სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ციხეებში მოშიმშილე 1000–ზე მეტი პატიმრიდან ნაწილი სწორედ ამ მუხლის გაუქმების მთხოვნით შიმშილობს. პატიმართა ერთი ჯგუფის შიმშილობა 2 კვირაზე მეტია გრძელდება, გეგუთის ციხეში კი 909 პატიმარმა შიმშილობა გუშინ დაიწყო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 2231 მუხლი 2006 წლის 28 აპრილს დაემატა, რომლის თანახმად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო კანონიერი ქურდობა შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რასაც შესაძლოა ჯარიმაც დაემატოს.
იურისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონის ეს მუხლი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კონკრეტული პირების დევნისთვის გამოიყენებოდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან საბრძოლველად სისხლის სამართლის კოდექსში ამაზე უფრო ეფექტური მუხლი არ მოიძებნება.
სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ არსებობენ პატიმრები, რომლებიც ამ მუხლის გამოყენებით უსამართლოდ იხდიან სასჯელს, თუმცა უჩა ნანუაშვილი ამ მუხლის გაუქმებას ან შეცვლას საჭიროდ არ მიიჩნევს:
“შეიძლება არსებობდეს კონკრეტული საქმეები, როდესაც ადამიანები არასწორად არიან გასამართლებულები ამ მუხლით და ისინი არ არიან ქურდული სამყაროს წევრები, მაგრამ დღეს დისკუსია ან გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, არ უნდა მოხდეს. ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან უნდა გაგრძელდეს და ამ მხრივ ის პოზიცია, რაც ეკავა წინა ხელისუფლებას, უნდა შენარჩუნდეს”, – აცხადებს სახალხო დამცველი. მისივე თქმით, ამ მუხლის შეცვლის მოთხოვნას მხოლოდ რამდენიმე პატიმრისგან შემდგარი ჯგუფი აყენებს.
ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კანონის შეცვლას მხოლოდ პატიმართა მცირე ნაწილი ითხოვს, ადასტურებს ნანა კაკაბაძეც, ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი. ის მიიჩნევს, რომ ეს მუხლი პრობლემური და დაუსაბუთებელია, ხოლო ხელისუფლება ამ საკითხზე მსჯელობას თავს არიდებს:
“ეს მუხლი არ არის დასაბუთებული, იქ არ არის დაკვალიფიცირებული, რა შემთხვევაში შეიძლება პირის დაპატიმრება, რა კონკრეტული დანაშაულით უნდა მოხდეს პირის დევნა ამ მუხლის საშუალებით, ეს იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამ მუხლით დღეს ქალებიც სხედან ციხეებში, პროკურორიც, გამომძიებელიც, ამიტომ ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ამ მუხლს იყენებენ პოლიტიკური ნიშნით”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძის აზრს იზიარებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი გია ტაბლიაშვილიც, რომელიც ამ საკითხზე მომზადებული დასკვნის ერთ-ერთი ავტორია:
“ყველა საქმე, რაც სასამართლოში ამ მუხლით წარიმართა, აბსოლუტურად სამარცხვინო იყო. თავისუფლად შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც არ მოსწონთ, გაასამართლონ ამ მუხლით. ამ მუხლში მითითებული მთხოვნები, რომლებიც თითქოსდა ქურდული სამყაროს წევრობას და კანონიერ ქურდობას უნდა ახლავდეს, ყველა ეს დათქმა – მუქარა, ძალადობა, შანტაჟი, გამოძალვა, სისხლის სამართლის კოდექსში დამოუკიდებელი მუხლების სახითაა მოცემული. ჩემი მოსაზრება იმას არ ნიშნავს, რომ მე ქურდული სამყაროს მომხრე გამოვდივარ, მაგრამ ქურდული სამყაროს წევრის დასჯა თუ უნდათ, ამისთვის არსებობს სხვა მუხლები”, – აცხადებს გია ტაბლიაშვილი.
223–ე პრიმა მუხლი პრობლემურად არ მიაჩნიათ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. როგორც საიას იურისტი მაია ხუციშვილი აცხადებს, მუხლი საკმაოდ კარგად იკითხება, ხოლო ქურდული სამყაროს და მისი მიზნების განმარტება ნათლადაა მოცემული “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში”.
ამ კანონის თანახმად, ქურდული სამყარო არის “ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება”, ხოლო ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
“კონკრეტული მუხლი კონკრეტულ გარემოებას განსაზღვრავს, ეს არის სპეციალური ნორმა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შენ ახორციელებ რაღაც საქმიანობას, იღებ მონაწილეობას გარჩევებში და ა.შ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, იტალიაშიც არის ანალოგიური მუხლი და ისეთი ტიპის სახელმწიფოებშიც, სადაც ასეთი ტიპის დაჯგუფებები არსებობდა, მე არ ვიცი, რომელ სხვა მუხლზე საუბრობენ იურისტები, როდესაც ამბობენ, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც გათვალისწინებულია”, – აცხადებს მაია ხუციშვილი.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული მუხლის გადახედვა არ იგეგმება:
“ჩვენ ამ წუთში არ გვაქვს გეგმაში ამ ინსტიტუტის გადახედვა, კანონიერი ქურდობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს და დამარცხდეს საქართველოში იმისთვის, რომ საქართველო შედგეს თანამედროვე ტიპის ცივილიზებულ სახელმწიფოდ”, – აცხადებს წულუკიანი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2231 მუხლით ამ დროისთვის სასჯელს 107 პატიმარი იხდის, მათ შორის 54–ს სხვა დანაშაულშიც ედება ბრალი. სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, მოშიმშილეთაგან რამდენი პირია უშუალოდ ამ მუხლით გასამართლებული.