სამართალი

მთავარი პროკურატურა თანამდებობის პირების გათავისუფლებაზე

10 იანვარი, 2014 • 1199
მთავარი პროკურატურა თანამდებობის პირების გათავისუფლებაზე

„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, გიორგი ნოზაძის მიერ ჩადენილი იქნა  პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი საქციელი. კერძოდ, სამუშაო საათებში ფოტოშოპის საშუალებით გაშარჟების მიზნით შექმნა კოლეგის  შეურაცხმყოფელი ფოტო, რასაც სამსახურში თანამშრომლებს  შორის  ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც  სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა,  იგი ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები,  არ ფლობდა  გამოძიების, კანცელარიის და ინტრანეტის  ელექტრონულ პროგრამებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება. 

 

აქვე, მთავარი პროკურატურა მოკლედ  წარმოგიდგენთ მონაცემებს მთავარ პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ:

 

2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში (მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი) საქართველოს მთავარ პროკურატურაში  დაინიშნა 335 ახალი მუშაკი: მათ შორის= 153 პროკურორი, 49 გამომძიებელი, სამსახურიდან გათავისუფლდა 97თანამშრომელი, საიდანაც  59 იყო პროკურორი, 6- გამომძიებელი.  თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 1 პროკურორი.

 

2013 წლის 21 ნოემბრიდან 2013 წლის 30 დეკემბრამდე (მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე)  პერიოდში  დაინიშნა    25 ახალი  თანამშრომელი,  მათ შორის- 9 თანამდებობის პირი, 3 პროკურორი, 5 გამომძიებელი, რომელთაგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოყვანილ იქნა 5 გამომძიებელი. სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა 29 თანამშრომელი, მათ შორის, 17 თანამდებობის პირი, 12 პროკურორი და გამომძიებელი. 


გათავისუფლებული თანამდებობის პირებიდან 2 თანამშრომელი იყო მოვალეობის შემსრულებელი და მათ კონკურსი არ გაუვლიათ. 2 თანამდებობის პირის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება, ისინი გათავისუფლდნენ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 2 თანამდებობის პირი გათავისუფლდა პირადი განცხადებით, ხოლო რაც შეეხება  11 მაღალი თანამდებობის პირს, მათთვის  შეთავაზებული  იქნა ალტერნატიული თანამდებობები, რაზეც უარი განაცხადეს.

 

12 პროკურორიდან და გამომძიებლიდან 3 პროკურორი გათავისუფლდა პირადი განცხადებით, 1- საპენსიო ასაკის გამო, ხოლო 5 პროკურორსა  და 3 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მინდინარეობდა სამსახურებრივი შემოწმება და, შესაბამისად, მათი გათავისუფლება მოხდა დისციპლინური ზომების გამოყენების საფუძველზე.

 

ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პროკურატურიდან გათავისუფლებულ პირებს უფლება აქვთ გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში.

 

მოვუწოდებთ გათავისუფლებულ პროკურორებს, თავი შეიკავონ მასმედიის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. მთავარი პროკურატურა  აქტიურად გააგრძელებს ყველა და განსაკუთრებით რეზონანსული საქმეების გამოძიებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი