომლობებთან ერთად, მოსამართლეს ბრალდებულის დახასიათება წარუდგინა – დახასიათება იმ ტაძრის წინამძღვრისა, სადაც განსასჯელი მსახურობს. ასევე საქმეში არსებობს ცნობა, რითაც დასტურდება, რომ განსასჯელი მძიმე სენით არის დაავადებული.
პროკურორმა რომან ბოლქვაძემ სასამართლო დარბაზში მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულმა შეგნებულად შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას. პროკურორმა დასძინა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის პატიმრობის ნაცვლად გირაოს – 10 ათასი ლარის გამოყენებას ითხოვს.
ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, ეს ზედმეტად მკაცრი მოთხოვნა იყო, რადგან: ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, მისი ჩვენების შეცვლით არავის მდგომარეობა არ გაუარესებულა (ყოფილი გამგებლის საქმე ჯერ კიდევ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია და განაჩენი არ არის გამოტანილი). ადვოკატის აზრით, იმის გამო, რომ ბრალდებული სოციალურად დაუცველია და არ აქვს თანხის გადახდის შესაძლებლობა, აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა შეფარდებოდა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, პროკურორმა მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ცხოვრობს მშობლებთან ერთად. პროკურორის აზრით, ბრალდებულმა სწორედ მშობლების უძრავი ქონებით უნდა უზრუნველყოს გირაოს საფასური.
სასამართლო დარბაზში ადვოკატმა პროკურორის ეს შუამდგომლობა შეაფასა როგორც „საგანგაშო მიდგომა“.
მხარეების ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბირო ოთახში გავიდა და ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ სოციალურად დაუცველ ბრალდებულს, რომელიც მძიმე სენით არის ავად და ჩვენების შეცვლას ედავებიან, აღკვეთ ღონისძიების ზომად გირაოს სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ელის.








