სამართალი

მერაბიშვილი: ივანიშვილის ვერცერთი მოწმე ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას ვერ მისცემს

22 ნოემბერი, 2013 • • 1226
მერაბიშვილი: ივანიშვილის ვერცერთი მოწმე ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას ვერ მისცემს

“ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მოწმის არა მარტო ჩვენება, არამედ კითხვებზე პასუხებიც ჰგავს ერთმანეთს. პროკრუატურის ყველა შეკითხვაზე ერთი და იგივე პასუხია, ყველა ჩვენს შკითხვაზე ანალოგიური პასუხია, არც შეფასებებში და არც გრძნობებშია განსხვავება და პროკურატურას მივმართავ შუამდგომლობით, რომ ასეთი ტიპის მოწმეების რაოდენობა შეამციროს,”- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, სასამართლო პროცესის გახანგრძლივება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხელისუფლება ვილნიუსის სამიტს ელოდება, შესაბამისად, იქ მიღებული მითითებებით გადაწყვეტს მომავალში როგორ იმოქმედოს. 

ვანო მერაბიშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა:

“მე არ ჩამოვთვლი ყველა იმ გარემოებას, რომელიც განახორციელა პროკურატურამ და ქუთაისის სასამართლომ ჩემ წინააღმდეგ, მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩემ წინააღმდეგ პროკურატურამ გადაწყვიტა 4 ათასამდე მოწმე წარმოადგინოს. რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის უსუსურობის აღიარება, მან გადაწყვიტა 4 ათას ადამიანს ამოეფაროს და შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ როგორ შეიძლება ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი იყოს უდანაშაულო, როცა 4 ათასი ადამიანი მათ წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. სამწუხაროდ, ქუთაისის სასამართლომ დაუმტკიცა პროკურატურას 4 ათასი მოწმის დაკითხვა და გადაწყვიტა ამით, რომ თუ პროკურატურა ამოეფარა ამ მოწმეებს, სასამართლოსაც ჭირდება თავდაცვითი მექანიზმი და ჩვენი დღევანდელი მოსამართლე შანსს არ უშვებს, რომ ყოველდღიურად დანიშნოს სხდომა, რათა 4 ათასი თუ არა, 300 მოწმე მაინც გამოვიდეს აქ და ამ მოწმეებს ამოეფაროს.

აქამდე დაკითხული მოწმეებიდან არც ერთს მიუცია ზურას და ჩემ წინაააღმდეგ ჩვენება და რამდენი ადამიანიც არ უნდა მოვიდეს აქ, ვინც არ უნდა მოიყვანოს ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა, ვერც ერთი ადამიანი მისცემს ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას და ამაში დარწმუნდებით. თქვენი მცდელობა, ამოეფაროთ საქართველსო მოქალაქეებს, აწვალოთ ისინი, უშედეგოდ დასრულდება. 

მე ვიცი, რატომ გადაწყვიტეთ ჩემი დევნა. თქვენ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ხართ, რომ ვერც მე და ვერც ზურას ვერ გაგვტეხთ, იმიტომ, რომ იცით, იმდენად გეშინიათ თქვენ ჩვენი, რომ ასეთი ტიპის ბრძოლით აპირებთ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლას. მაგრამ მთავარი, რის გამოც ეს გაკეთდა, არის ის, რომ თქვენ გინდათ დააშინოთ ჩვენი რიგითი მხარდამჭერები, მათ გაუჩინოთ განცდა, რომ თუ ვანო მერაბიშვილს არ შეუძლია სიმართლის პოვნა, თუ ვანო მერაბიშვილს ყოველდღიურად ატარებენ ქუთაისსა და თბილისს შორის, თუ დაამცირებენ, თუ ისინი ვერ პოულობენ სიმართლეს დღევანდელ საქართველოში და მსოფლიოში, მაშინ მე, რიგით მხარდამჭერს ვინ დამიცავს, როგორ შევძლებ ჩემი სამოქალაქო უფლებების დაცვას?

 

რა თქმა უნდა, ჩემთვის დისკომფორტია თბილისიდან ქუთაისში სიარული, რა თქმა უნდა, მე მაქვს შეზღუდული არა მარტო სისტემატიური დასწრება ამ სასამართლო სხდომებზე, არამედ თვით დასწრების დროსაც სრულფასოვნად დავკითხო ყველა მოწმე. სიმართლე გითხრათ, პრაქტიკულად მოწმეების დაკითხვის მოტივაციაც არ მაქვს, ვინაიდან არც ერთი მოწმე არც ერთ განცხადებას არ აკეთებს ჩემი და ზურას წინააღმდეგ”, – განაცხადა მერაბიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს და მეგობარს:

 

“მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ჩემთან ერთად ხარჯავს დიდ ენერგიას, დროს, ფულს, რესურსებს და ესწრება ამ სასამართლო სხდომებს, მე დარწმუნებული ვარ, ამ სხდომებზე ვერავინ მოისმენს მოწმეთა ჩვენებებს ჩემი და ზურას წინააღმდეგ,” – აღნიშნა მერაბიშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი