სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერთა უმეტესობისათვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელმიუწვდომელია სქესის კვლავ მინიჭებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება. ამის გარდა, დასახვეწია კანონმდებლობა, რომელიც სქესის დადასტურების პროცედურებს განსაზღვრავს.
“მნიშვნელოვანია, რომ არ არის რეგულირებული ამ სერვისის პროცედურული საკითხები. კერძოდ, არ არსებობს პროცედურის ჩატარების განმსაზღვრელი სტანდარტული წესი, რაც საერთო იქნებოდა აღნიშნული მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებებისათვის. ასევე, არ არის განსაზღვრული სქესის კვლავ მინიჭების პროცედურის ღონისძიებათა რიგითობა”,- ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის თქმით, ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან სამოქალაქო აქტების ჩანაწერში სქესის შეცვლისას, რაც, თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში.
სახალხო დამცველის ოფისის განმარტებით, საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ (მუხლი 78) განსაზღვრავს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს “სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა“.
თუმცა არ არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სამოქალაქო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის, ასევე არაა განსაზღვრული, ამ მუხლის მიზნებისათვის რა ითვლება „სქესის შეცვლად“, განმარტავს ომბუდსმენის 2013 წლის ანგარიში.
დამკვიდრებული პრაქტიკის საფუძველზე სქესის ლეგალურად შეცვლისათვის აუცილებელია სქესის კვლავმინიჭების სრული პროცედურის გავლა, ქირურგიულის ჩათვლით. 2011 წლის იანვრიდან დღემდე არ ფიქსირდება განცხადება სქესის შეცვლის მოთხოვნით. თუმცა, პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილს არ სურს სქესის შეცვლის ოპერაციის გავლა.
ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო არ ასრულებს ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის რეკომენდაციას „სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ“, რომელსაც საქართველოც შეუერთდა.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლებელი უნდა გახადონ ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და სქესის შეცვლა სწრაფი, გამჭვირვალე და ადვილად ხელმისაწვდომი გზით.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება რეკომენდაციის მიხედვით დაწესებულ მოთხოვნას. რეკომენდაციის 36-ე პუნქტის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული თანხების დაფარვისათვის სადაზღვევო პოლიტიკის მოწესრიგება, საქართველოში კი თავად ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ სრული ღირებულების დაფარვა.
31 მარტს მსოფლიოში ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ლგბტ აქტივისტების თქმით, მათ სურდათ თბილისში აღენიშნათ ეს დღე, თუმცა საჯარო სივრცეში დაცულობის დაბალი გარანტიების გამო ვერ შეძლეს.

![რატომ ვერ აღნიშნეს თბილისში ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე [ვიდეო] რატომ ვერ აღნიშნეს თბილისში ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/11/cms-image-000023399.jpg)






